ევროპული სარაგბო სათასო ტურნირების მესამე ტურის პირველ დღეს ერთბაშად ორი ქართული ლელო დაიდო და ორივეს ავტორი მორკინალი გახლდათ. საინტერესოა, რომ მილტონ ჰეიგის მიერ ორივე მათგანი დაწუნებულ-დაიგნორებული იყო. ნიკოლოზ ხატიაშვილისა და ლექსო ყაულაშვილზე ვამბობთ.

ორივე 27 წლისაა, ორივე უნივერსალი ბურჯია – სულ ერთია, რომელ პოზიციაზე დაჭირდებიან თავთავიანთ გუნდებს, შერკინების პირველი ხაზის მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. კიდევ ის აერთიანებთ, რომ ორივე პროფესიონალად საფრანგეთში ჩამოყალიბდა და თუ ნიკა „ორიაკში“ მიღებული გამოცდილება და ცოდნა სუპერ რაგბის იაპონურ ფრენჩაიზში, „სანვულვზში“ და შემდეგ რუსულ „ენისეიში“ გადასვლისთვის გამოიყენა, ლექსომ „ლა როშელის“ სკოლა გამოიარა და დღესდღეობით საფრანგეთის ტოპ 14-ის ერთ-ერთი ლიდერის, „ბორდოს“ ღირსებას იცავს.

ლექსოსგან განსხვავებით, ნიკას გარკვეული სანაკრებო გამოცდილება აქვს და ალბათ, ყველას ახსოვს, რა კარგად ჩაერთო ხატიაშვილი არგენტინასთან შარშანწინდელი ტურნეს მსვლელობისას. მაგრამ მას მერე ნაკრების დამრიგებელს ნიკა აღარც გახსენებია. ლექსოს შემთხვევა კი განსხვავებულია. ეს მორაგბე საფრანგეთში გადასვლის შემდეგ ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას და ნაკრებში მოხვედრასაც ლამობდა, მაგრამ რაღაც ვერ აეწყო და უკვე კარგა ხანია იძახის, რომ მზადაა სამშობლოს ემსახუროს…

მოკლედ, პარასკევს „ენისეიმ“ ჩელენჯ კაპის მატჩში ფრანგულ „კასტრს“ უმასპინძლა და 12:28 დამარცხდა. ხატიაშვილმა თავისი გუნდის მეორე ლელო მიითვალა, როცა ციმბირელთა ხანგრძლივი შტურმი ენერგიულად დააგვირგვინა. ეს მე-60 წუთზე მოხდა, ხოლო ახალგაზრდა რუსმა მგეზავმა ალექსანდრ ბუდიჩენკომ უმარტივესი პოზიციიდან ვერ გარდასახა. არადა კრასნოიარსკელები ინიციატივასაც ფლობდნენ და გააფთრებით უტევდნენ კიდეც, თუმცა მაინც დამარცხდნენ. საინტერესოა, რომ იმ მომენტში, როცა ნიკას ლელო გაჰქონდა, „კასტრის“ 3 მორაგბე სინბინში იყო, ხოლო მათი დამსჯელი რეფერი ხატიაშვილის სეხნია ნიკა ამაშუკელი გახლდათ, ვისაც ასისტენტობას შოთა თევზაძე და შოთა აბულაშვილი უწევდნენ. თუ ქართველობაზეა საუბარი, ბარემ ისიც დავამატოთ, რომ მოედანზე 76 წუთის გამტარებელი ხატიაშვილის გარდა „ენისეიში“ შეუცვლელად ითამაშეს მიხეილ გაჩეჩილაძემ და დავით მესხმა და ცხადია, მატჩისშემდგომ „მესამე ტაიმზე“ ზემოთ ჩამოთვლილ ქართველებთან ერთად „ენისეის“ კიდევ ერთმა ქართველმა, სახელოვანმა ბორჯღალოსანმა დავით კაჭარავამაც მოილხინა (იხ. ფოტო).

ლექსო ყაულაშვილმა კი „აჟენს“ გახურებაც არ აცალა, ისე სწრაფად დაალელოვა. ეს შეხვედრის მეორე წუთზე მოხდა და ლექსოს ლელომ „ბორდოს“ შთამბეჭდავ გასვლით გამარჯვებას დასაბამი დაუდდო. საბოლოო ანგარიში – 3:73 და სასიამოვნოა, რომ ბორდოელთა ამ წარმატებაში ლაშა ტაბიძემაც დაიდო წვლილი, რომელმაც მსუბუქად დაშავებული ყაულაშვილი 35-ე წუთზე შეცვალა, და ბექა გორგაძემაც, ვინც შეუცვლელად ითამაშა და გუნდის მიერ დადებული 11 ლელოდან მინიმუმ ნახევრის თანაავტორი იყო.