დღეს ინგლისური მას-მედიის მთავარ თემად მაურისიო პოჩეტინო და „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” მისი არეული მდგომარეობა იქცა. „დეილი მეილი” წერს, რომ არგენტინელ მწვრთნელს შესაძლოა მალე ჩრდილოლონდონური კლუბიდან წასვლა მოუხდეს, ვინაიდან „დეზების” დიდ შეფებს მისი აღარ სწამთ.

პოჩეტინო მეექვსე სეზონია, რაც „სფურზში” მუშაობს, მაგრამ ამჯერად მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო: 12 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა.

პოჩეტინო ის კაცია, რომელმაც გასულ სეზონში „ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ათამაშა, მაგრამ შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელის საკონტრაქტო საკითხი ვერ მოაგვარა და, როგორ ამბობენ, სწორედ ამან დაატრიალა „ტოტენჰემ ჰოთსფურ სთედიუმზე” ჩარხი უკუღმა. კერძოდ სამი ფეხბურთელი, კრისტიან ერიკსენი, ტობი ალდერვეირელდი და იან ვერტონგენი ვერც ახალ კონტრაქტზე დაიყოლია და ვერც გაყიდა. არადა, სამივეს მიმდინარე სეზონის ბოლოს გაუდის ხელშეკრულების ვადა.

დღეს, კლუბის ბევრი თანამშრომელი სამსახურში ყოფნისას თურმე ცხადად ხედავს, რომ პოჩეტინოს საქმე ბოლოსკენაა: „თუ წავა” კი არა, „როდესაც წავა”.

არგენტინელი მწვრთნელის ლონდონური კონტრაქტი 2023 წლმადეა, მაგრამ „დეზების” ცხოვრებაში ჩახედულმა ერთ-ერთმა ადამიანმა პრესას უთხრა, გამორიცხულია ის კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩესო.

შაბათს, 23 ნოემბერს, „სფურზს” ლონდონური დერბი ელის „ვესტ ჰემთან” და თურმე პოჩეტინიოს ბედი დიდად იქნება მის შედეგზე დამოკიდებული. „დეზებს” პრემიერლიგაში იანვრის შემდეგ არ მოუგიათ და კლუბის ხელმძღვანელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამას პოჩეტინო ვეღარაფერს უშველის.

მიმდინარე სეზონში პოჩეტინო გუნდისგან უფრო გარიყული ყოფილა ვიდრე შარშან და თავმჯდომარე დენიელ ლევისთანაც ურთიერთობა სულ უფრო და უფრო უფუჭდებაო.

თუ გახსოვთ, არგენტინელმა გასული სეზონის ბოლოს, „ლივერპულთან” ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ თქვა, თუ გავიმარჯვებთ, გუნდიდან წავალო, დამარცხების შემდეგ კი იყო ლაპარაკი, რომ მას კიდევ ხუთი წლით უნდა დარჩენა.

საკითხს რასაკვირველია ფინანსური მხარეც აქვს – პოჩეტინო წელიწადში 8,5 მილიონ გირვანქას იღებს და მისი გაშვება დიდი კომპენსაციის გადახდასთან იქნება კავშირში.