ტონი კროოსმა რეჟისორ მანფრედ ოლდენბურგის მიერ მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „ბაიერნი“ გააკრიტიკა.
„მიმეორებდნენ, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი და ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, მაგრამ თამაშით არ მათამაშებდნენ. მაშინ, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მეტს ვიმსახურებდი“. — ასე იგონებს ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული თავის პირველ მიუნხენურ პერიოდს, 2007-2009 წლებს.
2009-2010 წლებში „ბაიერნმა“ კროოსი იჯარით „ლევერკუზენში“ გაუშვა, მაგრამ დიდად არც იქიდან დაბრუნებული დაუფასებია. ფილმში, რომელიც გერმანიის კინოეკრანებზე 4 ივლისს გამოვა, 29 წლის ვარსკვლავი იგონებს, რომ მიუნხენის კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებიდან ათ წუთში მიხვდა, რომ შეცდა.
„ხელმოწერის დროს კარლ-ჰაინც რუმენიგემ მითხრა: — ბიჭოს, ახლა უკვე ძალიან კარგი კონტრაქტი გაქვს. ასეთი პირობების პატრონი ცოტა უკეთ უნდა ათამაშდე“ — ამბობს „რეალის“ ნახევარმცველი, რომელსაც „ლევერკუზენიდან“ მიუნხენში დაბრუნება დიდად არც უნდოდა.
ბრიგიტ კროოსი, ტონის დედა: „ლევერკუზენში გაცილებით უფრო შინაურული გუნდი იყო. ბიჭები მეგობრობდნენ, მწვადის შესაწველად დადიოდნენ. მათ ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ“.
ტონის მეუღლე ჯესიკა: მას და „ბაიერნს“ ურთიერთობა არ აეწყოთ“.
2014 წელს, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ, ტონი კროოსი „რეალში“ გადავიდა, რადგან მან მიუნხენის კლუბთან ახალი პირობებზე საერთო ენა ვეღარ გამონახა.
„ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, რომელიც ფილმში ფეხბურთელს საყვედურობს, რომ მან, 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პენალტის დარტყმა ვერ გაბედა, იმავდროულად აღიარა, რომ მისი იოლად გაშვება შეცდომა იყო.
„ტონი სუპერ-მოთამაშეა, მაგრამ ამქვეყნად არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც მარტო შეძლებს ყველაფერს. კლუბებს კი ხანდახან რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება იყო კროოსის გაყიდვა. ალბათ, შევცდით“, — ამბობს ფილმში ჰიონესი.
„რეალის“ თავკაცი ზინედინ ზიდანი კი კატეგორიულია, პირიქით რომ ყოფილიყო, ტონი კროოს „ბაიერნს“ არავითარ შემთხვევაში არ მივყიდიდიო.
„და საბოლოოდ, რაც მოხდა უკეთესი გამოდგა როგორც „რეალისთვის“, ასევე ფეხბურთისთვის“, — ამბობს ზიდანი.