ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი

ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი

გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის სამშაბათის შეხვედრები. ჩამოვთვალოთ ამ დღის თვალშისაცემი ამბები:

უპირველეს ყოვლისა „პარი სენ ჟერმენის“ მიერ „ვილიარეალის“ სტუმრად (6:0) განადგურება აღვნიშნოთ და მადლობა ვუთხრათ ესპანური გუნდის მწვრთნელს ინიგო პერესს იმისათვის, რომ ჟორჟ მიქაუტაძე მოედანზე მხოლოდ 63-ე წუთზე შეიყვანა, როდესაც ანგარიში უკვე 5:0 იყო. ამის გამო ქართველ თავდამსხმელს ამ მარცხს ვერავინ დააბრალებს. უნდა აღინიშნოს, რომ მე-17 წუთზე პარიზელები უკვე 4:0-ს იგებდნენ ანუ არსებითად ყველაფერი იმთავითვე დამთავრებული იყო.

პსჟ-თან და „რეალთან“ წაგების შემდეგ „ბარსელონამ“ ფორმა აღიდგინა და „ასტონ ვილას“ 3:0 აჯობა. ბირმინგემელებს აქამდე ჩემპიონთა ლიგის სამივე შეხვედრა მოგებული ჰქონდათ. ვინ ვინ იყო ამ შეხვედრაშიც პირველივე წუთებზე გაირკვა – მე-7-ეზე ლამინ იამალმა გახსნა ანგარიში, 52-ე და 64-ე წუთებზე კი რაფინიამ ორი მიაყოლა. სტატისტიკოსების ცნობით ამ ორმა ბარსელონელმა მიმდინარე სეზონში ერთად 32 გოლი გაიტანა (19 ბრაზილიელმა და 13 ესპანელმა).

გამოიღვიძა „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელსაც ზედიზედ 9 შეხვედრაში არ მოეგო. მაიკლ კერიკის ქვეშევრდომები მეათე ვერ-მოგებასთანაც ახლოს იყვნენ – მე-17 წუთზე „რომა“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში, 58-ე წუთზე ჯერ ბრუნო ფერნანდეშმა პენალტით შეამცირა სხვაობა, ხოლო მერე (83-ე და 86-ე წუთებზე) მატეუს კუნიამ ორი გოლიც დაამატა და „იუნაიტედს“ სამი ქულა მოუტანა. „რომას“, შეიძლება ითქვას, თავს იგივე გადახდა, რაც 14 ოქტომბერს „რეალთან“ შეხვედრაში, როდესაც 3:!-ს იგებდა და 3:4 წააგო.

„ბაიერნის“ 18 წლის ნახევარმცველი ლენარტ კარლი ბოლო დროს კლუბის ხელმძღვანელობამ არ დაინდო და აკრიტიკა, მაგრამ ბიჭმა კრიტიკოსებს მოედანზე გასცა პასუხი. „რეკორდმაისტერმა“ „ატლეტიკოს“ 2:0 მოუგო. ანგარიში 54-ე წუთზე სწორედ კარლმა გახსნა, რომელმაც „ატლეტიკოს“ მცველის შეცდომით ისარგებლა. 74-ე წუთზე მეორე გოლი ავსტრიელმა მცველმა კონრად ლაიმერმა შეაგდო. შედეგად, „ბაიერნი“ მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში კვლავაც დაუმარცხებელია, მადრიდელებს კი ზედიზედ 9 თამაში არ წაეგოთ (8 მოგებული ჰქონდათ) და… ბედმა უმტყუნათ.

პირველი ორი ხელმოცარვის შემდეგ „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა – სტუმრად „ფეიენოორდი“ დაამარცხა 3:0.

ფრანგულმა „ლილმა“ პირველი ქულა მოიპოვა – სამი მარცხის შემდეგ სტუმრად „ბოდო/გლიმტთან“ 0:0 ითამაშა. „ლილისთვის“ ეს ქულა დიდი შვების მომტანი ვერ იქნება, რადგან ოთხი ტურის შემდეგ 46 გუნდიან ცხრილში 34-ე ადგილზეა.

„სპორტინიგი“ ახალ მწვრთნელს ელის, ახალი მწვრთნელი კი „ლიონიდან“ სწორედ ლისაბონში გადასვლის მიზნით გაქცეული პაულუ ფონსეკაა. ფონსეკას მოლოდინში პორტუგალიელებმა „შახტარს“ 1:0 მოუგეს. ამ გამარჯვების წყალობით „სპორტინგს“ მეთექვსმეტედფინალში პირდაპირ მოხვედრაზეც შეუძლია ფიქრი.

„გალათასარაიმ“ ორი კვირის წინ საფრანგეთში მოუგო „ლილს“ (4:2), ახლა კი ზედ „შტუტგარტიც“ დააყოლა. მე-12 და მე-15 წუთებზე გოლები რუსმა ნახევარმცველმა ალექსეი ბატრაკოვმა გაიტანა. სხვათა შორის, ბატრაკოვის შეძენა ადრე „პარი სენ ჟერმენს“ უნდოდა. ის მხოლოდ 21 წლისაა.

და ბოლოს, იაია ტურეს პირველი ჩემპიონთალიგური გამოცდილება მწვრთნელის რანგში მძიმე გამოდგა – „სლოვანმა“ LASK-თან 0:4 წააგო. ბრატისლაველები 0 ქულით ბოლო ადგილზე არიან.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.