გიორგი ხარშილაძე დაკარიდან სარბიელისთვის
დაკარში ხან ძალიან ცხელა, ხან — გაუსაძლისად. აქაურ ამინდზე საუბრისას განსხვავებას ძირითადად ამ ორ მდგომარეობას შორის ვეძებთ. ატლანტიკის ოკეანეც ხშირად ბობოქრობს. ჩვენ კი ამ ყველაფრის ფონზე შეჯიბრებებს, მუშაობასა და ყოველდღიურ გადაადგილებას ვუთავსებთ.
ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ადგილი მედია სივრცეა. ყველაფერი კარგადაა ორგანიზებული, კონდიცირებაც გამართულად მუშაობს. ამ სიცხეში ეს ისეთი დეტალია, რომლის აღნიშვნაც აუცილებლად ღირს.
ოლიმპიურ სოფელში სპორტსმენებს ოთახებში ვენტილატორები უდგათ. მათ დასვენება და მომდევნო სტარტისთვის მომზადება ამ პირობებში უწევთ. ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენებს არა – ყველას აწუხებს. კარგიც არის, ბავშვები კვებით კმაყოფილები არიან და სოფელში შესანიშნავი შემეცნებით-გასართობი სივრცეცაა: აქ ტრავმის პრევენციას გაეცნობი, სუფთა სპორტის წესებზე შეიტყობ, ფეხის ბილიარდს ითამაშებ და კიდევ მრავალ აქტივობას შეხვდები. ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის შეჯიბრებებს შორის გასატარებელი დრო საინტერესო და სასარგებლო საქმეებითაა შევსებული.
შეჯიბრებებზე კი პირველი სამი დღე უკვე გავიარეთ. საქართველო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უმედლოდაა.
ყველაზე დიდი მოლოდინი ძიუდოში გვქონდა და გულიც ყველაზე მეტად იქ დაგვწყდა. ვაჟა გენგაშვილმა გამოსვლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ქართული ძიუდოს წარმატებებს ისე ვართ მიჩვეული, რომ მედლის იმედი თითქმის თავისთავად მოგვყვება. დაკარში ამ იმედს შედეგი ვერ დაემთხვა.

უშუში კი მედლის მოლოდინი თითქმის არ გვქონდა. გვანცა ქარჩავამ მეოთხე ადგილი დაიკავა და იქამდე სამი დღე თავისი ამბებით გვაცხოვრა.
პირველ დღეს მის შედეგსა და ფინალში მოხვედრის შანსს ვითვლიდით. მეორე დღეს ფინალის საგზური მოვიპოვეთ. მესამე დღის დილას გვანცა უკვე მესამე ადგილზე იყო და ბრინჯაოს იმედიც გაჩნდა. დღის მეორე ნახევარში მეოთხე პოზიციაზე დარჩა.
ბოლოს გული ერთად დაგვწყდა — მასაც და ჩვენც.
მანაც იტირა და ჩვენც.
უშუ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იყო წარმოდგენილი. ჩვენთვის ამ დებიუტს გვანცას სახელი და მისი სამი გამოსვლით სავსე დღე დაუკავშირდა. რამდენიმე დღის წინ ამ სახეობაზე გაცილებით ნაკლებს ვფიქრობდით; ახლა კი მეოთხე ადგილის გამო გულდაწყვეტილები ვართ.

ამ ამბებს შორის დროის მნიშვნელოვანი ნაწილი გზაშიც გადის. თამაშები სამ ქალაქში — დაკარში, დიამნიადიოსა და სალიში — მიმდინარეობს. ისინი ერთმანეთისგან საკმაო მანძილითაა დაშორებული და დღის დაგეგმვისას შეჯიბრებების დაწყების დროს მგზავრობის დროც უნდა მიუმატო.
დაკარსა და დიამნიადიოს თანამედროვე მატარებელი აკავშირებს. ეს ხაზი 2021 წლიდან მუშაობს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ოთხი თვის წინანდელი ვიზიტის შემდეგ ქსელს კიდევ ერთი მონაკვეთი შეემატა — სექტემბერში ხაზი დიამნიადიოდან აეროპორტამდეც გააგრძელეს.
ჩვენ ამჯერად დაკარსა და დიამნიადიოს შორის ვიმგზავრეთ. შატლმა სადგურთან მიგვიყვანა, მატარებელში კი ჩვენთვის ორი ვაგონი გამოყვეს. ამ ვაგონებში ადგილობრივებს არ უშვებდნენ. ჩვენ და მათ შორის ჯარისკაცები იდგნენ. იმ ნაწილში, რომელსაც ვხედავდი, ადგილი ჭირდა, ჩვენთან კი თავისუფალი სივრცე იყო. ერთ ქალს ზურგზე პატარა ბავშვი ჰყავდა მიკრული. აქ პატარებს ხშირად ასე ატარებენ. ჯარისკაცებს ვთხოვეთ, ქალი გამოეტარებინათ, რომ ჩვენთან დაგვესვა. ნება დაგვრთეს. სხვა ვაგონებში რა ხდებოდა, არ ვიცი. იმ მონაკვეთში კი, რომელსაც ვხედავდი, ჩვენი თავისუფალი სივრცე და ადგილობრივების სივიწროვე ერთმანეთთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა.
მატარებელი ნამდვილად კომფორტული იყო. დანიშნულების ადგილამდე მაინც გაორებული განცდით მივედი.

ქუჩაში ადგილობრივები რომ გვხედავენ, ხშირად გვესმის: „Welcome to Senegal!“ — კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სენეგალში. ეს მისალმება აქაურ ყოველდღიურობას სასიამოვნოდ დაჰყვება.
საყიდლებზე კი ყურადღებაა საჭირო. ფრანგებმა გაგვაფრთხილეს: ოლიმპიურ ტერიტორიაზეც კი, ერთსა და იმავე მაღაზიაში, ერთსა და იმავე პროდუქტს სხვადასხვა დღეს სხვადასხვა ფასი შეიძლება ჰქონდესო. ამიტომ ფასისთვის თვალის შევლება და დაზუსტება უბრალო შენაძენის დროსაც გვიწევს.
დაზუსტებას ზოგჯერ ენობრივი სირთულეც ახლავს. ჩვენს ყოველდღიურ ურთიერთობაში ფრანგული აშკარად დომინირებს, ინგლისური კი ბევრს უჭირს. მისალმების შემდეგ საუბრის გაგრძელება უკვე უფრო რთულია. ამ დროს ხელ-ფეხის მოშველიება გვიწევს. ხშირად — წარუმატებლად.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/11/2026 | 00:23ერთი აფრიკული ოქრო
აქეთურ-იქითური09/11/2026 | 21:32… ათვლა ჭიდაობით დაიწყო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 22:00დაკარის დღიური – სიცხე და ორი ვაგონი
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 21:15დაკარმა ცეცხლი დაანთო
