სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?

სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?

„ეს ჩვენი სტილი არ არის!“, – უპასუხა დომინიკ სობოსლაიმ იმ ადამიანებს, რომელთაც თქვეს, რომ „ლივერპულისა“ და „არსენალის“ შეხვედრაში (0:1) ალექსანდერ ისაკი თეატრალურად უნდა წაქცეულიყო, რათა მათ სასარგებლოდ მსაჯს პენალტი დაესაჯა. სობოსლაის „ლივერპულის“ სტილთან დაკავშირებით უპასუხეს, მაგრამ მანამდე ხსენებული ეპიზოდი გავიხსენოთ:

„ლივერპულის“ სასარგებლოდ პენალტი მართლა უნდა დანიშნულიყო. საკამათო ეპიზოდში ისაკი რომ წაქცეულიყო და გაპროტესტება დაუწყო, VAR აუცილებლად ჩაერეოდა, თუმცა ტექნოლოგიებით დატვირთულ ოთახში ამის გარეშეც ვალდებულები იყვნენ ეპიზოდი გადაემოწმებინათ. VAR სწორედ ამიტომ მოიგონეს. ენდი მედლისთვის მოედანზე, ეპიზოდის მსვლელობისას დარღვევის შემჩნევა რთული იყო, მითუფრო, რომ ისაკმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არბიტრს საერთოდ არ მიანიშნა, რომ მის წინააღმდეგ თამაშის წესს არღვევდნენ.

მერსისაიდელთა მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ მატჩის შემდეგ თქვა, რომ ის აუცილებლად აუხსნის ისაკს, თუ რა უნდა გააკეთოს მომავალში, ასეთ სიტუაციებში.

ვირჯილ ვან დაიკმა VAR გააკრიტიკა, – 50 კამერაში იყურებოდნენ და დარღვევა როგორ ვერ დაინახესო, ზემოთ ნახსენებმა სობოსლაიმ კი ასე თქვა: „ვერ გავიგე რას ელიან ჩვენგან. „ყვინთვას“? ჩვენ არ ვართ ის გუნდი და ფეხბურთელები, რომლებიც ასეთ ხერხებს მიმართავენ, თუმცა მომავალში შეიძლება მოგვიწიოს. ალექსი რომ წაქცეულიყო პენალტი უეჭველად დაინიშნებოდა. ტიმბერს ბურთისთვის ბრძოლა გულშიც არ გაუვლია. ის, რომ ალექსის მაისურს არ ჩაბღაუჭებოდა, ისაკი ალბათ გოლს გაიტანდა. ამ ეპიზოდში ჩვენ პენალტი არ მოგვცეს, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. თქვენ გაინტერესებთ უნდა ვიყოთ თუ არა უფრო გაქნილები? ეს ჩვენი სტილი არ არის. არ მგონია, რომ მსგავს სათამაშო სიტუაციებში ფეხბურთელი უნდა ფიქრობდეს: ახლა მე ვინმეს შეხებას დაველოდები, რომ საჯარიმოში წავიქცე. ასეთ სიტუაციებში ფეხბურთელი ბურთს უყურებს და მისი კარში შეგდება უნდა. თუ შენ მას ამ დროს ზურგში ხელს ჰკრავ, ის გოლს ვერ გაიტანს, ის ამას ვერ მოახერხებს და ასეთ დროს უნდა დაინიშნოს პენალტი“.

სობოსლაის ამ სიტყვების საპასუხოდ შეახსენეს იმავე შეხვედრის 79-ე წუთი, როდესაც არსენალელი ნონი მადუეკე შუბლზე ოდნავ შეეხო მის არგენტინელ თანაგუნდელს, „ლივერპულის“ ნახევარმცველ ალექსის მაკალისტერს, ის კი, გეგონება ძლიერად დაარტყესო, მოცელილივით დაეცა. ეს ეპიზოდი ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ გაფორმება და სიმულაცია დიახაც არის „ლივერპულის“ სტილი და იმის თქმა, რომ „წითლები“ ამას არ კადრულობენ, ტყუილია.

მერსისაიდელთა ყოფილმა ვარსკვლავმა და მიმომხილველმა ჯეიმი კარაგერმა თქვა: „კიდევ კარგი ამ ეპიზოდში მადუეკე მოედნიდან არ გააძევეს. ჩვენ ასეთი ეპიზოდების მიმართ მტკიცე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და ვამბობდეთ: ეს სამარცხვინოა! დროა ასეთ ქცევას ბოლო მოეღოს. ამის მოთმენა შეუძლებელია. თუ ფეხბურთელი თავს მოიქნევს და მოწინააღმდეგეს სახეში დაარტყამს ის რასაკვირველია უნდა გააძევონ, მაგრამ ხშირად საკმარისია ფეხბურთელებმა ერთმანეთს თავები ახლოს მიუტანონ და ერთი მეორეს სულ ოდნავ შეეხოს, რომ ის მეორე მოცელილივით ეცემა. ფეხბურთში, კერძოდ კი პრემიერლიგაში, როგორც თავად ფეხბურთელები, ასევე გულშემატკივრები ასეთი საქციელის გამო თავისიანებს უნდა აკრიტიკებდნენ. მე „ლივერპულის“ გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ვამბობ, რომ ის, რაც მაკალისტერმა გააკეთა, უბრალოდ სასაცილოა“.

კიდევ ერთმა ვეტერანმა ფეხბურთელმა და ექსპერტმა გარი ნევილმა სამარცხვინო უწოდა არსენალელ გაბრიელ მაგალიაეშს, რომელმაც იმ შეხვედრაში ამავე სტილის სპექტაკლის დადგმა სცადა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.