B ლიგის დონის გუნდი

B ლიგის დონის გუნდი

უნგრული საიტი nemzetisport.hu წერს, რომ ერთა ლიგაში ჩატარებული ორი შეხვედრის შემდეგ უკვე შეიძლება რეალისტური სურათის შექმნა იმის შესახებ თუ რა დონეზეა დღეს მათი ქვეყნის ნაკრები. ვფიქრობთ, საქართველოს მომდევნო მეტოქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

წერილი იწყება იმის აღიარებით, რომ B ლიგის ეს ჯგუფი (უკრაინა, ჩრდილოეთ ირლანდია და საქართველო) კლასის მიხედვით უნგრეთის ნაკრებისთვის ზედგამოჭრილია. სტატიის ავტორის აზრით იქ არ არის უნგრეთზე მნიშვნელოვნად ძლიერი გუნდი, რომელიც მას 5:0-ს ან 4:0-ს მოუგებს, როგორც ეს წინა გათამაშებაში გერმანიამ და ჰოლანდიამ შეძლეს. აქ უნგრელებს დიდი ანგარიშით წაგება არ ემუქრებათ.

ძალთა თანასწორობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ უკრაინასთან (0:1) და ჩრდილოეთ ირლანდიასთან (0:0) შეხვედრებში ბურთის ფლობაში უპირატესობა მცირედ, მაგრამ უნგრელებისა იყო და შეტევების რაოდენობაც დაახლოებით თანაბარი გამოვიდა. დაახლოებით ტოლი იყო ფეხბურთელების მიერ გარბენილი მანძილის რაოდენობაც (უკრაინელებმა ირბინეს უნგრელებზე 600 მეტრით მეტი, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიელებმა 300 მეტრით ნაკლები). კარში უნგრელებმა და ჩრდილოეთ ირლანდიელებმა ერთმანეთს ათ-ათჯერ დაურტყეს, უკრაინასთან  კი უნგრელებმა ხუთი დარტყმით მეტი შეასრულეს. მოგებული დუელების რაოდენობა უკრაინასთან იყო 46:48, ჩრდილოეთ ირლანდიასთან კი – 47:41. რაც შეეხება ბურთის მეტოქის საჯარიმოში შეტანას, ამ მაჩვენებლით უნგრეთმა ორივე მეტოქეს აჯობა. ერთი სიტყვით, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ორივე შეხვედრაში ერთმანეთს დაახლოებით ერთნაირი ძალის გუნდები ეთამაშებოდნენ.

შემდეგ საიტი სვამს კითხვას: თუ სტატისტიკა თანაბარი იყო და ზოგ რამეში უნგრეთი მეტოქეებს სჯობდა კიდეც, რატომ აქვს მას ორი თამაშის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა ანდა რატომ ვერ გაიტანა თუნდაც ერთი გოლი? ამ კითხვაზე პასუხი თავდასხმაში გამოვლენილი დაბალი ეფექტურობაა: უნგრელები კარისკენ მეტოქეებზე მეტს არტყამდნენ, მაგრამ კარის ჩარჩოში ვერ უმიზნებდნენ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ – უკრაინასთან ორი გოლის გატანა შეეძლოთ, ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთის.

დავაზუსტოთ: ამ შეხვედრებში სახიფათო მომენტების სიმრავლე ნამდვილად არ ყოფილა, ასეთ დროს კი სწორედ ის არის მთავარი, რომ რაც შექმენი უნდა გამოიყენო.

შემდეგ საიტი იხსენებს ადრინდელ შეხვედრებს, როდესაც უნგრეთის ნაკრებს გოლები ნახევარმომენტებიდანაც გაჰქონდა და ასკვნის, რომ აქ თავისი უარყოფითი როლი ბარნაბას ვარგას და რონალდ შალაის არყოფნამაც ითამაშა – ეს ორი ფეხბურთელი (პირველი ათენის აეკიდან და მეორე სტამბოლის „გალათასარაიდან“) პირველ ოთხ შეხვედრაში მწვრთნელ მარკო როსის ვერ დაეხმარება. არადა, ვარგას საბერძნეთის მიმდინარე ჩემპიონატში 9 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი. ერთი სიტყვით, ეს ორი რომ ყოფილიყო უნგრეთის ნაკრები სავარაუდოდ ჩრდილოეთ ირლანდიასთან ხუთი მეტრიდან არ ააცილებდა.

გარდა ზუსტი დარტყმებისა საიტის აზრით უნგრეთის გუნდს ფლანგზე თამაშის პრობლემაც ჰქონდა. ბელფასტში 17 ჩაკიდებიდან ადრესატამდე მხოლოდ 3 მივიდა. ამის გამო თავით დარტყმების რაოდენობა იყო 1.

შემდეგ მოდის კუთხურების და საჯარიმო დარტყმების სიზუსტე. ადრე როგორც ერთი ასევე მეორე უნგრეთის ნაკრების კოზირი იყო, ამ ორი შეხვედრაში კი 41 ჯარიმიდან ერთი სახიფათო მომენტიც ფაქტობრივად არ შექმნილა. კუთხურთან დაკავშირებული პრობლემა კი ისაა, რომ რაკი გუნდი მეტოქეს ზეწოლის ქვეშ ვერ აქცევს, კუთხურების რაოდენობამაც იკლო. აქ საყვედური ჯარიმების დამრტყმელსა და კუთხურების ჩამწოდებელს დომინიკ სობოსლაისაც ეკუთვნის. მან 16 ჯარიმა-კუთხურიდან თანაგუნდელებს მხოლოდ 5 მიაწოდა, მაგრამ… დასარტყმელი სიტუაცია ყველაზე ხშირად მაინც მისი პასებიდან იქმნებოდა. ორივე შეხვედრაში თამაშიდან 6 საკვანძო პასი ანუ გადაცემა რომელსაც კარში დარტყმა მოჰყვა, სობოსლაიმ შეასრულა.

ეს ყველაფერი შეტევის შესახებ. ახლა დაცვაზე: ორ შეხვედრაში მეტოქემ 19-ჯერ დაარტყა უნგრეთის ნაკრების კარში. მათგან უკრაინელებმა 6 დარტყმა საჯარიმო მოედნის შიგნიდან განახორციელეს, ჩრდილოეთ ირლანდიელებმა კი – 5. ეს სტატისტიკა თითქოს შემაშფოთებელი არ უნდაიყოს.

უნგრეთის დაცვამ ყველაზე უხეში შეცდომა უკრაინის ნაკრების გოლის დროს დაუშვა, როდესაც დანილო სიკანი საჯარიმოში სრულიად უმეთვალყურეოდ დარჩა.

რაც შეეხება მეკარე ბალაშ ტოთს, მან ორ შეხვედრაში 8 დარტყმა მოიგერია. თუ დავამატებთ იმასაც, რომ რამდენიმე უნგრელ მცველს ერთად არასდროს უთამაშია, მწვრთნელი მარკო როსი უკანა ხაზის თამაშით წესით კმაყოფილი უნდა იყოს.

და მაინც, ეფექტურობის ასამაღლებლად საიტის აზრით საჭიროა უნგრეთის ნაკრების დაცვა თავდასხმას მეტად უნდა დაეხმაროს. ასე მაგალითად მარცხენა მცველი მილოშ კერკეზი „ლივერპულში“ გაცილებით თამამად მიდის შეტევაში, ვიდრე ნაკრებში – მან ორ შეხვედრაში 8 ჩაწოდებიდან მხოლოდ 2 მიაწვდინა თანაგუნდელს. მარჯვენა მხრიდან კი ბენდეგუზ ბოლამ და ატილა ოსვათმა ორ შეხვედრაში 6-ჯერ ჩააწოდეს, რომელთაგან 3 ჩაკიდება ზუსტი იყო, თუმცა ბოლას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უკრაინელებთან სამი ისეთი პასიც გადააწოდა, რომელთაც დარტყმა მოჰყვა. კერკეზმა ასეთი სიტუაცია მხოლოდ ერთხელ შექმნა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.