მესი ფინალშია!

მესი ფინალშია!

ოთხი წლის წინ ლეო მესის ზღაპარი თითქოს დასრულდა ― 35 წლისამ ბრწყინვალე კარიერას ტორტზე მარწყვივით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაადო და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაიმკვიდრა ადგილი.

ოთხი წლით ადრე ხალხს, მათ შორის თავად მესის გარემოცვაში, ეგონა, რომ ლეომ თავისი ფინალი უკვე ითამაშა და კარიერას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარეშე დაამთავრებდა.

გუშინ, 39 წლის არგენტინელმა ინგლისის ნაკრების 2:1 დამარცხებაში ორი საგოლე პასით გადამწყვეტი წვლილი შეიტანა და თავისი ქვეყნის ნაკრები ზედიზედ მეორედ გაიყვანა მუნდიალის ფინალში.

დღისათვის ესპანეთის ნაკრებთან ფინალის წინ მესი კილიან მბაპესთან ერთად ტურნირის საუკეთესო თანაბომბარდირი და საგოლე პასის ავტორთა ჩამონათვალში მაიკლ ოლისეს (6) შემდეგ მეორეა (4).

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მატჩის შემდეგ თქვა: „ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. არ ვიცი კიდევ რა უნდა გააკეთოს ეს რომ დაამტკიცოს. ესპანელების აბსოლუტურ უმრავლესობას ის უყვარს“.

BBC-ს სტუდიაში ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და ექსპერტმა მაიკა რიჩარდსმა თქვა: „არგენტინელებს ლიონელ მესი ჰყავთ. მათ ჰყავთ GOAT (Greatest of All Time) – ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ყველაფერი მომენტზეა დამოკიდებული. ჩვენ გვეგონა, რომ დღეს ჯუდ ბელინგემის ან ჰარი კეინის მომენტი დადგებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და სწორედ ამიტომ არის მესი მეფე“.

„ბარსელონასა“ და „პარი სენ ჟერმენის“ ყოფილი ვარსკვლავი გუშინ პირველად შეხვდა ინგლისის ნაკრებს. ნერვიულ პირველ ტაიმში, რომელიც მეტწილად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა, ვეტერანი ხეირიანად სულ ერთი-ორჯერ შეეხო ბურთს, მაგრამ შესვენების შემდეგ, როდესაც ენტონი გორდონმა ანგარიში გახსნა, არგენტინა გამოცოცხლდა. ინგლისი დაცვაში ჩაიკეტა. მათმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა გუნდში მცველების რაოდენობა გაზარდა და დარჩენილ 35 წუთში ბურთის ფლობის 88% სამხრეთამერიკელების იყო. მესი კი მარჯვნივ გადაბარგდა და გაიბრწყინა.

არგენტინის ნაკრების მეკარე ემილიანო მარტინესი: „ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მესის მარჯვენა ფრთაზე გადასვლას ჰქონდა“.

მესიმ ამ შეხვედრაში ცხრა დრიბლინგი და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ორი საგოლე პასი შეასრულა. 1966 წლის შემდეგ ითვლიან და დაადგინეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ფლეი-ოფის შეხვედრებში ამდენი დრიბლინგი არავის შეუსრულებია. მატჩში, რომელიც ატლანტაში ჩატარდა, ინგლისის მთელმა ნაკრებმა სულ შვიდი დრიბლინგი მოახერხა.

მესი მეტოქის საჯარიმოში შვიდჯერ შეეხო ბურთს. ამდენჯერ შეეხო ბურთს არგენტინელთა საჯარიმოში ყველა ინგლისელი ერთად.

მესიმ ცხრაჯერ ჩააწოდა საჯარიმოში მაღალი ბურთი.

და როგორც უკვე ორჯერ აღვნიშნეთ, მან ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. პირველი გოლი 85-ე წუთზე ენცო ფერნანდესმა გაიტანა, ხოლო მეორე მსაჯის წამატებულ წუთებში ლაუტარო მარტინესმა შეაგდო.

მაიკა რიჩარდსი: „ის მოედანზე დასეირნობს, მაგრამ როდესაც ბურთი ფეხში უვარდება – ფეთქდება. გენიოსი თამაშში ერთვება და ეს დიდ განსხვავებას ქმნის“.

ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინი: „შეხვედრის დიდი მონაკვეთების განმავლობაში ჩვენ მის მეურვეობას თავს კარგად ვართმევდით, მაგრამ ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სახიფათო ფეხბურთელი, როდესაც მას ბურთი მიუვიდოდა, ხიფათს ქმნიდა. ის რასაკვირველია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა“.

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე ლეო მესი მუნდიალების საუკეთესო ბომბარდირი გახდა – 21 გოლი აქვს შეგდებული. ამ 21 გოლიდან 15 მან 35 წლის ასაკის შემდეგ გაიტანა(!). არგენტინელმა 7 გოლი 2022 წელს შეაგდო, ხოლო 8 ამ ზაფხულს. დღეისათვის ბომბარდირთა დავაში ის და ფრანგი კილიან მბაპე ლიდერობენ. მესის ესპანეთთან ფინალი დარჩა, ხოლო მბაპეს ინგლისთან მატჩი მესამე ადგილისთვის. თუ მესი და მბაპე შეჯიბრებას გოლების თანაბარი რაოდენობით დაასრულებენ, მაშინ „ოქროს ბუცი“ მეტი საგოლე პასის ავტორს გადაეცემა. ამ წუთისთვის ეს გახლავთ არგენტინელი, რომელსაც 4 საგოლე პასი აქვს შესრულებული, მბაპეს კი – 3.

არადა, 2016 წელს მესიმ სანაკრებო ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ მას მერე ორჯერ „კოპა ამერიკა“ ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.