როდესაც „კრისტალ პალასის“ თავმჯდომარემ სტივ პერიშმა 2023 წლის მიწურულს ოლივერ გლასნერი გაიცნო, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს კაცი მისი კლუბის ისტორიას შეცვლიდა. პერიში და გლასნერი ერთმანეთს მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა დუგი ფრიდმენმა წარუდგინა. ფრიდმენი გლასნერს კარგა ხანს აკვირდებოდა და მოსწონდა როგორ იმუშავა მან „ვოლფსბურგსა“ და „ფრანკფურტში“.
იმხანად „პალასს“ როი ჰოჯსონი წვრთნიდა, მაგრამ გულშემატკივარი ცვლილებას ითხოვდა. როგორც ამბობენ თავმჯდომარეს ერჩივნა ძველი მწვრთნელი პრემიერლიგაში გამოცდილი კაცით შეეცვალა, თუმცა ავსტრიელში რაღაც ისეთი დაინახა რამაც აზრი შეაცვლევინა. ჰოჯსონი მომდევნო წლის თებერვალში გადადგა. ამ დროისთვის გლასნერის მისაყვანად ნიადაგი უკვე შემზადებული იყო.
და ორწელიწადნახევრის მერე გლასნერის ხელმძღვანელობით „კრისტალ პალასმა“ კონფერენციის ლიგის ფინალში „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა (1:0, გოლი51-ე წუთზე ჟან-ფილიპ მატეტმა გაიტანა). უტიტულო კლუბის მიღწევების გრაფაში ევროპული ჯილდო ჩაიწერა.
გლასნერისთვის განსაკუთრებით წარმატებული ბოლო ერთი წელიწადი გამოდგა, როდესაც სამხრეთ ლონდონელებს ფეხბურთის ასოციაციის თასი და „ქომუნითი შილდი“ ანუ ინგლისის სუპერთასიც მოაგებინა.
შეგახსენებთ, კიდევ ერთ ისტორიას: როდესაც წინა სეზონის ბოლოს „კრისტალ პალასმა“ ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტის“ 1:0 მოუგო, გულშემატკივარი ელოდა, რომ „სელჰარსტ პარკზე“ ევროპის ლიგის მატჩებს დაესწრებოდა, მაგრამ გაირკვა, რომ ამერიკელი ბიზნესმენი ჯონ ტექსტორი „არწივების“ გარდა „ლიონსაც“ ფლობდა, რის გამოც უეფამ „პალასი“ კონფერენციის ლიგაში გადაიყვანა. ასეთი დარტყმის მიუხედავად „კრისტალ პალასმა“ თავი არ დახარა და სეზონი იმით დაიწყო, რომ „ქომუნითი შილდზე“ „ლივერპულს“ პენალტებით მოუგო – კიდევ ერთი ეგრეთწოდებული დიდი ჯილდო მოიპოვა.

გასაოცარია, მაგრამ ამის შემდეგ, კერძოდ კი საახალწლოდ გუნდი კრიზისში აღმოჩნდა: ახალი წლის წინ ლონდონელებმა ყველა შეჯიბრებაში ერთად ზედიზედ 12 შეხვედრაში ვერ მოიგეს, რის გამოც პრემიერლიგაში ხუთეულიდან გასავარდნთა ზონისკენ ჩაცურდნენ, კონფერენსლიგაში რვა გუნდში ვერ შევიდნე,ნ რის გამოც დამატებითი ფლეი-ოფის თამაში მოუხდათ, ფეხბურთის ასოციაციის თასიდან კი ნონ-ლიგის „მაკესფილდმა“ გამოაგდო. იანვარში ამას დაემატა გლასნერის განცხადება, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებდა. მიზეზი: „პალასმა“ მარკ გეჰი გაყიდა, რის გამოც გლასნერმა პერიში საჯაროდ გააკრიტიკა. თავმჯდომარემ მწვრთნელს ემოციურობა აპატია, რაც ბრძნული გადაწყვეტილება გამოდგა, რადგან სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ უთანხმოებები ორივემ ხუმრობაში გაატარა. „რაიო ვალეკანოსთან“ გამარჯვების შემდეგ კი ავსტრიელმა თქვა:
„ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩემი ბოლო თამაში იყო. „კრისტალ პალასის“ ისტორიის წიგნში ერთი დიდი თავი ჩავწერეთ. მწამს ასეთივე კარგი თავები კიდევ წინ არის. მახსოვს, ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალის წინ ბიჭებს ვუთხარი, გადით და რასაც იმსახურებთ ის მოიპოვეთ-მეთქი. დღეს, ერთი წლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კლისტალ პალასი“ იქ არის სადაც უნდა იყოს“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/05/2026 | 09:24კვარა: ვფიქრობ, ხანდახან ზედმეტ ემოციას გამოვხატავ
აქეთურ-იქითური28/05/2026 | 07:49გლასნერის სასწაული
აქეთურ-იქითური27/05/2026 | 11:17ბრძოლა სკამისთვის…
აქეთურ-იქითური27/05/2026 | 10:19ამბობენ, რომ ინგლისელების და ესპანელების ჩხუბი გერმენლებმა დაიწყეს
