ალბათ მაინც ალონსო

Home აქეთურ-იქითური ალბათ მაინც ალონსო
ალბათ მაინც ალონსო

Xabi Alonso, Liverpoolალისონ ბეკერი კიდევ ერთი წლით რჩება „ლივერპულში’’. რას ნიშნავს ეს? დარჩება გიორგი მამარდაშვილი „ენფილდზე’’ და იჯდება სკამზე თუ მოძებნის კლუბს სადაც თუნდაც იჯარის წესით ითამაშებს ერთი სეზონის განმავლობაში? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, „ლივერპულში’’ კი სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ მწვრთნელის არნე სლოტის გაშვებასა და მისი შემცვლელის მოძებნაზე. სადღეისოდ ჰოლანდიელის შეცვლის ყველაზე დიდი შანსი მერსისაიდელთა ყოფილ ვარსკვლავს ჩაბი ალონსოს აქვს.

ალონსო რამდენიმე თვის წინ „რეალს’’ ედგა სათავეში, საიდანაც გაუშვეს. ჯერჯერობით ის ისვენებს, მაგრამ მედიაში ინტენსიურად დაიწყეს წერა, რომ მის კანდიდატურას „ლივერპულის’’ ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს. სასურველ კანდიდატთა სიაში ჩაბი ალონსო უსწრებს იულიან ნაგელსმანსა და ლუის ენრიკეს. თუ ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტისა და კულუარულ სატრანსფერო ამბავთა მცოდნის გრემ ბეილის ცნობას ჭეშმარიტებად მივიღებთ, ალონსო 2026-27 წლების სეზონში საქმიანობის განახლებას აპირებს.

სლოტის მოხსნისა და ალონსოს მიყვანის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ „ფინვეი სპორტს გრუპის’’ აღმასრულებელ შეფს ანუ ფაქტობრივად „ლივერპულის’’ ბოსს მაიკლ ედვარდსს ესპანელის დანიშვნა ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდოდა, მაგრამ მაშინ არ გამოუვიდა და იძულებული გახდა თანამდებობა სლოტისთვის ჩაებარებინა.

ბოლო ტურში „ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში „ბრაიტონთან’’ წააგო. ეს გახლდათ ჩემპიონატში გუნდის მეათე მარცხი, არადა ყველა ელოდა, რომ „წითლები’’ მიმდინარე სეზონში ტიტულისთვის იბრძოლებდნენ. გულშემატკივრის სამწუხაროდ „ლივერპულის’’ წინაშე დღეს შედარებით მოკრძალებული ამოცანა დგას: სამომავლო ჩემპიონთა ლიგაში ადგილის მოპოვება.

გუნდმა ბოლო 18 შესაძლებლიდან 10 ქულა მოიპოვა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სლოტის ხელში უკეთ ვერც ათამაშდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.