„პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელებს აპრილში ამოსუნთქვის საშუალება არ ექნებათ. სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში „ჩელსისთან’’ 3:0 მოგების შემდეგ მათ უკიდურესად დაძაბული პერიოდი ეწყებათ. თუ მეოთხედფინალში „ლივერპულსაც’’ დაძლევს ლუის ენრიკეს გუნდს მომდევნო თვეში თამაშების რაოდენობა შეიძლება რვამდე აუვიდეს. ნახევარფინალის პირველი შეხვედრები ხომ 29 და 29 აპრილს არის დანიშნული.
თავი დავანებოთ 21 მარტის თამაშს ნიცაში, რომელსაც სანაკრებო კვირეული მოსდევს. აპრილზე ვთქვათ: სამში პარიზელები „ტულუზს’’ მასპინძლობენ, რასაც 8-ში მოსდევს ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი „ლივერპულთან’’. ინგლისში საპასუხო თამაშიც მალე, 14 აპრილს გაიმართება, მათ შორის კი ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელებს ლანსში მოუწევთ გამგზავრება, რათა ლიგა 1-ის ცხრილში უახლოეს მდევარს შეხვდნენ და ლიდერობა დაიცვან. დღეს ამ გუნდებს შორის სხვაობა მინიმალურია – მხოლოდ ერთი ქულა, თუმცა პსჟ-ს თამაშით ნაკლები აქვს: „ნანტთან’’ შეხვედრა აქვს გადადებული.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსისთან’’ დაპირისპირებებს შორის პარიზელებს თხოვნა დაუკმაყოფილეს და „ნანტთან’’ თამაში გადაუდეს. ფრანგული მედია წერს, რომ მათ შეიძლება „ლანსთან’’ შეხვედრის გადადებაც ითხოვონ, თუმცა ეს ჯერჯერობით თეორიაა. საფრანგეთში მატჩის გადადებისთვის ორივე კლუბის თანხმობაა საჭირო. თუკი „ნანტს’’ პსჟ-თან შეხვედრის გადადება ბევრს არაფერს უცვლიდა და იოლად დაყაბულდა, „ლანსმა’’ შეიძლება უარი თქვას. „პარიზიენმა’’ სცადა დაედგინა უკვე მიმართეს თუ არა პარიზელებმა ლანსელებს შეხვედრის გადადების თხოვნით ან მიმართვის შემთხვევაში რას უპასუხებენ ისინი. გაზეთმა პასუხი ვერ მიიღო.
მეორე მხრივ, ამ შეხვედრის გადადება საკითხის მოგვარებას არ ნიშნავს, რადგან მისთვის ისედაც გადატვირთულ კალენდარში სადმე იქნება ადგილი მოსაძებნი, მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ პსჟ ნახევარფინალში გავა. ამას დაამატეთ ის გარემოება, რომ „ლანსი’’ საფრანგეთის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს და თავადაც არ აქვს კალენდარში ფანჯარა.
ამრიგად, „პარი სენ ჟერმენს’’ ექვს დღეში სამი უმძიმესი შეხვედრა ელის. მეტიც, „ლივერპულთან’’ საპასუხო მატჩს ლიგა 1-ში „ლიონთან’’ თამაში მოსდევს.
როდის გაიმართება გადადებული შეხვედრა „ნანტთან’’? სავარაუდოდ საფრანგეთის თასის ნახევარფინალების დღეს: 21 ან 22 აპრილს. 26 აპრილს კი კალენდარში „ანჟესთან’’ შეხვედრა წერია.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრას (რომლამდეც ცხადია ჯერ მისვლა უნდა) ის 5 ან 6 მაისს გაიმართება. პსჟს (ან „ლივერპულის’’) მეტოქე იქნება „რეალი’’ ან „ბაიერნი’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
მთავარი ამბავი27/06/2026 | 08:39კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
