სენეგალი მესამე მსოფლიო ომს იწყებს

Home კატეგორიის გარეშე სენეგალი მესამე მსოფლიო ომს იწყებს
სენეგალი მესამე მსოფლიო ომს იწყებს

სამშაბათს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ამბავი მოხდა: აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ კონტინენტის ჩემპიონის ორი თვის წინ მოპოვებული ტიტული ჩამოართვა სენეგალის ნაკრებს და ის ფინალში დამარცხებულ მარკოს გადასცა. მიზეზი: მეტოქის კარში გოლის არ-ჩათვლისა და მათ კარში პენალტის დანიშვნის გამო გაბრაზებულმა სენეგალელმა ფეხბურთელებმა მოედანი პროტესტის ნიშნად 20 წუთით დატოვეს, რაც კანონით (შეჯიბრების 82-ე და 84-ე პუნქტები) ისჯება.

 

 

 

მოედანზე დაბრუნებულმა გუნდებმა თამაში პენალტის დარტყმით განაახლეს. „რეალის’’ ბრაჰიმ დიასმა ეგრეთწოდებული პანენკა შეასრულა, მაგრამ ძალიან უსუსურად. ძირითადი დრო დამთავრდა 0:0. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, იქ კი ერთადერთი გოლი „ვილიარეალის’’  ნახევარმცველმა პაპე გუეიემ გაიტანა.

სენეგალის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლებს. მავანმა სენეგალელმა ჩინოვნიკმა „ეკიპისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში თქვა: „29 მარტს გაიმართება კაფ-ის სხდომა და იქ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება’’.

როდესაც ცნობა სენეგალისთვის ტიტულის ჩამორთმევისა და მისი მარკოსთვის გადაცემის შესახებ გასაჯაროვდა ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრებით იყვნენ დაკავებულები. მათ შორის იყო ბრაჰიმ დიასიც, რომელიც „რეალთან’’ ერთად მანჩესტერში გახლდათ და ამბავი იქ, სტადიონზე შეიტყო. ქვემოთ გთავაზობთ მაროკოელი ფეხბურთელის პირველ რექციას.

სენეგალის ნაკრების ნახევარმცველმა, „რაიო ვალეკანოს’’ წევრმა პატე სისმა კი სოციალურ ქსელში გამარჯვებისა და ზეიმის დროინდელი ფოტოები დაპოსტა და მიაწერა: „მოწუწუნეებს შეგიძლიათ კიდევ სამი გოლი მიაწეროთ’’.

ლაპარაკია იმაზე, რომ შეხვედრის ახალ ანგარიშად დაფიქსირდა ტექნიკური 3:0 მაროკოს სასარგებლოდ.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.