მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენის’’ მეტოქე იქნება „ლივერპული’’, რომელმაც სტამბოლში „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – 4:0. მართალია თავის გასამართლებლად სუსტი არგუმენტია, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ სტუმრებს ნაწილობრივ არც გაუმართლათ, რადგან მათი გუნდის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა ვიქტორ ოსიმენმა მკლავი იტკინა და შესვენებისას იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. სამაგიეროდ, ყველაფერი კარგად აეწყოთ მასპინძლებს: 25-ე წუთზე ყველგან მოძრავმა დომინიკ სობოსლაიმ ჩინებული გოლით გახსნა ანგარიში. შემდეგ მო სალაჰმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა უგო ეკიტიკემ თავისი შანსი არ გაუშვა ხელიდან, რომელსაც ორიოდ წუთში რაიან გრავენბახმა მიბაძა. კიდევ ათ წუთში სალაჰმა, რომელსაც ამ დღეს მაინცდამაინც არ უმართლებდა ბოლოს და ბოლოს გაწყვიტა ნავსი და შესანიშნავი დარტყმით წერტილი დაუსვა შეხვედრას, რომელშიც კიდევ იყო სახიფათო მომენტები და არ-ჩათვლილი გოლები.
დაუნდობელი და ძლიერია „ბაიერნი’’, რომელმაც „ატალანტას’’ პირველ შეხვედრაში იტალიაში 6:1 გადაურბინა და ამ ანგარიშს შინ 4:1 დაამატა. შესვენებამდე და შესვენების შემდეგ პირველი ორი გოლი ჰარი კეინმა შეაგდო. შემდეგ თავი გამოიჩინა 18 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა ლენარტ კარლმა, 70-ე წუთზე კი იმავე კარლის პასით ლუის დიასმა მეოთხე შეაგდო. 85-ე წუთზე ლაზარ სამარჯიჩმა ერთით უპასუხა. მეოთხედფინალში „ბაიერნი’’ „რეალს’’ შეხვდება.
„ატლეტიკომ’’ ლონდონში „ტოტენჰემ ჰოთსფურთან’’ 2:3 წააგო, მაგრამ პირველ შეხვედრაში 5:2 ჰქონდა მოგებული და „ბარსელონასკენ’’ გაიკვალა გზა. „ბარსამ’’ თავის მხრივ 7:2 გადათელა „ნიუკასლი’’, რომელიც, როგორც გამოჩნდა, მეტოქეს კლასით ჩამოუვარდებოდა. პირველი ტაიმის შემდეგ ინგლისურ გუნდს კიდევ ჰქონდა რაღაცის იმედი, რადგან 2:3-ს აგებდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ჯერ ფერმინ ტორესმა შემდეგ კი რობერტ ლევანდოვსკიმ ორჯერ ერთმანეთს მიაყოლეს გოლები. ფერმინს და პირველი გოლის დროს ლევანდოვსკის პასები რაფინიამ ჩააწოდა, რომელმაც შემდეგ თავადაც შეაგდო და რაკი კიდევ ერთი დასაწყისშიც ჰქონდა გატანილი, ამ მატჩში ოთხი საგოლე მოქმედება დაუგროვდა.
ამ შეხვედრაში გოლი და საგოლე პასი მიითვალა ლამინ იამალმა. ჩვენ გოლზე შევჩერდეთ. ის 18 წლისა და 248 დღის ვარსკვლავისთვის ჩემპიონთა ლიგაში მეათე იყო ანუ, მან მოხსნა კილიან მბაპეს რეკორდი ― ფრანგმა ჩემპიონთა ლიგაში 10 გოლი 18 წლისამ და 350 დღისამ გაიტანა.
ზემოთ ლევაანდოვსკი ვახსენეთ. პოლონელი ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით ქარიმ ბენზემას გაუტოლდა (109) და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა (141) და ლეო მესის (129) ჩამორჩება.
„ბარსელონასა’’ და „ნიუკასლის’’ პირველი შეხვედრის ანგარიში იყო 1:1.
გარდა ნახსენები წყვილებისა მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან „სპორტინგი’’ და „არსენალი’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
