დემბელე იქნება? – საკითხავი აი, რა არის

Home აქეთურ-იქითური დემბელე იქნება? – საკითხავი აი, რა არის
დემბელე იქნება? – საკითხავი აი, რა არის

Captain, Marquinhos of Paris Saint-Germain celebrate his first goal with Khvicha Kvaratskhelia during the UEFA Champions League 2025/26 League Phase...ოთხშაბათს „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენი’’ „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ უმასპინძლებს. ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომლის წინ ლუის ენრიკემ ერთი რამ არ იცის ― შეძლებს ოსმან დემბელე ამ მატჩში მონაწილეობას თუ ვერა.

თეორიულად „ოქროს ბურთის’’ 2025 წლის გამარჯვებულს მოედანზე ვიხილავთ. დემბელემ პარასკევს გუნდთან ერთად ივარჯიშა. როგორც ფრანგული მედია წერს, მას მარცხენა ფეხის წვივი აღარ სტკივა, მაგრამ პრაქტიკულად რას გადაწყვეტენ ექიმები და გუნდის ხელმძღვანელები არავინ იცის.

დემბელე 4 ნოემბერს „ბაიერნთან’’ 0:1 დამარცხების დროს დაშავდა და მოედანი 25-ე წუთზე დატოვა. წლეულს პარიზელთა ათი ნომრისთვის ეს მესამე ტრავმა იყო. ის თავიდან, ივნისში ერთა ლიგის შეხვედრაში დაშავდა და კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა; შემდეგ, სექტემბერში კვლავ სანაკრებო მატჩში დაშავებულს მოუხდა ექიმებთან სიარული და აგერ, ნოემბერში უკვე მესამე უიღბლობა წამოეწია.

წერენ, რომ ლუის ენრიკემ შესაძლოა არ გარისკოს და დემბელე სამედიცინო კაბინეტიდან პირდაპირ მოედანზე არ შეაგდოს, მაგრამ იმავდროულად გვაქვს ნუნუ მენდეშის მაგალითი ― ესპანელმა სპეციალისტმა არც აცია არც აცხელა და პორტუგალიელი „ლე ავრთან’’ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. მენდეშმა მთელი ის შეხვედრა ჩაატარა და კანგ-ინ ლის საგოლე პასიც მიაწოდა.

ამრიგად, „ტოტენჰემთან’’ შეხვედრაში, მეკარე ლუკა შევალიეს წინ, დაცვის მარცხენა ფრთაზე მენდეშს უნდა ველოდოთ, მარჯვნივ კი უარენ ზაირ-ემერის. ოთხკაციანი დაცვის ცენტრში საუკეთესო წყვილის, მარკინიოსისა და პაჩოს დაბრუნებაა მოსალოდნელი. მარკინიოსისთვის ეს შეხვედრა „პარი სენ ჟერმენის’’ შემადგენლობაში მეხუთასე(!) იქნება.

ნახევარდაცვას დაუბრუნდება სამი მუშკეტერი: ვიტინია, ჟოაო ნევეში და ფაბიან რუისი. პორტუგალიელებმა „ლე ავრთან’’ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს, რუისი კი თავიდან სკამზე იჯდა. ის მოედანზე მოგვიანებით შევიდა.

რუისის მსგავსად „ლე ავრთან’’ შეხვედრაში მოგვიანებით ჩაერთნენ ბრედლი ბარკოლა და ხვიჩა კვარაცხელია. ლუის ენრიკემ ეს მათი დასვენების მიზნით გააკეთა. თუკი დემბელეს თამაშს არ გარისკავენ ბარკოლასა და კვარაცხელიასთან ერთად „ტოტენჰემის’’ კარს შესაძლოა სენი მაიულუმ შეუტიოს. სავარაუდოდ მწვრთნელი მას ეგრეთწოდებული ცრუ ცხრა ნომრის ფუნქციას ანდობს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.