„შპორტ ბილდი”: სალაჰი ახალგაზრდებს ბლოკავს

Home აქეთურ-იქითური „შპორტ ბილდი”: სალაჰი ახალგაზრდებს ბლოკავს
„შპორტ ბილდი”: სალაჰი ახალგაზრდებს ბლოკავს

Florian Wirtz's (left) slow Liverpool start is being blamed on Mohamed Salah by German mediaფლორიან ვირტცისგან „ლივერპულში’’ ბევრს ელოდნენ, მაგრამ გერმანელმა არ გაამართლა და 125 მილიონ ევროდ ნაყიდი ნახევარმცველი ინგლისური მედიის კრიტიკის ობიექტად იქცა. თანამემამულის დასახმარებლად ხმა გერმანულმა „შპორტ ბილდმა’’ აიმაღლა. ჟურნალმა დაწერა, რომ ვირცის პრობლემა მო სალაჰია. ეგვიპტელს მიმდინარე სეზონში გუნდისთვის ზიანი მოაქვს, ის „ლევერკუზენიდან’’ გადასულ ახალწვეულს კი არ ეხმარება.

ვირტცის ტრანსფერი იმავე „ლივერპულში’’ ალექსანდერ ისაკის „ნიუკასლიდან’’ 145 მილიონ ევროდ გადასვლამდე ბრიტანეთისთვის სარეკორდო იყო.

„შპორტ ბილდმა’’ სარედაქციო წერილით სალაჰს შეუტია: „აშკარაა, რომ სალაჰი ვირტცს იგნორირებას უკეთებს. ის გაბრწყინების საშუალებას არ აძლევს არც ერთ ახალწვეულს, რომელთა ჯამური ფასი დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევროა. მიმდინარე სეზონში სალაჰმა სამი საგოლე პასი შეასრულა და სამივეჯერ ბურთი მისცა იმ ფეხბურთელს, რომელიც ადრეც თამაშობდა გუნდში. ეგვიპტელი „ლივერპულისა’’ და ვირტცისთვის სულ მეტი და მეტი პრობლემა ხდება. ის იმ ტიპის ვარსკვლავია, რომელიც ახალგაზრდებს ბლოკავს, რითაც ცდილობს მისი, როგორც ლიდერის შემცვლელი არ გამოჩნდეს. ახლა საკითხი ასე დგას: ვინ ჩამოაგდებს სალაჰს ტახტიდან. კლუბი, მწვრთნელი თუ თანაგუნდელები? სრულიად შესაძლებელია სალაჰი 2026 წელს საუდის არაბეთში გადაბარგდეს’’.

როგორც მოგახსენეთ „ლივერპულში’’ გადასვლამდე „ლევერკუზენის’’ შემადგენლობაში 197 შეხვედრაში 57 გოლის ავტორი ვირტცი ინგლისში კრიტიკის ობიექტი გახდა. პრემიერლიგის 11 ტურის შემდეგ მას ერთი გოლიც არ გაუტანია და ერთი საგოლე პასიც არ გადაუწოდებია. სალაჰს მარტო პრემიერლიგაში ამდენივე შეხვედრაში 4 გოლი აქვს შეგდებული და 2 საგოლე პასი გადაწოდებული.

სანაკრებო პაუზამდე „ლივერპულმა’’ „მანჩესტერ სიტისთან’’ 0:3 წააგო. გერმანელი ნახევარმცველი გარი ნევილმა გააკრიტიკა. ვეტერანმა თავის პოდკასტში თქვა: „ეს დღე განსაკუთრებით ცუდი იყო ვირტცისთვის. ჩვენ მის გარშემო რამდენიმე თვის განმავლობაში თითის წვერებზე დავდიოდით, ვამბობდით, რომ ახლაგაზრდაა და საცხოვრებლად უცხოეთში გადმოვიდა, მაგრამ ის 120 მილიონი გირვანქა ღირს და ვალდებულია მალე წამოდგეს ფეხზე. იმის თქმა მინდა, რომ ვირტცი მართლა კარგი ფეხბურთელია, ფანტასტიკური ტექნიკა აქვს, მაგრამ დღეს მატეუს ნუნიესმა და სხვებმა მოედანზე ათრიეს, გადათელეს, მან კი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მისი თამაში ნამდვილად შემაშფოთებელი იყო.

მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: ვირტცი პრობლემაა. ის 120 მილიონი გირვანქა ღირს, არადა მოედანზე პატარა ბავშვივით გამოიყურებოდა. ამასთან შეგუება შეუძლებელია. ვურტცი გამოცდილი გერმანელი ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე ასეთი მახასიათებლის შესაბამისს არაფერს აკეთებს. ის უნდა ავარჯიშონ, რომ ფორმაში შევიდეს და მაქსიმალური სარგებელი მოიტანოს’’.

შაბათს ვირტცის და სალაჰის ისტორიის გაგრძელებას „ნოტინგემ ფორესტთან’’ შეხვედრაში ვნახავთ. ამ მატჩში მონაწილეობას სავარაუდოდ არ მიიღებს გიორგი მამარდაშვილი, რომელიც კვლავ გამოჯანმრთელებული ალისონ ბეკერის სათადარიგო გახდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.