„ბორჯღალოსნებმა“ ნოემბრის მეორე ტესტიც მოიგეს – კანადის ეროვნული გუნდი 38:17 დაამარცხეს და იაპონიასთან უმნიშვნელოვანესი ტესტისთვისაც მშვენიერი რეპეტიციაც გაიარეს. ერთადერთი ნეგატივი იმ ფაქტმა შექმნა, რომ საქართველოს ნაკრების არაერთმა მორაგბემ ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა, რაც გუნდის დამრიგებელ რიჩარდ ქოქრილს საკადრო პრობლემებს უქმნის.
საქართველოს ნაკრების ყველა დროის ტოპ-მელელოვე აკა ტაბუცაძემ ამერიკელებთან თამაში აშკარად ჩააგდო და ქოქრილმა მის ნაცვლად ახალგაზრდა შალვა აფციაური დააყენა. ამ სვლამ გაამართლა – აფციაურმა თავი 3 ლელოთი გამოიჩინა და ამ სამიდან პირველი იყო ყველაზე ლამაზი. შალვამ დავით ნინიაშვილისგან ბურთი 22-ის ხაზთან მიიღო, დრიბლინგით რამდენიმე კანადელი მოატყუა და ბურთიც დაამიწა. აფციაური ნაკრებში მხოლოდ მესამე მატჩს ატარებდა და ამიერიდან მის ანგარიშზე 5 სანაკრებო ლელოა.

ნინიაშვილი ვახსენეთ და ვთქვათ, რომ წინა მატჩისგან განსხვავებით, ტოპ 14-ის ქართველმა ვარსკვლავმა ამ ჯერზე ძალიან პროდუქტიულად ითამაშა – 6 ლელოდან 3 მისი ასისტენტობით დაიდო – ორი შალვა აფციაურისა და ერთიც დემე თაფლაძის, რომელმაც საპირისპირო ფლანგზე იყოჩაღა. ეს იყო თაფლაძის მე-5 ლელო, ოღონდაც გაცილებით მეტ – 46 მატჩში.
მეხუთე ქართული ლელო გიორგი კვესელაძემ მიითვალა, რომელიც შალვა აფციაურს ჩათვლის მოედანზე შეჰყვა და მეტოქესთან ჭიდაობაში კანადელების დალელოვება მოახერხა. „კვესოს“ სანაკრებო ანგარიში 73 კეპსა და 13 ლელოს გაუტოლდა.
დასკვნითი ლელო კი ნაკრებში რამდენიმე დღის წინ გამოძახებულმა თორნიკე ჯალაღონიამ დადო, რომელმაც დერეფანიც მოიგო, მოლსაც ულიდერა და საჭირო მომენტში ჩვეულ სტილში დაუძვრა დამცველებს. თორნიკეს სანაკრებო სტატისტიკაც დავაფიქსიროთ – 43 კეპი და 7 ლელო. ციფრებზე თუ ვსაუბრობთ, ვთქვათ ისიც, რომ თედო აბჟანდაძემ 6 ლელოდან 2 ვერ გარდასახა, მატჩი 8 ქულით დაასრულა და სანაკრებო მონაგარი 58 თამაშში 372 ქულას გაუტოლა, რაც ბორჯღალოსნების ისტორიაში მეორე მაჩვენებელია. წინ მიუწვდომელი მეკო კვირიკაშვილია 833 ქულით. ბარემ ვასილ ლობჟანიძეზეც ვთქვათ – ვასკამ 98-ე კეპი მოიხვეჭა და ცენტურიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
თამაში კარგი საყურებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი გუნდის უამრავი შეცდომა. 21-ქულიანი უპირატესობა სულაც არ ასახავს იმ სხვაობას, რომელიც გუნდების დონეებს შორის აშკარა იყო. ასეა თუ ისე, გამარჯვება მიღწეულია. იმედია, ტრავმირებულთა დაზიანებები უმნიშვნელო იქნება, თუმცა ფაქტი ისაა, რომ, მაგალითად, დავით აბდუშელიშვილი მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს, ილია სპანდერაშვილს კი მოედნიდან გასვლისას მაჯა აშკარად ძლიერ სტკიოდა. მალე გამოჯანმრთელება და 22 ნოემბერს, თბილისის „მიხეილ მესხზე“ ამერიკულ ნაკრებებზე ბევრად ძლიერ იაპონელებთან თამაშისთვის მწყობრში ჩადგომაც ვუსურვოთ.
