ცუდად არის „ლივერპულის’’ საქმე. მერსისაიდელები „კარაბაოს თასსაც’’ კი ვერ მოიგებენ. „კარაბაოს’’ თასი ინგლისში პრესტიჟულობით მესამე შეჯიბრებაა. „ლივერპულს’’ ის ათჯერ აქვს მოგებული, თხუთმეტჯერ ფინალში ყოფილა, მაგრამ მიმდინარე სეზონში „უემბლიზე’’ მოხვედრის ეს გზა გადაიკეტა.
ის, რომ „წითლები’’ პრემიერლიგაში კრიზისს განიცდიან ყველასთვის ცხადია. ჩემპიონატში არნე სლოტის გუნდი „არსენალს’’ 7 ქულით ჩამორჩება, მეშვიდე ადგილზეა. კრიზისი ახლა იმ შეჯიბრებაზეც აისახა, რომელიც ჩვეულებრივ დამამშვიდებელ როლს ასრულებს ხოლმე.
გასულ უქმეებზე „ლივერპულმა’’ „ბრენტფორდთან’’ წააგო – 2:3. ინგლისში სწამთ, რომ ამ მარცხის მიზეზი ბრენტფორდელთა აუტები იყო, რომელთაც „წითლებმა’’ ვერაფერი დაუპირისპირეს. ოთხშაბათს სლოტის გუნდმა „კრისტალ პალასთანაც’’ ვერაფერი გააწყო – 0:3. რაც ჰოლანდიელი „ლივერპულს’’ თავკაცობს, ასეთი დიდი ანგარიშით არ დამარცხებულა. პლუს, ჩემპიონთა ლიგას თუ გამოვაკლებთ ანუ ეროვნულ სარბიელზე ეს მისთვის ზედიზედ მეხუთე წაგება იყო.
„კრისტალ პალასის’’ სენეგალელმა ნახევარმცველმა ისმაილა სარმა პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებს ორი გოლი გაუტანა. მერსისაიდელთა დაცვა კვლავ მოშლილი იყო. მესამე გოლი 88-ე წუთზე ესპანელმა იერემი პინომ გაიტანა. სლოტის გადაწყვეტილება თასზე ახალგაზრდული შემადგენლობა ეთამაშებინა არასწორი გამოდგა. ისედაც არეულ გუნდს უარესად აერია თავ-გზა. დავაზუსტოთ, იმ შემადგენლობასთან შედარებით, რომელიც ჰოლანდიელმა გასულ შაბათს G Tech Stadium-ზე ათამაშა, „ენფილდზე’’ გულშემატკივარმა ათი ახალი ფეხბურთელი იხილა. შემადგენლობა აშკარად დაუბალანსებელი იყო. ასე მაგალითად, ალექსის მაკალისტერი და 28 წლის მესამე მეკარე ფრედი ვუდმენი ერთად აღმოჩნდნენ მოედანზე. ვუდმენი, რომელიც სლოტმა „კარაბაოს თასზე’’ გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად ათამაშა ლონდონთან, კროიდონშია დაბადებული და „ლივერპულში’’ გადასვლამდე სწორედ „პალასში’’ თამაშობდა. ის ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის გარეთ საუთგეიტის უახლოესი მეგობრის ენდი ვუდმენის შვილია.
„სანი’’ წერს, რომ ფრედი ამ საღამოს ვერასდროს დაივიწყებს, რადგან ის გახდა მონაწილე შეხვედრისა, რომელშიც „ლივერპულის’’ ჩავარდნილი სეზონი სრულმასშტაბიან კრიზისში გადაიზარდა. ეს კოშმარი არასდროს დაავიწყდება მცველ ამარა ნალოს, რომელიც შეხვედრის დამთავრებამდე 11 წუთით ადრე მოედნიდან გააძევეს, რაც სლოტისა და მთელი გუნდის საშინელი საღამოს ბოლო წერტილი იყო. ეს გახლდათ ამ ინგლისელი მოთამაშის მეორე თამაში და… მეორე წითელი ბარათი. „სანი’’ წერს, რომ სათადარიგოთა სკამზე იჯდა ნახევარმცველი მაიკლ ლაფიც, რომლის მამა „ენფილდის’’ გადაღმა მდებარე პაბის Glenbuck-ის მეპატრონეა.
გაზეთი ცინიკურად განაგრძობს: „ალბათ მატჩის მერე ლივერპულელები დარდის გასაქარვებლად სწორედ იქ შევიდნენ, თუმცა ნახევარი გუნდი ძალიან ახალგაზრდაა იმისათვის, რომ დალიოს’’.
და კიდევ, რატომ ეჯდა სლოტს სათადარიგოთა სკამზე მო სალაჰი და ვირჯილ ვან დაიკი ანუ რატომ არ ათამაშა ისინი, არავინ იცის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 10:15ინგლისი და გერმანია ხარობენ, იტალია კი კეინს ერთ ჩეულებრივ ვარსკვლავს უწოდებს
მთავარი ამბავი28/10/2026 | 08:29პსჟ-ს გასახდელში არეულობის შეეშინდა?
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 07:07ნასრი: ეს იგივეა ფერან ტორესმა პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონობა რომ მოაგებინოს…
სიახლეები27/10/2026 | 09:35ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს
