ბარკოლა და ლივერპული

Home აქეთურ-იქითური ბარკოლა და ლივერპული
ბარკოლა და ლივერპული

Bradley Barcola of Paris Saint-Germain controls the ball during the Ligue 1 McDonald's match between Lille OSC and Paris Saint-Germain at Stade...გასულ სეზონში „პარი სენ ჟერმენის’’ თავდასხმამ თავი გამოიჩინა. განსაკუთრებით გაიბრწყინა ოსმან დემბელემ, რომელმაც „ფრანს ფუტბოლის’’ ოქროს ბურთი მიიღო. გუნდის თამაში რომ არ დაიშტამპოს ლუის ენრიკე ცხადია შეტევის გადახალისებას, აქცენტების შეცვლას აპირებს და როგორც ფრანგული მედია წერს ამ საქმეში 23 წლის ბრედლი ბარკოლასი ეიმედება. ლიონში დაბადებულ-გაზრდილ გარემარბს პსჟ-თან 2028 წლამდე აქვს კონტრაქტი. მალე ალბათ მის გადახედვა-გახანგრძლივებაზე დაიწყება ლაპარაკი, მაგრამ ფრანგ ფეხბურთელს ოსტატობის დახვეწაც სჭირდება. ამის გარეშე პოზიციის დამკვიდრება გუნდში, რომელშიც მუდამ რაღაც იცვლება, უნიჭიერესი ახალგაზრდისთვისაც კი ძნელი იქნება.

დემბელესა და დეზირე დუეს ტრავმებმა ბარკოლას თავის გამოჩენის ჩინებული შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ფრანგი ჟურნალისტები წერენ, რომ მან ეს შანსი მხოლოდ სანახევროდ გამოიყენა. ბარკოლას შეტევის გამწვავების უნარი არ დაუკარგავს, მაგრამ კარის წინ კვლავ არ არის ეფექტური. ყველა შეჯიბრებაში ერთად 9 შეხვედრაში გატანილი 3 გოლი ცოტაა. არადა, სხვა მხრივ, თამაშის ხარისხის მიხედვით, ამ ეტაპზე ის თანაგუნდელების საშუალო მაჩვენებელზე მაღლა დგას. უშრეტი ენერგია და მუდმივი გარღვევების წყალობით ბარკოლა პსჟ-ს ვარსკვლავებით სავსე შეტევის ხაზში ატიპიურ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, ატიპიურობა კი კარგიც არის და იმავდროულად ცუდიც.

ლუის ენრიკე ბარკოლას მხარში უდგას. მას გარემარბის პოტენციალი აღაფრთოვანებს. მოსწონს მისი ჯიქური შეტევა, სივრცეების გახსნის უნარი. ბარკოლას ისეთი თვისებები აქვს, რომლის მსგავსით პსჟ-ს სხვა გარემარბები ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ პარიზელთა შეფებს მისგან უშუალოდ კარის წინ, გადამწყვეტ ზონებში მეტი სიმწვავის ნახვა სურთ, რაც მაგალითად უფრო ჭკუადამჯდარ ხვიჩა კვარაცხელიას ახასიათებს. მოკლედ, შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ახლა მისი რეალიზებაა საჭირო.

ამასობაში კი ბრედლი ბარკოლას სახელს ხშირად ახსენებენ ინგლისში. ლუის დიასის „ბაიერნში’’ გაყიდვის შემდეგ „ლივერპული’’ გარემარბის ძებნაშია. ამბობენ, რომ ბარკოლა მერსისაიდელთათვის იდეალური ვარიანტია. მას მერე, რაც სადიო მანე წავიდა გუნდს სწორედ ეს თვისებები აკლდა. მსგავსი პროფილის თავდამსხმელს ეძებდა ჯერ იურგენ კლოპი, ახლა კი გერმანელის ჰოლანდიელი მემკვიდრე არნე სლოტიც ამას აკეთებს, თუმცა სლოტმა მანამდე ორი ერთმანეთის მსგავსი ცენტრალური თავდამსხმელი, უგო ეკიტიკე და ალექსანდერ ისაკი იყიდა.

„პარი სენ ჟერმენი’’ ბარკოლასთვის კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივებას აპირებს. ცხადია ნაგულისხმევია ხელფასის გაზრდაც, რის შემდეგაც ფრანგი ყველაზე მაღალხელფასიან თანაგუნდელებს გაუტოლდება. რა მოხდება უახლოეს თვეებში? სწორედ ამას ექნება ბარკოლას კარიერისთვის დიდი მნიშვნელობა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.