ლუიშ კამპუში: დონარუმას მადამ გაგვაოცა

Home აქეთურ-იქითური ლუიშ კამპუში: დონარუმას მადამ გაგვაოცა
ლუიშ კამპუში: დონარუმას მადამ გაგვაოცა

Luis CAMPOS - Luis ENRIQUE during the Ligue 1 McDonald's match between Toulouse and Paris at Stadium de Toulouse on August 30, 2025 in Toulouse,...ლუიშ კამპუში „პარი სენ ჟერმენის’’ სპორტული დირექტორია. ის გუნდში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომელიც ჟურნალისტების წინაშე იშვიათად ჩნდება. და აი, პორტუგალიელმა RMC-ს ინტერვიუ მისცა, სადაც პარიზული კლუბის ბოლო თვეებზე ილაპარაკა ― ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან ახალი სეზონის დაწყებამდე. ყველაზე საქმიანი კითხვები სატრანსფერო ბაზარს და მოხშირებულ ტრავმებს ეხებოდა.

Luis CAMPOS Sport Director of PSG, Joao NEVES of PSG, VITINHA of PSG, Luis HENRIQUE Head Coach of PSG and Goncalo RAMOS of PSG during the training...ლუის ენრიკემ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ ტრანსფერებზე მთავარი პასუხისმგებელი პირი კამპუშია. გასულ ზაფხულს მან სამი ფეხბურთელი შეიძინა, რომელთაგან ორი ლუკა შევალიე და რენატო მარტინი მეკარეები არიან. მესამე, ილია ზაბარნი მცველი გახლავთ.

Nasser AL KHELAIFI President of PSG, Luis CAMPOS Sport director of psg during the training session of PSG on June 28, 2025 in Atlanta, Georgia.ლუიშ კამპუში: „ტრანსფერებზე ყველანი ერთად ვმუშაობდით. გული არაფერზე გვწყდება, ზუსტად ის გავაკეთეთ, რაც საჭიროდ მიგვაჩნდა.  მთელი კარიერის განმავლობაში კლუბში სპორტულ მხარეზე ვარ პასუხისმგებელი. ამიტომ, ყოველთვის ყურადღებით ვუსმენდი მწვრთნელებს. ჩემი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო სწორედ ეს არის. ვცდილობ მწვრთნელს ისე დავეხმარო, რომ ეს დახმარება მის საფეხბურთო ხედვას შეესაბამებოდეს. ლუის ენრიკემ მითხრა, თუ როგორი გუნდი უნდა, როგორი სტრუქტურა სჭირდება. მან ისურვა კონკრეტული მახასიათებლების მქონე მცველი, ახალი მეკარე’’.

კამპუშს ჰკითხეს, რატომ შეიძინა კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, მაშინ როდესაც ერთი შეხედვით გუნდს მარჯვენა მცველი უფრო სჭირდებოდა.

„დღეს მოედნის სიგრძეზე გაცილებით მეტად ვთამაშობთ. გვჭირდებოდა მაღალი მოთამაშე, რომელიც იმავდროულად ბურთთან კომფორტულად იქნებოდა. გვინდა მეტი ტაქტიკური ვარიანტი შევქმნათ’’, ― უპასუხა პორტუგალიელმა, რომელსაც ბუნებრივია წინა სეზონის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვაზეც მოუწია პასუხის გაცემამ. კამპუშმა თქვა:

„დონარუმას გაყიდვა მთელი რიგი მიზეზების ერთობლიობამ განაპირობა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მან ხელფასის მომატება ძველი პსჟ-ს ნიხრით მოითხოვა, ჩვენ კი უკვე ახალი ნიხრით ვიხდიდით. კლუბის დღევანდელი პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია დამსახურებასთან. როდესაც იმსახურებ, ხელფასს მაშინ გიმატებენ. ჯიჯოსთან ამ საკითხზე ლაპარაკს გვარიანი დრო დავუთმეთ. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, შეთანხმებამდე თუ ვერ მივიდოდით, რაიმე გამოსავალი მოგვენახა.

მართალი გითხრათ, თავდაპიველად დონარუმას მადამ დაგვაბნია. არადა, სწორედ ის იყო ფეხბურთელთაგან პირველი, რომელსაც კონტრაქტის განახლებაზე ჩვენ თვითონ დაველაპარაკეთ. იმთავითვე ნათელი გახდა, რომ საერთო ენის მოძებნა გაჭირდებოდა. ეს რომ გაიგო, მწვრთნელმა თქვა, მაშინ იქნებ შექმნილი მდგომარეობით ვისარგებლოთ და ისეთი მეკარე მოვიყვანოთ, რომელიც ფეხით უკეთ თამაშობსო. აქ ამუშავდა კიდევ ერთი პრინციპი: როდესაც შეგვიძლია „პარი სენ ჟერმენი’’ მეტად ფრანგული გუნდი გავხადოთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ. ამაში ახალი არაფერია. ასე ვიყიდეთ შევალიე’’.

ბოლოს კი მოხშირებულ ტრავმებზე. კამპუშმა თქვა, რომ თუ ტრავმიანობა მოიმატებს, პსჟ იანვარში ან მომდევნო ზაფხულში ახალი ფეხბურთელებით შეივსება. ყველაფერი კი რა თქმა უნდა მწვრთნელთან და პრეზიდენტთან დეტალურად იქნება შეთანხმებული. პირველთან სპორტული, ხოლო მეორესთან ფინანსური კუთხით.

„ჩვენ ფულს მოედანზე ვაკეთებთ. ჩვენი ძლიერი მხარეც სწორედ ეს არის. სულ ვმოგზაურობ, აეროპორტებში ძალიან დიდ დროს ვატარებ. „პარი სენ ჟერმენისთვის’’ ახალ ფეხბურთელებს ვეძებ და რაკი ჩვენი კლუბის სახელი დღეს გაცილებით მეტად ქუხს, ამის გაკეთება მომავალში უფრო და უფრო იოლი იქნება. ფეხბურთელები თავად მოილტვიან პარიზისკენ’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.