ჟოზე მოურინიუ საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წინააღმდეგობრივი ფიგურაა. პორტუგალიელი ავარჯიშებდა ისეთ გუნდებს, როგორებიცაა „პორტუ’’, „ჩელსი’’, „რეალი’’, „მანჩესტერ იუნაიტედი’’ და ბოლოს „ფენერბაჰჩე’’. ბოლოს ის სწორედ სტამბოლში, „ფენერბაჰჩეში’’ მუშაობდა.
თურქულმა კლუბმა გაავრცელა განცხადება მოურინიუს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. განცხადებაში შაბლონური ტექსტი წერია: „ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ, რომელიც თავის მოვალეობას 2024-25 წლების სეზონის შემდეგ ასრულებდა, კლუბი დატოვა. ჩვენ მას დიდ მადლობას ვუხდით გაწეული შრომისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ’’.
თუმცა, როგორც ესპანური AS წერს, „ფენერბაჰჩეს’’ მოურინიუს გაშვება გვარიანი თანხა დაუჯდება. გამოცემა შეგვახსენებს სხვა შემთხვევებსაც, როდესაც ამა თუ იმ კლუბმა თანამდებობიდან მოხსნილ მწვრთნელს კონტრაქტის დარღვევის გამო ფული გადაუხადა. ასე მაგალითად, რონალდ კუმანმა „ბარსელონასგან’’ 11.7 მილიონი ევრო მიიღო; ანტონიო კონტეს „ჩელსისგან’’ 30.6 მილიონი ევრო ერგო; ლორან ბლანმა 2016 წელს „პარი სენ ჟერმენისგან’’ 19.8 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო ლუიშ ფელიპე სკოლარის ანგარიში 2009 წელს ერთხელ უკვე ნახსენებმა „ჩელსიმ’’ 15.9 მილიონი ევროთი შეავსო. თან, სკოლარი დასავლეთ ლონდონის კლუბიდან რომ გააგდეს 6 თვის მისულიც არ იყო.
რა თანხას მიიღებს მოურინიუ „ფენერბაჰჩესგან’’? თურქული პრესის თანახმად 15 მილიონ ევროს. პორტუგალიელს სტამბოლში წესით 2026 წლის 30 ივნისამდე უნდა ემუშავა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 09:01რინერი ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება და მერე ოლიმპიადაზე გამოვა
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 07:09რას უწუნებდა ჩავი დემბელეს?
აქეთურ-იქითური09/11/2026 | 09:41ნევილი: გულშემატკივართან მისვლას და ტაშის კვრასაც ზომიერება უნდა
მთავარი ამბავი09/11/2026 | 07:16ჟორჟი პასის გარეშე
