წარმატებული 2025 წლის მაღალ ნოტზე დასრულების თარიღად „პარი სენ ჟერმენის’’ ხელმძღვანელებმა 17 დეკემბერი დათქვეს. ლიგა 1-ის ჩემპიონატის მე-16 ტურში „პარკ დე პრენსზე’’ გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცთან’’ შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ცოტა ყავლგასული, მაგრამ მაინც ტიტულის, „საკონტინენტთაშორისო თასის მოპოვებას შეეცდება’’.
„საკონტინენტთაშორისო თასი’’ წლების განმავლობაში იყო ევროპისა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდების დაპირისპირება. ჩვეულებრივ ერთმანეთს ჩემპიონთა თასის/ლიგის და კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულები ხვდებოდნენ. 2025 წელს ფიფამ ამ შეჯიბრების ბაზაზე კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი შექმნა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ტიტულს მეტწილად ევროპელები იგებდნენ, მასპინძელი კი მეტწილად იცვლებოდა: იაპონია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, მაროკო…
2024 წელს „საკონტინენტთაშორისო თასი’’ „რეალმა’’ აღმართა― მექსიკურ „პაჩუკას’’ მოუგო 3:0. ის შეხვედრა დოჰაში გაიმართა. მაშინ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ თქვა, რომ მართალია ამ შეჯიბრების საფუძველზე კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი იქმნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „საკონტინენტთაშორისო თასი’’ გაქრება. მან იმედი გამოთქვა, რომ ძველი შეჯიბრება 2025 წელს ყატარში ჩატარდება და 5 მარტს ფიფას საბჭომ ეს იმედი გადაწყვეტილებით დაადასტურა, თუმცა მეტი არაფერი განუმარტავს. ჯერ მასპინძელი სტადიონიც კი არ არის განსაზღვრული. ამის მიუხედავად, დოჰა მასპინძლობისთვის ემზადება.
როგორც უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პსჟ „საკონტინენტთაშორისო თასზე’’ ითამაშებს. დოჰაში პარიზული კლუბისთვის ნაცნობი გარემოა. მისი მეპატრონეები ხომ ყატარელები არიან. პარიზელი ფეხბურთელები ამ ქვეყანაში ბევრჯერ არიან ნამყოფები და უდიდესი პოპულარობითაც სარგებლობენ. 2011 წლის მერე პსჟ-ს აქ ბევრჯერ უთამაშია. ბოლოს ეს 2025 წლის 5 იანვარს მოხდა, როდესაც ლუის ენრიკეს გუნდმა ოსმან დემბელეს გოლით საფრანგეთის სუპერთასზე „მონაკოს’’ მოუგო 1:0. ეს შეხვედრა დოჰას სტადიონზე გაიმართა, რომელსაც ჰქვია 974. და აი, თერთმეტი თვისა და ოთხი ჯილდოს შემდეგ პსჟ-ს შეუძლია 2025 წელი კვლავ თასის აღმართვით დაამთავროს.
ახალი ფორმატის „საკონტინენტთაშორისო თასი’’ ექვსი გუნდის შეჯიბრება იქნება. პარიზელები ფინალში არიან, მისი მეტოქე კი გაირკვევა მინი-ტურნირის შედეგად, რომელშიც სხვებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საუდის „ალ-აჰლი’’, მექსიკური „კრუს ასული’’ და კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული.
როგორც ფიფას შეჯიბრებების უმრავლესობა ეს შეჯიბრებაც ცხადია სარფიანი იქნება. გამარჯვებული 5 მილიონ დოლარს (4.3 მილიონი ევრო) მიიღებს, დამარცხებული ფინალისტი კი 4 მილიონ დოლარს (3.4 მილიონი ევრო).
აქვე დავძენთ, რომ პსჟ პირველი ფრანგული კლუბია, რომელიც „საკონტინენტთაშორისო თასზე’’ ითამაშებს. 1993 წელს პრეზიდენტ ბერნარ ტაპისთან დაკავშირებული მექრთამეობის სკანდალის გამო ფიფამ „მარსელი’’ შეჯიბრებიდან მოხსნა და მის ნაცვლად ჩემპიონთა ლიგის დამარცხებული ფინალისტი „მილანი’’ ათამაშა, რომელმაც ბრაზილიურ „სან პაულისთან’’ 2:3 წააგო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
