ევროპის სუპერთასზე „ტოტენჰემ ჰოთსფურთან’’ შეხვედრის წინ უეფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელის ლუის ენრიკეს ინტერვიუ, რომლის ქართულ თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ.
როგორ მიიღო პარიზმა გამარჯვება
პარიზის ქუჩებში ხალხი დღემდე მადლობას მიხდის. ისინი მეხვევიან, ეს კი ისეთ რამ არის, რასაც მე, უკვე ასაკოვანი კაცი, ძალიან ვაფასებ. ეს გრძნობა გამომიცდია როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს. ბედნიერებაა, როდესაც ხვდები უცნობ ადამიანებს, რომელთაც შესაძლოა რთული ცხოვრება აქვთ, მაგრამ თვის ან წლის საუკეთესო მატჩის გამო თავი უკეთ იგრძნეს. ამ მატჩის გამო მათ შეძლეს პრობლემები დაევიწყებინათ.
როგორ უნდა შეძლო მობილიზება ჯგუფურ ეტაპზე მძიმე სტარტის შემდეგ?
პირველ სამ-ოთხ შეხვედრაში მართალია მეტ ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ ვიწრო ბოგირზე მოგვიწია გავლამ. ვითარება დაიმუხტა, ჩვენი თვითრწმენა კი დაეცა. ეს მდგომარეობა ფეხბურთელების უანგარო შემართებამ შეცვალა. დავდექით ასეთი ფაქტის წინაშე: საგოლე მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ გოლები ვერ გაგვქონდა. ამიტომ, დავსვით კითხვა: „რატომ არ გავამახვილოთ ყურადღება სხვა რაღაცაზე? რატომ არ მოვძებნოთ ფეხბურთელი, რომელიც საჯარიმოში საუკეთესო პოზიციას ირჩევს?’’ ამის შემდეგ ჩვენი სტატისტიკა შეიცვალა, ერთ გამარჯვებას ავტომატურად მოჰყვა მეორე, საკუთარი თავის რწმენა დაგვიბრუნდა და იმავე მოთამაშეებმა, რომლებიც თავიდან თამაშებს ვერ იგებდნენ, შედარებით იოლად დაიწყეს გამარჯვება.
ფინალში „ინტერთან’’ 5:0 გამარჯვების შესახებ
ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ორი კვირით ადრე, საფრანგეთის თასის ფინალის დროს ვნერვიულობდი. მე და ჩემი შტაბის წევრებს ერთი აზრი გვიტრიალებდა: ფინალს რამენაირად მშვიდად უნდა შევხვედროდით. გარემოს არ უნდა დავეთრგუნეთ. გულშემატკივრების უზარმაზარი მხარდაჭერით ვიყავით გარემოცულნი. ისინი ცდილობდნენ ჩვენთვის ენერგია გადმოეცათ. ეს მოსალოდნელიც იყო. მაგრამ, როდესაც რაღაც ჭარბად გეძლევა ცუდია.
ვიცოდით, რომ 100%-ზე მეტს გავიღებდით, მაგრამ ისიც მახსოვს როგორ ვუთხარი ბიჭებს: ჩვენ უნდა შევეცადოთ თამაშისთვის 105%-ით ვიყოთ მზად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიღოთ 120%, რადგან ასეთმა შეხვედრამ შეიძლება პირიქით, დაგთრგუნოთ. ეს მატჩები განსაკუთრებულია, მათ შესაძლოა ქვეშ მოგიქციონ. და ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოთამაშეები სანაქებოდ მოემზადნენ. მათ დაძაბულობას თავი გაართვეს. ფინალს მთელი გუნდი განსაკუთრებულად მიუდგა.
ზეიმი საფინალო სასტვენის შემდეგ
ეს მომენტი ახლა უკვე ისტორიის კუთვნილებაა. მშვენიერი მოგონებები, დაუვიწყარი სურათები, საუცხოო მომენტები და წვალება, რომელიც ამა თუ იმ მოვლებას ფასეულს ხდის. როდესაც რაღაცას ტანჯვით აღწევ, ბედნიერების მომენტსაც მეტად აფასებ. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, შესანიშნავი სეზონი იყო.
ყველამ იცის, თუ რა გამოიარა ჩემმა ოჯახმა (იგულისხმება ქალიშვილის გარდაცვალება 2019 წელს). ყველამ ვიცით, რომ ვცოცხლობთ, მაგრამ ბოლოს მოვკვდებით ― ეს სიცოცხლე და სიკვდილი უეჭველია, მაგრამ სიკვდილის მიღება არავის სურს. ვფიქრობ, ბოლო წლებში ჩემმა ოჯახმა სხვანაირად იცხოვრა და ეს გვავსებს. შესაძლოა ზანა ფიზიკურად ჩვენთან აღარ არის, მაგრამ სულიერად ის კვლავ ჩვენ გვერდითაა.
იმ შეხვედრამ კი კიდევ ერთხელ გამახსენა, როგორ უყვარდა პატარა ზანას მოედანზე სირბილი და წარმოვიდგინე, როგორ ისიამოვნებდა იმ მომენტით. მან თავისი და-ძმის და მშობლების მეშვეობით ეს გააკეთა კიდეც. ეს იყო ულამაზესი ემოციური მომენტი, რადგან ფეხბურთელებისა და სტაფის ოჯახის წევრები იქ იყვნენ. ახლა კი მეტი გვინდა. გვინდა ყველაფერი კიდევ ერთხელ განვიცადოთ.
შემდგომი მიზანი
მომავალ სეზონში ჩვენი მთავარი მიზანი მეტი განვითარებაა. ტიტულების მოგების თვალსაზრისით უფრო ძნელი იქნება, რადგან მათი რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით ვფიქრობ ჩვენ როგორც გუნდი წინ წავალთ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ჩემი აზრით ჯერ კიდევ შეიძლება განსაზღვრა კერძოდ რა გვაქვს დასახვეწი. შევეცდებით ყველა ტიტული მოვიგოთ და რასაკვირველია გვჯერა, რომ ახალ სეზონში წინა სეზონის მიღწევის გამეორებას შევძლებთ. ეს თუ მოვახერხეთ ჭეშმარიტად შევალთ ისტორიაში, რაც დიდ მოტივაციას გვაძლევს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
