ლივერპულში უხარიათ: ალისონი დაბრუნდა!

Home კატეგორიის გარეშე ლივერპულში უხარიათ: ალისონი დაბრუნდა!
ლივერპულში უხარიათ: ალისონი დაბრუნდა!
Alisson Becker has returned to Liverpool training ahead of the Community Shield
ალისონი ლივერპულში დაბრუნდა

„ლივერპული’’ კვირას სეზონის პირველი ტიტულის, „ქომუნითი შეილდის’’ ანუ იგივე ინგლისის სუპერთასის მოპოვებას შეეცდება. ინგლისის ჩემპიონი „უემბლიზე’’ ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელს „კრისტალ პალასს’’ დაუპირისპირდება. მოგების შემთხვევაში მერსისაიდელები ამ ჯილდოს ოთხ წელიწადში მეორედ აღმართავენ.

2022 წელს „ლივერპული’’ „მანჩესტერ სიტის შეხვდა და 3:1 მოუგო. იმ დღეს შედგა დარვინ ნუნიესის დებუტი „წითლების’’ შემადგენლობაში. მან 90+4 წუთზე გოლიც გაიტანა, მაგრამ ურუგვაელი „კრისტალ პალასთან’’ არ იქნება, რადგან „ალ-ჰილალში’’ გადადის და ახალ კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად იქნება წასული.

ამრიგად, მერსისაიდელები ერთ სამხრეთ ამერიკელს მოისაკლისებენ, მაგრამ მეორე უბრუნდებათ. ადგილობრივი საიტები სიხარულით წერენ, რომ ბრაზილიიდან ინგლისს ჩავიდა გულშემატკივრის სათაყვანებელი მეკარე ალისონ ბეკერი, რომელიც გუნდთან ერთად სეზონისწინა შეკრებაზე იაპონიაში იმყოფებოდა, მაგრამ მოულოდნელად შინ გაემგზავრა, სადაც, როგორც მერე გაირკვა, მეუღლის ოპერაციას დაესწრო. ალისონმა ბრაზილიაში საქმეები წარმატებით მოაგვარა და „ქომუნითი შილდის’’ შეხვედრისთვის დროულად დაბრუნდა, ასე რომ თუკი აქამდე ეგონათ, რომ „კრისტალ პალასთან’’ შეხვედრაში არნე სლოტი კარს გიორგი მამარდაშვილს ანდობდა, ახლა ირკვევა, რომ ასე შეიძლება არ მოხდეს.

საიტი Empire of the Kop-ს მიაჩნია, რომ მართალია ქართველმა კარის მცველმა ორშაბათს „ბილბაოსთან’’ ამხანაგურ შეხვედრაში ორი ჩინებული დარტყმა მოიგერია, მაგრამ ჰოლანდიელი მწვრთნელი გახარებულია მთავარი მეკარე რომ დაუბრუნდა. ახლა სლოტს სასიამოვნო თავისტკივილი შეაწუხებს: კიდევ ერთხელ მისცეს მამარდაშვილს თავის გამოჩენის შესაძლებლობა, თუ ალისონი დააყენოს სასტარტო შემადგენლობაში. მოგეხსენებათ, ალისონმა მიმდინარე პრე-სეზონზე მხოლოდ ერთი თამაშში მიიღო მონაწილეობა და პრაქტიკა სჭირდება.

კიდევ, Empire of the Kop წერს, რომ ისევე როგორც კევინ კალაჰერის დროს, პრემიერლიგის კლუბებს „ლივერპულისა’’ ახლაც შურთ ― მას მეკარის პოზიციაზე ასარჩევად აქვთ საქმე. საიტი იხსენებს, რომ გასულ სეზონში ალისონმა ტრავმების გამო სამი თვე გამოტოვა, რა დროსაც ის კალაჰერმა ღისეულად შეცვალა. თუკი ღმერთმა დაგვიფაროს და ასეთი რამ კიდევ განმეორდება, მამარდაშვილის სახით ხარისხიანი სათადარიგო მეკარე გვყავსო, წერს Empire of the Kop. ერთი სიტყვით, ლივერპულში გიორგი მამარდაშვილს ცალსახად სამარქაფო მეკარედ აღიქვამენ. შესაბამისად, ქართველს ძირითადი შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ბევრი შრომა და იღბალი დასჭირდება.

„ქომუნითი შეილდის’’ შეხვედრაში მერსისაიდელთა შემადგენლობაში ბრუნდება ვირჯილ ვან დაიკიც, რომელმაც ავადმყოფობის გამო ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.