სანამ ჩვენ ვხარობთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარიერაში მეორედ მოხვდა „ოქროს ბურთის’’ ნომინანტთა სიაში, „პარიზიენი’’ ხაზს უსვამს, რომ ამ ოცდაათეულში „პარი სენ ჟერმენის’’ ცხრა ფეხბურთელისთვის გამოიძებნა ადგილი, რაც რეკორდია. კვარაცხელიას გარდა ეს ფეხბურთელები არიან: აშრრაფ ჰაკიმი, დეზირე დუე, ჯანლუიჯი დონარუმა, ოსმან დემბელე, ჟოაო ნევეში, ნუნუ მენდეში, ფაბიან რუისი და ვიტინია.
„ორმა ფეხბურთელმა, პაჩომ და მარკინიოსმა ოცდაათეულში მოსახვედრად კომიტეტის წევრთა ხმების ნახევარი ვერ მიიღეს’’, ― განმარტა „კიპთან’’ საუბრისას „ფრანს ფუტბოლის’’ რედაქტორმა და „ოქროს ბურთის’’ ავან-ჩავანმა ვენსან გარსიამ.
„პარიზიენი’’ წერს, რომ თვალშისაცემია ოცდაათეულში ბრედლი ბარკოლას არყოფნაც, თუმცა გამოცემისთვის ეს მარკინიოსისა და პაჩოს ამბავზე უფრო გასაგებია, რადგან ბარკოლა პსჟ-ს ძირითადი შემადგენლობიდან დუემ (ფრანგების აზრით დუემ და არა კვარაცხელიამ) ამოაგდო.
ეკვადორელი პაჩო ლუის ენრიკეს ფეხბურთელთა შორის გასულ სეზონში მოედანზე გატარებული წუთების მიხედვით მეორეა ― 4545. ის „პარკ დე პრენსს’’ პირველივე სეზონიდან მოერგო და რიგ საკვანძო შემთხვევებში გადამწყვეტი როლიც ითამაშა. „პარიზიენს’’ მიაჩნია, რომ ის, რაც „ფრანკფურტის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში გააკეთა სრულიად საკმარისი იყო „ოქროს ბურთის’’ ნომინანტთა შორის მოსახვედრად.
და რასაკვირველია, პარიზელთა დიდ გულისტკივილს იწვევს მათი გუნდის ლეგენდარული კაპიტნის მარკინიოსის ვერ-მოხვედრა სიაში, მითუფრო რომ ჟიურის ორ კრიტერუიმს, გუნდური მუშაობის უნარსა და მოგებული ჯილდოების რაოდენობას ის სრულიად აკმაყოფილებს.
„პარიზიენი’’ წერს, რომ „ოქროს ბურთის’’ ხმოსნები ჩვეულებრივ ცენტრალურ მცველებს არ აფასებენ. ამ ამპლუის კაცი ბოლოს 2006 წელს გახდა საუკეთესო ფეხბურთელი. ეს იყო ფაბიო კანავარო, რომელმაც ჯიჯი ბუფონსა და ტიერი ანრის აჯობა. სულ „ფრანს ფუტბოლის’’ გამოკითხვა 68-ჯერ ჩატარდა და მათში ცენტრალურმა მცველმა მხოლოდ ოთხჯერ გაიამრჯვა: ოჯერ ფრანც ბეკენბაუერმა (1972, 1979), თითოჯერ კი მატიას ზამერმა (1992) და ხსენებულმა კანავარომ. 2024 წელს საუკეთესო ფეხბურთელად ჩამშლელი ნახევარმცველის როდრის დასახელებაც ანომალიად ჩანდა.
უცნაურია, რომ ოცდაათეულში მოხვდა „ჩელსის’’ მოთამაშე კოულ პალმერი, რომელსაც კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ორი გოლის გატანისა და ერთი საგოლე პასის გადაწოდების გარდა, „პარიზიენის’’ აზრით, სეზონის განმავლობაში ბევრი არაფერი გაუკეთებია. პრემიერლიგაში მან მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი ჩააწოდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 09:56ფაბრეგასი: იტალიაში ხანდახან ვერ ხვდები რა ხდება მოედანზე
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 08:37ადამიანის უფლებების მხრივ ყველგან წითელი ანთია!
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 08:26რიკელმე ამომრჩეველს კლოპსაც ჰპირდება
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 07:51პარი სენ ჟერმენის დამატებითი შემოსავალი
