კაშიას ყოფილი კლუბი შეიძლება გაქრეს

Home კატეგორიის გარეშე კაშიას ყოფილი კლუბი შეიძლება გაქრეს
კაშიას ყოფილი კლუბი შეიძლება გაქრეს

Imageჰოლანდიაში „ვიტესი’’, რომელიც ჩვენთვის გურამ კაშიას სახელთან არის დაკავშირებული, გაქრობის საშიშროების წინაშე დგას. არნემის კლუბი ნიდერლანდებში სიძველით  მეორეა, ის 1892 წელს არის დაარსებული, მაგრამ ისტორიამ ვერ უშველა: 1 აგვისტოს ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ, უფრო სწორედ კი მისმა სააპელაციო კომიტეტმა პროფესიული ლიცენზიის ჩამორთმევის საქმის გადახედავზე უარი შეუთვალა. „ვიტესმა’’ აპელაცია ჯერ კიდევ 2024 წელს შეიტანა. მას ჯარიმის სახით 18 ქულა ჩამოართვეს. ის 35 წელიწადში პირველად გავარდა მეორე დივიზონში, სადაც უნდა დაეწყო კიდეც ახალი სეზონი.

ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ კლუბმა ვერ წარადგინა საბანკო ანგარიში და დაბალანსებული ბიუჯეტი. ნიდერლანდურმა Voetbal International-მა კი დაწერა, რომ მას მთავარი კრედიტორის კოულ პერის 14 მილიონ ევროზე მეტი ვალი აქვს.

სააპელაციო კომიტეტის განცხადებაში წერია, რომ ერთწლიანი ვადის მიუხედავად „ვიტესმა’’ ვერ გაიაზრა თავისი ვალდებულებების მასშტაბი. არადა, პირობა ჰქონდა დადებული, რომ ყველა საჭირო ინფორმაციას ღიად და დაუბრკოლებლად წარმოადგენდა.

ახლა „ვიტესს’’ ერთადერთი გზა დარჩა, ნიდერლანდების სამოქალაქო სასამართლოში უნდა იჩივლოს.

შეგახსენებთ, რომ კაშიას კაპიტნობით „ვიტესმა’’ 2016-17 წლების სეზონში ჰოლანდიის თასი მოიგო. 2015-16 წლის სეზონში ის გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მან არნემის კლუბის შემადგენლობაში 292 შეხვედრა ჩაატარა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.