ლუის ენრიკე: ვარსკვლავი არასდროს ვყოფილვარ

Home კატეგორიის გარეშე ლუის ენრიკე: ვარსკვლავი არასდროს ვყოფილვარ
ლუის ენრიკე: ვარსკვლავი არასდროს ვყოფილვარ

Paris Saint-Germain head coach Luis Enrique looks on during the training session ahead of their FIFA Club World Cup 2025 Final match between Chelsea...დღეს ნიუ იორკის MetLife Stadium-ზე კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალია. ერთმანეთს ხვდებიან „პარი სენ ჟერმენი’’ და „ჩელსი’’. შეხვედრის წინა დღეს პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენცია გამართა.

ახლა ბევრს ლაპარაკობენ თქვენი ფეხბურთელების შესახებ. ხომ ვერ გვეტყვით, როგორ განწყობაზე არიან ისინი ფინალის წინ?

არც კი ვიცი რა გიპასუხოთ. სეზონის ბოლო თამაშს მგონი ჩინებული განწყობით ვხვდებით. ძალიან კარგი წელიწადი გვქონდა. ახლა მნიშვნელოვანია ეს ისტორიული წელიწადი რაც შეიძლება კარგად დავამთავროთ.

როგორ შეაჯამებდით ერთთვიან თავგადასავალს?

ჩემი ფეხბურთელების მხრიდან ბრწყინვალე იყო. საერთოდ, მთელი წლის განმავლობაში ძალიან ეფექტურები ვიყავით, ისტორიაში შევედით და გვინდა ასევე გავაგრძელოთ, მაგრამ თუ მთელი სეზონის ანალიზს ჩავატარებთ, გიპასუხებთ, რომ ის არაორდინარული იყო.

„რეალთან’’ მატჩის შემდეგ დავინახეთ, თუ როგორ ულოცავდით ფაბიან რუისს. გუნდისთვის ამ ფეხბურთელის მნიშვნელობაზე გვითხარით ორიოდ სიტყვა.

ვფიქრობ პსჟ-ს ყველა ფეხბურთელზე შეიძლება ითქვას, რომ ის საკვანძოა. ისინიც კი, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებიან, გადამწყვეტ როლს თამაშობენ. რაც შეეხება ფაბიან რუისს, მისი შემთხვევა განსაკუთრებულია. ორი წლის წინ მას ბევრი პრობლემა ჰქონდა, ახლა კი გამორჩეული მოთამაშეა.

ყველა თანხმდება იმაზე, რომ თქვენი გუნდი ბრწყინვალეა. თავს მთელი შეჯიბრების და ფინალის ვარსკვლავად ხომ არ გრძნობთ?

არც კი ვიცი რა გითხრათ. მე ვარსკვლავი არ ვარ. არც ფეხბურთელობისას ვყოფილვარ ვარსკვლავი და არც მწვრთნელობისას გახლავართ. უბრალოდ მიყვარს ჩემი საქმე. ყველაზე მეტად მიყვარს სირთულეები და მათი გადალახვა. სწორედ მაშინ ვგრძნობ, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებ. და რასაკვირველია, ძალიან მიყვარს სიხარულის წუთები. მსიამოვნებს, როდესაც ფანებს ვაბედნიერებთ. ჩემი სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო სეზონი? ხვალ თუ მოვიგებთ, მაგ კითხვაზე მერე გიპასუხებთ.

დღევანდელი „პარი სენ ჟერმენი’’ თავისი თავის საუკეთსო ვერსიაა, მიუხედავად იმისა, რომ მასში ადრინდელზე ნაკლები ვარსკვლავი თამაშობს. როგორ ფიქრობთ, ამის მიზეზი რა არის?

თქვენ კითხვა ჩინებულად ჩამოაყალიბეთ. დღეს სუპერვარსკვლავები არ გვყავს, ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ თერთმეტი ვარსკვლავია. ასეთია ფეხბურთი. ერთი არ არ არის საკმარისი, თერთმეტი გვჭირდება. მეტიც, ცამეტი, თოთხმეტი, თხუთმეტი… მათი პოვნა კი ჩემი და სპორტული დირექტორის საქმეა. იგივე ხდება ტრიბუნებზეც. იქ ხომ ერთი ვარსკვლავი არ ზის, იქ გულშემატკივართა მთელი ჯგუფია, სავსე სტადიონია. ვფიქრობ, ჩვენი წარმოდგენა ყველაზე კარგად სწორედ ასე შეიძლება. რასაკვირველია, ადრე თუ გვიან წავაგებთ, მაგრამ ზოგადად იმ გზაზე ვართ რომელზეც გვინდა რომ ვიყოთ.

„ჩელსი’’ კი თავისი განვითარების საწყის ეტაპზეა. რამდენად გეშინიათ მისი?

ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ ფინალური მატჩის სირთულე. მარესკა ძალიან მომწონს. მომწონს მისი მიდგომა, ფილოსოფია.  ლონდონელები ჩვენსავით ერთად უტევენ და თავს ერთად იცავენ. „ჩელსი’’ ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ამიტომ ძნელი მატჩი გველის.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.