„პარი სენ ჟერმენმა’’ გულშემატკივრის გული ლამაზი, ფანტაზიით აღსავსე ფეხბურთით მოიგო, თუმცა ლუის ენრიკემ დაამტკიცა, რომ მის მიერ შექმნილ გუნდს სირთულეების გადალახვაც შეუძლია. პარიზელთა ეს თვისება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში არაერთხელ გამოჩნდა და ის კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშიც თვალსაჩინო იყო.
პსჟ-მ ანგარიში 78-ე წუთზე გახსნა, დეზირე დუეს დარტყმამ მანუელ ნოიერი მოატყუა, მაგრამ მერე დაიწყო რაც დაიწყო: მსაჯმა ტეილორმა მოედნიდან ვილიან პაჩო გააძევა. საფრანგეთის ჩემპიონმა რიცხობრივ ჩამორჩენას გაუძლო, 92-ე წუთზე კი წითელი ბარათი ლუკა ერნანდესმაც მიიღო. ბევრი გუნდი ასეთ დღეში ჩავარდნის შემდეგ გატყდებოდა მითუფრო, რომ მეტოქე „ბაიერნი’’ იყო, მაგრამ პარიზელებმა წარბი არ შეიხარეს და 90+6 წუთზე ოსმან დემბელემ მეორე შეაგდო.
„ამ სეზონში ნამდვილი გუნდური სულისკვეთება ვაჩვენეთ, ― თქვა მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ, ― შეიძლება მოვიგოთ, ფრედ ვითამაშოთ ან წავაგოთ, მაგრამ სული არსად იკარგება. ჩვენ სიმტკიცით გამოვირჩევით. პსჟ-ს გულშემატკივრები მტკიცე ხალხია. ისინი კონტექსტის მიუხედავად გვეხმარებიან. მატჩის ბოლო მონაკვეთი გიჟური იყო. მოედანზე ორი კაცით ნაკლები დავრჩით. ვფიქრობ დღეს ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება. ჩვენც შესანიშნავად ვითამაშეთ და „ბაიენმაც’’. თამაში ძალიან დაძაბული იყო. ვიცოდით, რომ მძიმე შეხვედრა გველოდა. დღეს დავამტკიცეთ, რომ თუკი გამოჩნდება გუნდი, რომელსაც ჩვენთვის ბურთის წართმევა შეუძლია, მას კონტრშეტევებით შევუქმნით პრობლემებს’’.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი გოლის გატანიდან დაახლოებით ერთ თვეში 20 წლის დუემ დაამტკიცა, რომ დიდ მატჩებში გოლის გატანა ნამდვილად ეხერხება. მან ჟოაო ნევეშის პასი მიიღო, დასარტყმელ პოზიციაში გადაიტანა და ნოიერს გაუტანა. მატჩის შემდეგ დუემაც გუნდურობას გაუსვა ხაზი.
„ვფიქრობ, ძლიერი სულისკვეთებით გამოვირჩევით. დღეს სწორედ ეს ვაჩვენეთ. დღევანდელი გამარჯვება კოლექტიური იყო. ბოლოს შეხვედრა დაიძაბა. ორთაბრძოლებში მოგვიხდა შესვლა, რაც ძალიან ძნელი გახლდათ. მიხარია, რომ თანაგუნდელებს დაცვაში დავეხმარე’’.
აშრაფ ჰაკიმიმ კი დემბელეს დიდებული ასისტენტობა გაუწია. მან მარჯვენა ფრთაზე სამი მეტოქე მოატყუა და საგოლე პასი მერეღა შეასრულა. ჰაკიმიმ თქვა: „ამ სეზონში ბევრი რთული მომენტი გადავლახეთ. ჩვენს გუნდს მტკიცე ხასიათი აქვს. სწორედ მისი წყალობით ვძლევთ სირთულეებს. „ბაიერნის’’ კარში მეორე გოლის გატანა მოვახერხეთ და დავამტკიცეთ, რომ ტიტულის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტები ვართ’’.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას პირველ ტაიმში თავადაც შეეძლო გოლი გატანა, მაგრამ ნოიერმა აუღო და შემდეგ ბრედლი ბარკოლა შეიყვანა გერმნელ მეკარესთან პირისპირ ― გამარჯვებული ამ ეპიზოდშიც ნოიერი გამოვიდა. იყო კიდევ ერთი მომენტი, როდესაც კვარამ ნოიერს პასი ჩაუჭრა და შეუტია. ამ პიზოდში დემბელემ ააცილა სულ ოდნავ.
Flashscore-მა ქართველ გარემარბს 7.5 დაუწერა (პსჟ-ში მეოთხე შეფასება), whoscored-მა მისი თამაში 7.2 ქულით შეაფასა (მეექვსე შეფასება), sofascore-ის აზრით კვარაცხელია 6.6-ს იმსახურებდა (მეათე შეფასება), ხოლო maxifoot-ის აზრით 5.5-ს (მეშვიდე შეფასება). maxifoot-მა თავისი გადაწყვეტილება ასეთი სიტყვებით დაასაბუთა:
„ქართველმა გარემარბმა საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა, მაგრამ რიგ ეპიზოდებში სახიფათო იყო, განსაკუთრებით, როდესაც თავისი გარღვევებით ლაიმერს ქანცავდა. შესვენების შემდეგ ის უფრო მოედნის შუაში ტრიალებდა, რადგან დაცვაში ჩარბენებისგან დაიღალა. 84-ე წუთზე კვარაცხელია ლუკას ბერალდომ შეცვალა (როდესაც პსჟ მოედანზე უმცირესობაში დარჩა და ლუის ენრიკეს დაცვა გაუხდა გასაძლიერებელი).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 11:37დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 10:21ხულიგნობა პარიზის ცენტრში
სიახლეები31/05/2026 | 08:48ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
