მერვედფინალი: კვარა vs მესი

Home კატეგორიის გარეშე მერვედფინალი: კვარა vs მესი
მერვედფინალი: კვარა vs მესი

Khvicha KVARATSKHELIA of PSG and Bradley BARCOLA of PSG during the FIFA Club World Cup 2025 match between Seattle and Paris at Lumen Field on June...„პარი სენ ჟერმენმა’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში „სიეტლ საუნდერსს’’ 2:0 მოუგო. პარალელურად მადრიდის „ატლეტიკომ’’ „ბოტაფოგოს’’ 1:0 სძლია. შედეგად B ჯგუფში სამმა გუნდმა 6 ქულა დააგროვა და გოლების უკეთესი სხვაობის მიხედვით ადგილები ასე განაწილდა: პირველზე – პსჟ, მეორეზე – „ბოტაფოგო’’, მესამეზე – „ატლეტიკო’’ და მეოთხეზე – „სიეტლი’’.

იმავე საღამოს ანუ საქართველოში გამთენიისას გაიმართა A ჯგუფის თამაშებიც. „პორტუ’’ და „ალ აჰლი’’ დაზავდნენ – 4:4 („ალ აჰლი’’ ოთხჯერ გავიდა წინ, მაგრამ „პორტუმ’’ ოთხჯერვე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება; ბოლოს 89-ე წუთზე). ფრედ ითამაშეს „ინტერ მაიამიმ’’ და „პალმეირასმაც’’. ამერიკელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მე-80 და 87-ე წუთებზე ბრაზილიელებმა ორი გოლის გატანა შეძლეს. შედეგად, „პალმეირასმა’’ და „ინტერ მაიამიმ’’ 5 ქულა დააგროვეს. გატანილ და გაშვებულ გოლთა უკეთესი სხვაობის გამო პირველზე ბრაზილიური გუნდი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მისი „პარი სენ ჟერმენი’’ კვირას, 29 ივნისს მერვედრინალში საქართველოს დროით 20 საათზე ლეო მესისა და მის „ინტერ მაიამის’’ დაუპირისპირდებიან.

პსჟ-სა და მაიმაის გუნდის შეხვედრა იმით არის საინტერესო, რომ ამერიკელთა კლუბის მეპატრონე და მთავარი ვარსკვლავი პარიზელთა ყოფილი ფეხბურთელები, დევიდ ბექემი და მესი გახლავან. ამას დაამატეთ, რომ პსჟ-ს მწვრთნელი ლუის ენრიკე „ბარსელონაში’’ მუშაობის დროს მესის მწვრთნელი იყო. „პარი სენ ჟერმენში’’ მესიმ 2021-23 წლები გაატარა.

შეხვედრა ატლანტის „მერსედეს-ბენც სთედიუმზე’’ გაიმართება, რომელიც 72 000 მაყურებელს იტევს და თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. შეხვედრა ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაერის ტემპერატურა სავარაუდოდ 30 გრადუსი იქნება.

ამრიგად, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება პარიზელებისთვის აშშ-ის აღმოსავლეთით, სამი(!) საათით განსხვავებულ დროით სარტყელში გადაბარგებას ნიშნავს. აქამდე, 10 ივნისის შემდეგ ისინი კალიფორნიაში ცხოვრობდნენ, სადაც ირვინის უნივერსიტეტის მოედანზე ვარჯიშობდნენ.

იმ შემთხვევაში თუ „ინტერ მაიამის’’ დაამარცხებს და მეოთხედფინალში გავა, პსჟ ატლანტაში დარჩება და მომდევნო შეხვედრას 5 ივლისს, შაბათს ჩაატარებს. არ არის გამორიცხული, რომ მისი მეტოქე ისევ ბრაზილიური გუნდი იყოს, ამჯერად „ფლამენგო’’, სადაც „მარსელში’’ თამაშით ნაცნობი ჟერსონი, იტალიელი ჟორჟინიო და „რეალში’’, „მანჩესტერ სიტისა’’ და „იუვენტუსში’’ გამოცდილი დანილო გამოდიან.

„ფლამენგოს’’ გარდა მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში საფრანგეთის ჩემპიონის პოტენციური მეტოქეები არიან „ბენფიკა’’, „ბოკა ხუნიორსი’’ და „ბაიერნი’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.