რეიმსს თასის ფინალში პსჟ-თან თამაში არ უნდა

Home კატეგორიის გარეშე რეიმსს თასის ფინალში პსჟ-თან თამაში არ უნდა
რეიმსს თასის ფინალში პსჟ-თან თამაში არ უნდა
John PATRICK of Reims during the Ligue 1 McDonald's match between Lille and Reims on May 17, 2025 at Decathlon Arena in Lille, France.
„რეიმსის” ფეხბურთელებმა შეიტყეს, რომ გადათამაშებაში ამოყვეს თავი.

ლიგა 1-ის ბოლო დღეს, უფრო სწორად მის ბოლო წამებზე, „სტად დე რეიმსმა’’ რომელიც შაბათს საფრანგეთის თასის ფინალში „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა შეხვდეს, მე-16 ადგილზე ამოჰყო თავი, ეს კი გადათამაშებაში მოხვედრას ნიშნავს.სხვა სიტყვებით, ლიგა 2-ში რომ არ გავარდეს მან 21 და 29 მაისს „მეცს’’ უნდა აჯობოს და რაა გასაკვირი, რომ მისთვის ეს ორი შეხვედრა 24 მაისის ფინალთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობისაა.

2 აპრილს, როდესაც „რეიმსმა’’ ნახევარფინალში „ნანტს’’ 2:1 მოუგო, დიდი ზეიმი გაიმართა. მაშინ გუნდმა და მისმა გულშემატკივრებმა ისტირულ გამარჯვებაზეც კი დაიწყეს ოცნება. „ფინალისკენ გზა იმიტომ გავიკვალეთ, რომ ჩვენი შესაძლებლობის გვჯეროდა’’, – თქვა იმ მატჩში გადამწყვეტი გოლის ავტორმა, მალტელმა ტედი ტეუმამ. ეს იყო პერიოდი, როდესაც საფრანგეთში პსჟ-თვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ „სტრასბურს’’ მოეხერხებინა ― (1:1 შინაც და პარიზშიც).

დღეს, ექვსი კვირის შემდეგ სურათი შეცვლილია. ბოლო ტურში „რეიმსმა’’ ლილში 1:2 წააგო, „ლე ავრმა’’ კი 90+9 წუთზე გაუტანა „სტრასბურს’’ (ანგარიში იყო 2:2 და 3:2 მოიგო) და თასის ფინალისტი გუნდი ფლეი-ოფში გააწესა. ასეთმა დრამამ „რეიმსს’’ კალენდარში ორი საბედისწერო შეხვედრა დაუმატა, თასის ფინალი კი მათ შორის მოექცა.

შესაბამისად, „რეიმსის’’ პრეზიდენტ ჟან-პიერ კაიოლს აღარ ახსოვს საკუთარი პირობა, ოგიუსტ დელანის სტადიონიდან სტად დე ფრანსამდე (რეიმსიდან პარიზამდე, სადაც ფინალი უნდა გაიმართოს) ველოსიპედით ჩავალო. კლუბის პრეს-სამსახურმა სერიოზული ტონით დაწერილი განცხადება გაავრცელა: „ეს პროექტი ცხადია შეჩერდა და გადაიდო, რადგან პრეზიდენტს სურს თავი მთლიანად კლუბს მიუძღვნას. ახლა ფეხბურთელების, თანამშრომლებისა და გულშემატკივრის მთელი ენერგია ზედიზედ სამი ფინალისკენ უნდა მივმართოთ’’.

მეორე მხრივ ფაქტია, რომ საფრანგეთის თასის პრესტიჟულობა და ის, რომ მისი მოგების შემთხვევაში გუნდი ევროლიგის წინასწარ ეტაპზე თამაშის უფლებას მიიღებს, ლიგა 1-ში დარჩენის მნიშვნელობას ვერ გადაწონის. „რეიმსის’’ მეკარე ევან დიუფი ამას არც მალავს: „თასის ფინალზე კონცენტრირება ძნელია. პირდაპირ გეუბნებით, მასში მონაწილეობა არ მინდა, მაგრამ ასე რომ მოვქცე პირში მწარე გემო დამრჩება’’.

„რეიმსის’’ მწვრთნელი სამბა დიავარა: „ჩემთვის თასის ფინალი მეორეხარისხოვანია. ჩვენ ოთხშაბათს „მეცთან’’ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. მთელი კლუბი უნდა დარწმუნდეს, რომ ლიგა 1-ში ვრჩებით’’.

ბევრი რამ პირველი მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის ისიც, დაასვენებს თასის ფინალში დიავარა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს თუ არა. და ამ ყველაფერმა „პარი სენ ჟერმენის” თავკაც ლუის ენრიკეს შეიძლება ცუდი სამსახური გაუწიოს, ვინაიდან პარიზელთა ესპანელ მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ფეხბურთელების ფორმის შესანარჩუნებლად სერიოზული თამაში სჭირდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.