
საფრანგეთში ფლეი-ოფებისა და მეორე პირდაპირ გავარდნილის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა. გადათამაშებაში მონაწილეობისთვის იბრძვიან ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი’’ (30 ქულა, მე-17 ადგილი) და „ლე ავრი’’ (31 ქულა, მე-16 ადგილი). ქართველი თავდამსხმელის გუნდი თეორიულად შეიძლებოდა უკვე გავარდნილიყო, მაგრამ შაბათს სტუმრად „რეიმსს’’ 2:0 მოუგო.
ამ შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე ფლორან ტარდიუმ გახსნა, 41-ზე კი ირვინ კარდონამ მეორეც შეაგდო. ვინმემ რომ არ იფიქროს, თითქოს „სენტ ეტიენმა’’ უმოტივაციო მეტოქეს აჯობა გეტყვით, რომ „რეიმსს’’ (33 ქულა, მე-14 ადგილი) თავი ქუდში ჯერ არ აქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შემდეგ ტურში „ლე ავრი’’ მოიგებს, მას ლილში ფრეც აძლევს ხელს.
„ლე ავრმა’’ „მარსელთან’’ შინ 1:3 წააგო. ეს იყო მატჩი, რომელიც ტრიბუნაზე არეულობის გამო შეწყდა. არეულობა 56-ე წუთზე სტუმარი ამინ გიურის გოლს მოჰყვა. შეხვედრა რომ განახლდა ისა სუმარემ 66-ე წუთზე გაქვითა, მაგრამ თამაშის ბოლოს მეისონ გრინვუდმა და გიურიმ კიდევ ორი გოლი გაიტანეს.
„ლე ავრს’’ ბოლო შეხვედრა სტრასბურში აქვს, „სტრასბურს’’ კი ევროთასზე მოსახვედრად მოგება სჭირდება. რაც შეეხება „სენტ ეტიენს’’ ამჯერად მას მართლაც უმოტივაციო „ტულუზთან’’ აქვს შინ სათამაშო.
„ლე ავრისგან’’ და „სენტ ეტიენისგან’’ განსხვავებით „ნანტმა’’ ამოისუნთქა. ანტუან კომბუარეს ფეხბურთელებმა ოსერთან ორდღიანი შეკრება გაიარეს და 1:1 ითამაშეს. ახლა „ნანტს’’ „სენტ ეტიენზე’’ 3 ქულით მეტი და გატანილ-გაშვებულთა გაცილებით უკეთესი (-16 და -37) სხვაობა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ზურიკო დავითაშვილი მა მისი თანაგუნდელები მას ვეღარ გადაასწრებენ. რაც შეეხება „ლე ავრთან’’ ორქულიან უპირატესობას, მას ნანტელები ალბათ ხელიდან არ გაუშვებენ, რადგან ბოლო ტურში წყალწაღებულ, უკვე გავარდნილ „მონპელიეს’’ მასპინძლობენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 12:07შერკი-ნება მწვრთნელთან
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 10:23რა ეუცნაურა ოუენ ჰარგრივზს
მთავარი ამბავი19/07/2026 | 09:44მატჩი, რომელიც არავის უნდოდა
მთავარი ამბავი18/07/2026 | 10:23დე ლა ფუენტეს და როდრის არგენტინელთა აგრესიულ ქცევაზე ჰკითხეს
