თავქუდმოგლეჯილი საშა

Home აქეთურ-იქითური თავქუდმოგლეჯილი საშა
თავქუდმოგლეჯილი საშა

ეს მხოლოდ და მხოლოდ კეპია, მაგრამ პარიზთან მდებარე შამპინი სიურ მარნის უბან მორდაკში დიდი განხილვის საგანი გახდაო, წერს „პარიზიენი’’. ამბავი ოთხშაბათს მოხდა, „პარი სენ ჟერმენისა’’ და „არსენალის’’ მატჩის შემდეგ, რომდესაც საფრანგეთის დედაქალაქის გუნდმა ლონდონელებს 2:1 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა: „ბაიერნის’’ მცველს საშა ბოეს კეპი მოსტაცეს!

24 წლის ფრანგი ახალგაზრდა ქალთან ერთად მანქანაში იჯდა, როდესაც თავიდან ქუდი მოგლიჯეს. ამ კადრის ნახვა ქვემოთ შეგიძლიათ. პსჟ-ს გამარჯვებით გამოწვეული ზეიმი პიკზე იყო. კადრი მავანმა გამვლელმა გადაიღო და ის სოციალურ ქსელებს როგორც ამბობენ ვირუსივით მოედო.

ბოე გაბრაზდა, მანქანიდან გადმოვიდა, მაგრამ რამდენიმე კაცმა შეურაცხყოფა მიაყენა და მანქანაში დაბრუნება აიძულა. იმავე ღამეს აპლიკაცია Snapchat-ში დაიდო პოსტი, რომელშიც სავარაუდოდ გამტაცებელმა ფეხბურთელს შეხვედრა და ქუდის გამორთმევა შესთავაზა. პოსტს სიცილის ემოჯები ახლდა.

საინტერესო ის არის, რომ ამის შემდეგ საშა ბოემ სოცქსელებით გამტაცებლებს მართლა სთხოვა კეპის დაბრუნება, მათ კი ხმოვანი მესიჯებით უპასუხეს მორდაკში მოდი და ქუდის სანაცვლოდ „ბაიერნის’’ მაისურა მოიტანეო.

ხუთშაბათს კი შედგა საფეხბურთო მატჩი მორდაკისა და პონ-ლ’აბეს უბნებს შორის. დერბი მორდაკელებმა მოიგეს და… ბოეს ქუდიც დემონსტრაციულად გამოფინეს. კადრში ერთი ბიჭი იცინოდა, ჩვენმა უბანმა პენალტებში კეპის წყალობით გაიმარჯვაო. ამ ბიჭმა „პარიზიენს’’ უამბო, რომ მისი ნაცნობი ფეხბურთელს მხოლოდ და მხოლოდ გაეხუმრა და მერე ქუდის დაბრუნებაც უნდოდა, მაგრამ ამასობაში ბოემ თავისი „ლამბორგინი’’ დაძრა და მისი პოვნა შეუძლებელი გახდა. სხვა ვერსიით, ეს იყო შურისძიება ავტოგრაფზე უარის გამო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.