„პარი სენ ჟერმენს’’ ლიგა 1 უკვე მეტისმეტად ეპატარავებაო, წერს „პარიზიენი’’. ხვიჩა კვარაცხელიას ახალმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში საქმე ფაქტობრივად მოამთავრა. მას მეტოქე თავისივე ქვეყნიდან ჰყავდა ― „ბრესტი’’, რომლის სტადიონიც ევროტურნირებისთვის პატარაა და ამიტომ შეხვედრა გინგამში გაიმართა. გაზეთი წერს, რომ „ბრესტი’’ მამაცი გუნდია და თუ ოდესმე სითამამის პრიზს დააწესებენ, იგი მას აუცილებლად მოიგებს; მაგრამ მთავარი სითამამე არ არის, მთავარი ფეხბურთია, რომელსაც პსჟ ამ ეტაპზე ბრწყინვალედ თამაშობს. პარიზელებს ყველა მხარეს ტუზები ჰყავს, რომელთა შორის ოსმან დემბელე გამოირჩევა. „ჩვენ არ ვიცით 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ჩამრთველია თუ ნათურა, მაგრამ ის ყველაფერს ანათებს’’, – წერს „პარიზიენი’’. 19 თებერვალს, თუ რაიმე წარმოუდგენელი არ მოხდა, „პარი სენ ჟერმენი’’ „პარკ დე პრენსზე’’ მერვედფინალში გავა, სადაც „ბარსელონას’’ ან „ლივერპულს’’ შეხვდება.
მომენტების აღწერას არ შევუდგებით. ხვიჩა სასატარტო შემადგენლობაში არ იყო. ის მოედანზე 67-ე წუთზე დეზირე დუეს მაგივრად შევიდა, თუმცა ერთი წუთით ადრე პარიზელებმა მესამე გოლი გაიტანეს და თამაში ფაქტობრივად მანდ დამთავრდა, ასე რომ კვარაცხელიას ბრძოლაში მონაწილეობა არც მოუხდა.
Flashscore-მა და sofascore-მა ქართველს 6.6 ქულა დაუწერეს, ხოლო whoscored-მა 6.1.
რაც შეეხება გოლების ავტორებს: ანგარიში 21-ე წუთზე პენალტით (ხელით თამაშისთვის დაინიშნა) ვიტინიამ გაიტანა, შემდეგი ორი გოლი კი 45-ე და 66-ე წუთებზე ოსმან დემბელემ შეაგდო.
შემდეგი შეხვედრა „პარი სენ ჟერმენს’’ 15 თებერვალს ტულუზში აქვს, რომელიც ლიგა 1-ის ცხრილში მე-10 ადგილზეა. ის ლიდერს 26 ქულით ჩამორჩება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
