„ბრესტსა’’ და „პარი სენ ჟერმენს’’ შორის გამართული გოლებით უხვი სპექტაკლის ბოლოს ტაბლოზე პარიზელ სტუმართა სასარგებლო ანგარიში 5:2 ეწერა. ხვიჩა კვარაცხელიამ 58 წუთი ითამაშა. შეხვედრის დასაწყისში ერთი ეფექტური პასი შეასრულა და მეტად ხელსაყრელი მომენტიდან გოლი ვერ გაიტანა. Flashscore-მა ქართველს 6.6 ქულა დაუწერა, whoscored-მა – 6.3, ხოლო sofascore-მა 6.0.
მატჩის გმირი კი გახდა ოსმან დემბელე, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. შეგახსენებთ, რომ იგივე გუნდები მალე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
დემბელესთვის ეს ზედიზედ მეორე ჰეთ-თრიკია. წინა შეხვედრაში მან „შტუტგარტსაც’’ სამი გოლი შეუგდო.
ფრანგულ პრესაში ხაზს უსვამენ, რომ ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ შემადგენლობა კი არ დაასვენა, არამედ ყველას აჩვენა, რომ დაღლას არ ეპუება. პსჟ-ს შეტევაში კვარაცხელია, დემბელე და ბრედლი ბარკოლა განლაგდნენ. საინტერესო იყო, თუ როგორ ცვლიდა ეს სამეული პოზიციებს. კარგად ითამაშა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ. თამაში ნეიტრალური მაყურებლისთვის სასეირო გამოდგა.
„ოსმან დემბელე დამშვიდებულია, ნეტავ ფსიქოლოგი ხომ არ აიყვანა? ჩვენ დიდი ევოლუციის მომსწრენი ვართ და თავდამსხმელის ეფექტურობის წინაპირობა ალბათ სწორედ ეს არის. ამ ბიჭმა ინსტინქტურად უნდა ითამაშოს, საკუთარი თვისებები აკონტროლოს. ხანდახან მას თრგუნავს იმის გააზრება, თუ რას ითხოვენ მისგან, დღეს კი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ამ კუთხით გაიზარდა’’, – თქვა მატჩის შემდეგ „ეკიპის’’ კონსულტანტმა, პსჟ-ს ყოფილმა კაპიტანმა ერიკ რაბესანდრატანამ.
20 ტურის შემდეგ „პარი სენ ჟერმენი’’ ლიგა 1-ის ცხრილში 50 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. მისი მდევარი „მარსელი’’ დღეს „ლიონს’’ მასპინძლობს, მაგრამ რომც მოიგოს, სხვაობა მაინც 10 ქულა იქნება.
შემდეგი თამაში პარიზელებს 4 თებერვალს საფრანგეთის თასზე სტუმრად აქვთ „ლე მანთან’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
