გაუმარჯოს იტალიას! ეს იტალიაა! – წერს „პარკ დე პრენსზე” საფრანგეთთან 3:1 გამარჯვების შემდეგ იტალიელი ჟურნალისტი სანდრო საბატინი. ის განაგრძობს: ამ იტალიას არაფერი აქვს საერთო გუნდთან, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი ბრაზისა და სიამაყის გარეშე დატოვა. ბერლინში შვეიცარიასთან თამაშის (0:2 ევრო 2024-ის მერვედფინალში) შემდეგ იყო მხოლოდ სირცხვილი და სტვენა; პარიზში ერთა ლიგაზე საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ კი არის მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემა და აპლოდისმენტები.
საბატინი calciomercato-ში წერს, რომ საფრანგეთის რევოლუცია ამჯერად ლუჩანო სპალეტიმ მოახდინა. ფრანგთა ცნობილი დევიზი libertè, egalitè, fraternitè (თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა) გუშინდელი თამაშის ენაზე რომ ვთარგმნოთ ასეთ რამეს მივიღებთ:
თავისუფლება – იტალიის ნაკრებმა სამი მცველით და ერთი თავდამსხმელით ითამაშა. გუნდი ფიქრობდა ნამდვილ და არა ხელოვნურად გამოგონებულ, თეორიულ ფეხბურთზე.
თანასწორობა – მოედანზე ვიხილეთ ფეხბურთელები, რომლებიც უკეთეს ფორმაში იყვნენ. ყოველგვარი წინასწარ დათქმული იერარქიის გარეშე.
ძმობა – ჩვენს თვალწინ იყო ენთუზიასტთა კომპაქტური ჯგუფი და არა უსარგებლო შიდა დაპირისპირებებითა და ახირებული ტაქტიკური იდეებით დაშლილი ნაკრები.
ასეთი გახლდათ „იტალიური რევოლუციის” სამი სიმბოლური სიტყვა და სამი გოლი ზოზინა, თავგასული საფრანგეთის კარში, რომელიც ისე როგორ მისი ლიდერი კილიან მბაპე რეგრესის გზაზე დგას.
საბატინი მკითხველს შეახსენებს, რომ საფრანგეთისა და იტალიის შეხვედრის პირველივე წუთზე ფრანგებმა ანგარიში გახსნეს (ბრედლი ბარკოლამ გაიტანა). შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი დაწყებამდევე დამთავრდა, სინამდვილეში კი ყველაფერი ისე დაიწყო, სპალეტის გუნდის გულშემატკივარი უკეთესს რომ ვერ ინატრებდა. (ფედერიკო დიმარკომ, დავიდე ფრატეზიმ და ჯაკომო რასპადორიმ მასპინძლებს სამი გოლით უპასუხეს), გაუმარჯოს იტალიას! ეს იტალიაა! – ასრულებს ჟურნალისტი იმავე სიტყვებით, რომლითაც დაიწყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
