„ნაპოლი” დიდი ცვლილებების მიჯნაზეა. „სალერნიტანასთან” შეხვედრით სეზონი მთავრდება. კლუბს სტოვებენ დიეგო დემე, პიოტრ ჟელინსკი და რაც მთავარია, მიდის ვიქტორ ოსიმენი. ნიგერიელი „პარტინოპეელებს” ბევრ მილიონ ევროს მოუტანს.
ამას ემატება სხვა მოთამაშეებთან დაკავშირებული გაურკვევლობაც. ასე მაგალითად, ბოლო დღეებში დაირხა ხმა, რომ კლუბის დატოვება უნდა კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს. spazionapoli-ს თქმით შესაძლოა ისიც კი მოხდეს, რომ „სალერნიტანასთან” თამაში „ნაპოლის” შემადგენლობაში ბოლო აღმოჩნდეს ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც, რომელსაც „პარი სენ ჟერმენი” ეპატიჟება.
პარიზელებს თავიანთი წინადადება ნეაპოლში ჯერ ოფიციალური წერილის სახით არ გაუგზავნიათ, მაგრამ იტალიაში ამბობენ, რომ ისინი 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან, ეს კი ძალიან დიდი თანხაა იმისათვის, რომ აურელიო დე ლაურენტისმა უარი თქვას.
„მილანის”, „იუვენტუსის” და „ფიორენტინას” ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო ორლანდომ TMW Radio-ში თქვა, რომ „ნაპოლის” პრეზიდენტი „პარი სენ ჟერმენის” წინადადებას უნდა დაჰყაბულდეს. „როგორ გინდა ასეთ თანხაზე უარი თქვა? ჭკვიანი კაცი 100 მილიონად ახალ გუნდს ააწყობს. თუ „ნაპოლი” კვარასა და ოსიმენში 200 მილიონს მიიღებს, ამ თანხით ბაზარში წასვლაზე თვით ანტონიო კონტეც ვეღარ იტყვის უარს”, — აღმოხდა ორლანდოს პოდკასტ „მარაკანას” პირდაპირ ეთერში.
გულშემატკივრისთვის კვარაცხელიას და ოსიმენის ერთდროულად დაკარგვა წელს ქვემოთ დარტყმის ტოლფასი იქნება, მაგრამ არის ასეთი მოსაზრებაც: დე ლაურენტისისთვის წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა და მათ ნაცვლად მოყვანილი ახალი მოთამაშეებით წარმატების მიღწევა უცხო ხილი არ არის. რამდენად გამოუვა „პარტენოპეელთა” პრეზიდენტს ამ ოპერაციის კიდევ ერთხელ ჩატარება, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
