კალცონა: ვცდილობ კვარას და ოსიმენს ავუხსნა, რომ ფეხბურთი კიდევ სხვა რამისგან შედგება

Home აქეთურ-იქითური კალცონა: ვცდილობ კვარას და ოსიმენს ავუხსნა, რომ ფეხბურთი კიდევ სხვა რამისგან შედგება
კალცონა: ვცდილობ კვარას და ოსიმენს ავუხსნა, რომ ფეხბურთი კიდევ სხვა რამისგან შედგება

Napoli's Khvicha Kvaratskhelia celebrates after scoring a goal during the Serie A soccer match between Napoli and Juventus at the Diego Armando Maradona stadium in Naples, Italy, Sunday, March 3, 2024. (Alessandro Garofalo/LaPresse via AP)„ნაპოლისა” და „რომას” დღევანდელი შეხვედრის წინ ნეაპოლელთა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ DAZN -ს მისცა ინტერვიუ. გთავაზობთ ციტატებს:

დებიუტი „ბარსელონასთან”: იმ დღეს სანამ ჩავის ხელს ჩამოვართმევდი იმდენი რამ მოხდა, რომ კარგად ვერც კი ვაცნობიერებდი, რამხელა მატჩი გვიახლოვდებოდა. დიდი ემოცია დამეუფლა. ასეთი რამ ყოველ დღე არ ხდება.

გამარჯვება „იუვენტუსთან”: იმ დღეს „ნაპოლის” ყველა გულშემატკივარს თუნდაც ერთი დღით უდიდესი სიამოვნება მივანიჭეთ. პირადად მე სამი ქულით ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ აშკარა იყო, რომ ამ სამი ქულის სწორედ „იუვენტუსთან” მოპოვებას გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ვხედავდი, თუ რა ბედნიერები ტოვებდნენ ადამიანები სტადიონს და მიხაროდა. იმ დღეს ბევრი ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, „იუვენტუსის” გულშემატკივარი მოვიდა, რათა ჩემი „ნაპოლი” ენახა და ჩემთვის დაეჭირა მხარი. მათ სიხარულისგან თვალზე ცრემლი მოადგათ. იმის ნახვა, თუ როგორ ადგება თვალზე სიხარულის ცრემლი ადამიანს, რომლის საყვარელმა გუნდმაც წააგო, ერთ რამედ ღირდა. მათ ჩემ გამო უხაროდათ.

დე ლაურენტისის შესახებ: მე ვუსმენდი პრეზიდენტს გზაში, როდესაც ნეაპოლისკენ მოვემართებოდი. ის ადიდებულ მდინარეს ჰგავდა. მან უამრავი რაღაც მითხრა. დე ლაურენტისი კარგად მეპყრობა, საერთოდ არ არის დაჟინებული და შემაწუხებელი ადამიანი. მე მასთან ურთიერთობით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ნაპოლი: „ნაპოლი” ის გუნდია, რომელსაც ბავშვობაში ვგულშემატკივრობდი, მისი თამაშების სანახავად სტადიონზე დავდიოდი. პატარები ვიყავით და აქ ჩამოსასვლელად მატარებლით ვმგზავრობდით. ჩემი კერპი იყო მასიმო პალანკა (კუთხურიდან ახვევდა კარში). ამიტომ, ნეაპოლში ჩამოსასვლელად დამატებითი მიზეზიც მქონდა. დღეს „ნაპოლის” სათავეში დგომა ჩემთვის დიდი პატივია.

ახლა მესამედ ვარ „ნაპოლის” წევრი, მაგრამ ამ გუნდს არასდროს დავშორებივარ. ყოველთვის, როდესაც აქ ჩამოვდიოდი, ზეიმის მონაწილედ ვგრძნობდი თავს. ამჯერად ცუდი პერიოდი გვიდგას, მაგრამ ქუჩაში არავინ მაჩერებს და არავინ მაკრიტიკებს.

კვარა და ოსიმენი: დედა ბუნებამ ეს ორი ფეხბურთელი ჩვეულებრივზე დიდი ნიჭით დააჯილდოვა. მე მათთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს, რადგან ვცდილობ ავუხსნა, რომ ფეხბურთი კიდევ სხვა რაღაცებისგანაც შედგება. კვარა და ოსიმენი ფანტასტიკური მოთამაშეები არიან, რადგან მათ გამორჩეული ტექნიკური და ფიზიკური უნარები აქვთ. ასე რომ, ჩემთვის მათთან მუშაობა სიამოვნებაა.

ოქროს ბურთი: ვფიქრობ, მათ შეუძლიათ „ოქროს ბურთისთვის” იბრძოლონ, მაგრამ მანამდე ძალიან უნდა დახვეწონ თავიანთი თამაში. ჩემი აზრით მათ რაღაც აკლიათ. ახლა მთლიანად მათზეა დამოკიდებული მიხვდებიან თუ არა იმას, რასაც მე ან სხვა მწვრთნელები ვეუბნებით და მიაღწევენ თუ არა მწვერვალს.

ლობოტკა: ამ ბიჭს უნიკალური გონება აქვს. ის როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა ძალიან ჭკვიანია. მოედანზე მისთვის რამის მითითების საჭიროება არ არსებობს. მას ჩიჩინი არ სჭირდება, პირველივე თქმიდან ყველაფერს ხვდება. ის სერიოზული პროფესიონალია, საწვრთნელ ცენტრში დილის 8 საათზე მოდის და ერთ-ერთი ბოლო ტოვებს იქაურობას.

დი ლორენცო: ჯოვანი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია. ის საუცხოო ადამიანია, რომელთანაც ძალიან ადვილია ურთიერთობა. მე მიყვარს მისნაირი ხალხი: მშვიდი, სიტყვაძუნწი. ის ყველა წინადადებას გაგებით იღებს. როდესაც ელაპარაკები, ფაქტობრივად მორცხვად გისმენს. ის ისტორიული გუნდის კაპიტანი იყო. მიმდინარე სეზონის პრობლემებს ძალიან განიცდის, ისევე, როგორც ყველა სხვა, მაგრამ გაჭირვების ხუთმა თუ ექვსმა თვემ მის პიროვნებაზე ვერ იმოქმედა. ის კვლავ „ნაპოლის” ერთგულია. მისი ტექნიკური მახასიათებლები გუნდისთვის ფასდაუდებელია.

ვიდეოთამაშები: ფეხბურთელებს პროფესიონალიზმს ვთხოვ. თავისუფალ დროს, რაც უნდათ ის აკეთონ.

საუკეთესო ფეხბურთელი დე ლაურენტისის ეპოქაში ახლანდელების გამოკლებით: კავანი, ლავეცი, ჰამშიკი, იგუაინი. შემდეგ მოდიან მერტენსი-ინსინიე-კალეხონი. ჩემთვის ჰამშეკი ყველაზე ელეგანტურია. ის ლამაზად თამაშობდა. მის ყოველ ვარჯიშში 50 ევროს გადავიხდიდი. მისი მოქმედებების ყურება დიდი სიამოვნებაა. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ. მას შესანიშნავი ხასიათი აქვს. მას ლაპარაკის გარეშე შეუძლია ურთიერთობა.

ოცნება: ერთი ოცნება ავისრულე — „ნაპოლის” მწვრთნელი ვარ. მეტი არაფერი მინდა. კონტრაქტის გაგრძელებასაც არ ვითხოვ. სხვა კი რა გითხრათ. მყავს შესანიშნავი ოჯახი და ჯანმრთელი ვარ. მეტი რა უნდა მინდოდეს.

ევრო 2024: სლოვაკეთის ნაკრებს მიზნად ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ჰქონდა დასახული და ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ. ახლა ჯგუფიდან გასვლა გვინდა და თუ გავალთ, მერე შემდგომ წინსვლაზე დავფიქრდებით. თუ ვერ შევძლებთ და ეს ჩავარდნა მაინც არ იქნება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.