„ილ რომას” ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო OttoChannel-ის გადაცემა „ლა დომენიკა აძურაში” ზოგადად „ნაპოლის” და კერძოდ ხვიჩა კვარაცხელიას თემას შეეხო. მან თქვა:
„ანტონიო კონტეს „მარადონაზე” მისვლა სრულიად შესაძლებელია. მხარეები ერთმანეთს ჯერ კიდევ ოქტომბერში დაუკავშირდნენ, მომდევნო კავშირი კი ნოემბერში შედგა, როდესაც „ნაპოლიმ” რუდი გარსია გაუშვა. მოკლედ, კონტეს მიყვანა აბსურდი არ არის. ხომ გახსოვთ, იყო დრო, როდესაც აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელად კარლო ანჩელოტი მიიყვანა, არადა ამისი არავის სჯეროდა.
ახლაც დაახლოებით ისეთივე მდგომარეობაა. კონტე სავარაუდოდ დათანხმდება საინტერესო პროექტს, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშეებზე იქნება დაფუძნებული და ეს მოხდება ისეთ მნიშვნელოვან და ცხელ ადგილას, როგორიც ნეაპოლია. ჩემი აზრით ჩვენ მარტივი ტოლობიდან უნდა ამოვიდეთ: კონტე უდრის ტოპ ფეხბურთელს. კონტესთვის მისაცემი ხელფასი ისევე, როგორც ანჩელოტის შემთხვევაში, პრობლემა არ იქნება. მერე რა, რომ ის შეიძლება 10 მილიონს არ გაუტოლდეს. კონტე შესაძლოა მოიხიბლოს დე ლაურენტისის მიერ შექმნილი გარემოთი და ავტონომიით, რომელსაც მას დაპირდებიან.
მწვრთნელს აქვს მკაფიო იდეები და სჭირდება შესაფერისი ფეხბურთელები. კონტე დე ლაურენტისისთვის მთავარი კანდიდატია. პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა მას ელოდება.
მეორე მხრივ კი, „ნაპოლის” მწვრთნელის რანგში სიამოვნებით ვიხილავდი ვინჩენცო იტალიანოს. საინტერესოა ვნახოთ, რა შეუძლია მას ძლიერი გუნდში.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ახალი ფეხბურთელების მოზიდვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ევროთასზე გასვლა, ამიტომ „ნაპოლიმ” ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა ამ მიზანს მიაღწიოს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემი აზრით ყველაფერს კონფერენციის ლიგაზე გასვლა აჯობებს, რადგან იქ გამარჯვების შანსი არსებობს. „ნაპოლის” შეუძლია ეს მიზანი საჯაროდაც კი გამოაცხადოს და ჩავარდნილი სეზონის შემდეგ კონფერენციის თასის მოგებას სტიმულის სახე მისცეს.
რაც შეეხება „ბარსელონასა” ხვიჩა კვარაცხელიას თემას, აქ რა და როგორ მოხდება საბოლოოდ ქართველის გადასაწყვეტია, მაგრამ ჯერჯერობით მას გუნდიდან წასვლა არ უთხოვია. ის „ნაპოლისგან” კონტრაქტის მნიშვნელოვან განახლებას ელოდება. მას ხელფასის მომატებას დაპირდნენ და შეიძლება მემკვიდრეობით დარჩეს დაახლოებით ისეთი გასამრჯელო, როგორიც ვიქტორ ოსიმენს აქვს. ოსიმენი კი „პარი სენ ჟერმენში” გადადის. ვნახოთ, რას შესთავაზებს კვარაცხელიას კლუბი და რას მოითხოვს თავად კვარაცხელია. თავად კვარას „ნაპოლიში” დარჩენა უნდა: როგორც ჭკვიან და კარგი მრჩეველების გარემოცვაში მყოფ ბიჭს მას რასაკვირველია ურჩევნია იყოს ისეთი გუნდის გმირი, როგორიც „ნაპოლია”, ვიდრე დიდ ევროპულ კლუბში დამხმარე ფეხბურთელის პოზიციას შეეგუოს. ამიტომ, ამწუთას მისი წასვლის საშიშროებას ვერ ვხედავ, მაგრამ მჯერა, რომ დე ლაურენტისი ყოველი შემთხვევისთვის ხვიჩას გარშემო ორ-სამ კედელს ააგებს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
