„ბარსელონასა” და „ნაპოლის” ჩემპიონთალიგური შეხვედრის (3:1) შემდეგ, ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ „დონ ბალონმა” გამოქვეყნა წერილი, რომელშიც კატალონიური კლუბის ამოცანებს და ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შეეხო. გაზეთი წერს:
„ბარსელონას” ჯერ კიდევ გასარკვევი აქვს, რა მოხდება მის მარჯვენა ფრთაზე. რაფინიასთან დაკავშირებით ბუნდოვანი ვითარებაა. ეს ფეხბურთელი კლუბს დიდძალი თანხა დაუჯდა (ოფიციალურად 58 მილიონი), არადა ყმაწვილმა ლამინე იამალმა მას პირწმინდად აჯობა და თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი მხრივ დღევანდელი „ბარსა” ახალგაზრდული გუნდია, მეორე მხრივ კი იამალს უდიდესი პოტენციალი აქვს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ესპანელს შემადგენლობიდან ვეღარავინ ამოაგდებს. მაგრამ, გუნდს მარცხენა ფრთაზეც სერიოზული პრობლემა აქვს. დაზუსტებით არის ცნობილი, რომ კლუბი ჟოაო ფელიქსთან თანამშრომლობას აღარ აპირებს, მისი ღირსეული შემცვლელის ძიება კი პრობლემური საქმე გამოდგა.
ჩავი ფერან ტორესს და ანსუ ფატის არ ენდობა. ტორესში „ბარსას” დიდძალი ფული აქვს გადახდილი, მაგრამ მან მწვრთნელის გული ვერ მოიგო და ზაფხულში წასასვლელად ემზადება. პრინციპში ესპანეთის ნაკრების მოთამაშე ცუდად არ ირჯებოდა, მაგრამ „ბარსელონაში” სასტარტო შემადგენლობის წევრად მაინც არ მოიაზრება. ანსუ ფატის საქმე კი უარესად არის. „ბრაიტონში” მისი იჯარა წარუმატებელი გამოდგა.
იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც „ბარსა” მარცხენა ფრთაზე თამაშის კანდიდატად განიხილავს, არის ხვიჩა კვარაცხელია. თავისი თვისებებისა და უნარების გამო ის კატალონიის დედაქალაქში ძალიან მოსწონთ, მაგრამ „ნაპოლის” მისი გაყიდვა არ სურს და წარმოუდგენელ თანხად, 100 მილიონ ევროდ აფასებს. ამიტომ ქართველი „ბარსელონასთვის” ალტერნატივა ვერ იქნება.
და მაინც, კატალონიური კლუბი იმედოვნებს, რომ მარცხენა ფრთაზე დიდ ფეხბურთელს დაიმატებს, ასეთი მოთამაშეების ჩამონათვალი კი კვარაცხელიათი არ მთავრდება. ასეთია ჯეიდონ სანჩოც, რომელიც „დორტმუნდშია” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შეუთვალა, რომ საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვუს შემდეგ დაბრუნებას არ აპირებს. როგორც ჩანს, ერიკ ტენ ჰაგი ფეხბურთელს ისე იოლად შეელია, რომ ინგლისელი ვარსკვლავი შეშფოთდა და იმის მიუხედავად დარჩება ჰოლანდიელი მწვრთნელი მანჩესტერში თუ არა, იქ დაბრუნებას აღარ აპირებს. ამბობენ, რომ „იუნაიტედს” სანჩოს გაყიდვა იმაზე იაფად მოუწევს, ვიდრე თავის დროზე სწორედ „დორტმუნდისგან” იყიდა, ეს ვარიანტი კი არა მარტო გერმანულ გუნდს, არამედ „ბარსასაც” ძალიან აწყობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
