შაბათს, 2 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალს ითამაშებს. მეტოქე – რუმინეთის ნაკრები, გუნდი, რომელსაც საქართველოს ბორჯღალოსნები არსებობის ისტორიაში ყველაზე ხშირად შეხვედრიან.
ათწლეულების შემდეგ ჯამური ანგარიში ასეთია: 28 დაპირისპირებიდან 18 ქართველებმა მოიგეს, 9 – რუმინელებმა და ერთიც ფრედ დასრულდა, არადა ურთიერთობათა საწყის სტადიაზე რუმინეთი აშკარად ჯობნიდა საქართველოს, თუმცა, ბორჯღალოსნების პროგრესის პარალელურად „მუხებმა“ თუ „მუხის ფოთლებმა“ სერიოზული უკუსვლა გადაიტანეს. რუმინეთმა საქართველოს ბოლოს 2017-ში, ბუქარესტში აჯობა და მას მერე ყოველწლიურად ბორჯღალოსნები იმ მარცხისთვის სამაგიეროს უხდიან. განსაკუთრებით მწარედ „სტეჟარები“ შარშან დამარცხდნენ – მსოფლიო თასისთვის გასახურებელ შეხვედრაში საქართველომ რუმინეთს 8 უპასუხო ლელო დაუდო და 56:6 იმარჯვა. ასე რომ, შაბათს, „მესხზე“ ფავორიტი ბორჯღალოსანთა გუნდია და დამაჯერებელ გამარჯვებას ველით.
რა ხდება ჩვენს შემადგენლობაში? არაფერი განსაკუთრებული, 34 გამოძახებულიდან შემადგენლობაში უკეთეს ფორმაში მყოფი 23 კაცი შევიდა. ორი ახალი სახეა, უფრო სწორად, ძველი ახალი – ვასილ ლობჟანიძეს და დავით ნინიაშვილს წლეულს ნაკრებში ხომ არ უთამაშიათ, მაგრამ ორივე გამოცდილი და ავტორიტეტული პროფესიონალია, ორივე უმაღლეს დონეზე თამაშსაა მიჩვეული და გუნდს ორივე ნამდვილად გააძლიერებს.
მოკლედ, 2 მარტს, 16 საათზე, „მიხეილ მესხზე“ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალი იწყება. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს მასპინძლობს, ფინალი კი პარიზში 17 მარტს გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთთან მატჩში:
- გიორგი ახალაძე (ბეზიე, 3 მატჩი, 0 ქულა), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 10, 10), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი, 5, 0), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 5, 10), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 10, 5), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი, 5, 10), 7. ბექა გორგაძე (პო, 43, 55), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 30, 25), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი, 82, 78), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 17, 98), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 27, 59), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი, 102, 95), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 55, 40), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 38, 160), 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 30, 50).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 5, 0), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 2, 0), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 3, 5), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი, 11, 10), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 10, 5), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 11, 5), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 50, 347), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 34, 15).
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
