„ნაპოლის” კარგი დროება არ უდგას. კლუბმა მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი მიიყვანა — ამჯერად ვალტერ მაცარი ფრანჩესკო კალცონათი შეცვალა. კალცონა „აძურის” პარალელურად სლოვაკეთის ნაკრებს წვრთნის. ნეაპოლელთა თავკაცის რანგში მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას” წინააღმდეგ შედგა. ამ შეხვედრაში „ნაპოლი” შინ წაგებას გადაურჩა — 1:1.
მიმდინარე საკითხებთან ერთად „პარტენოპეელები” ზაფხულისთვის ემზადებიან — კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალ თავკაცს ეძებს. ცნობილია, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთა სიაში არის „ბოლონიას” მწვრთნელი ტიაგო მოტაც, რომლის გუნდი ჩინებულად თამაშობს, 26 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზეა. მოტას აგენტმა დარიო კანოვიმ თავისი კლიენტისა და „ნაპოლის” შესაძლო თანამშრომლობისა და ზოგადად „აძურის” პრობლემების შესახებ Tuttomercatoweb-თან ასე ილაპარაკა:
„ნეაპოლელებს მაღალი დონის მწვრთნელის შოვნა ძალიან გაუჭირდებათ. იქ მისვლა არავის უნდა. ძალიან მეეჭვება ანტონიო კონტემ ან მისი კალიბრის რომელიმე სპეციალისტმა „ნაპოლის” სათავეში ისურვოს ჩადგომა, რადგან ამ კლუბში პრეზიდენტი მწვრთნელის საქმეებში უხეშად ერევა, ეს კი ძნელი გასაძლებია.
კალცონა? მე მას პირადად არ ვიცნობ და ამიტომ ვერ განვსჯი. ვიცი, რომ აქამდე სულ ასისტენტი იყო, ამიტომ სასწაული თუ არ მოხდა ის „ნაპოლისთვის” დროებითი ვარიანტია. ამ ადამიანს იტალიის ჩემპიონის გაძღოლისთვის საჭირო გამოცდილება არ აქვს”.
შეგახსენებთ, რომ დღეს კალიარიში შედგება ფრანჩესკო კალცონას დებიუტი სერია A-ში. „აძური” მე-9 ადგილზეა, „ტორინოს” მსგავსად 36 ქულა აქვს, თუმცა თამაში აკლია. ხვიჩა კვარაცხელიასა და საბა საზონოვის გუნდები ზემოხსენებულ „ბოლონიას” 12 ქულით ჩამორჩებიან. მე-4 ადგილი კი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გუნდი, რომელიც საბოლოო ცხრილში ამ პოზიციას დაიკავებს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება. სწორედ ეს ამოცანა დგას კალცონას წინაშე, თუმცა მისიის შესრულება უკვე ძალიან რთული ჩანს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
