„ნაპოლი” ფრანჩესკო კალცონას ხელშიც ნახევრად იღიმება და აქ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ბარსელონასთან” ჩამორჩენის გამოსწორება არაფერ შუაშია. ახალი მწვრთნელის პირველი შეხვედრა იქცა ხვიჩა კვარაცხელიას სიბრაზის სცენად. გმირისა, რომელიც მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმედგაცრუებად იქცა და რომელიც ვერა და ვერ ახერხებს თავის გადატვირთვას.
რობერტ ლევანდოვსკის მიერ 68-ე წუთზე გატანილი გოლით „ბარსელონა” „ნაპოლის” 1:0-ს უგებდა, როდესაც კალცონამ სათადარიგოთა სკამს გადახედა და ქართველი თავდამსხმელის იესპერ ლინდსტრიომით შეცვლა გადაწყვიტა. ცვლილება, რომელმაც კვარაცხელია გააბრაზა, ისევე როგორც ბევრი რამ ამ სეზონში, კამერებმა დააფიქსირა. გარემარბმა მოედანი გადაღმა მხრიდან მოქუფრულმა დატოვა. სკოჩი, რომელსაც ჩვეულებრივ იხსნის, მოიგლიჯა და ულამაზოდ დააგდო მიწაზე.
კალცონას მოთამაშის ჟესტი არ მოეწონა და მისი პრესასთან გაკრიტიკების შანსი ხელიდან არ გაუშვა. „მე მოედანზე კარგად მოთამაშე ფეხბურთელებს ვტოვებ და არა სახელებს. მაგალითად, პოლიტანო შესანიშნავი იყო. ამიტომ, სახელისგან დამოუკიდებლად, ყველა, ვინც კარგად თამაშობს მოედანზე რჩება და ყველა, ვისაც საქმე არცთუ კარგად მიუდის, გადის. გუნდში შესანიშნავი თავდამსხმელები არ მაკლია” — თქვა მან. აი, ასე გრძელდება „ნაპოლიში” ნეგატიური განწყობა მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მწვრთნელი გარსია, მაცარი თუ კალცონა.
რა უნდა მოხდეს ამიერიდან? კვარაცხელია შფოთავს, მშვიდად არ არის. ამ ფეხბურთელის აწმყო თუ მომავალი დიდად არის დამოკიდებული მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ხელფასით ქვემოდან მესამეა. ის ერთხანს კონტრაქტის განახლებას ითხოვდა და დე ლაურენტისიც დაპირდა განგიახლებო, მაგრამ მერე ისომენს მოუმატა ჯამაგირი, მას კი არა. იყო კვარაცხელიას ხელშეკრულების განახლების რამდენიმე მცდელობა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია და ამიტომაც ვლაპარაკობთ დღეს მის მომავალზე ნეაპოლიდან შორს, „ბარსელონაში”, „არსენალში”, „ნიუკასლში” თუ ბევრ სხვა კლუბში, რომლებიც ივნისამდე ფეხბურთელის გარემოცვასთან დაკავშირებას შეეცდებიან.
და დე ლაურენტისი? წარსულში დაშვებული შეცდომები არ განმეორდება თუკი „ნაპოლის” ღირებული წინადადებით მიმართავენ. ასეთ შემთხვევაში კლუბი კვარაცხელიას, ისევე როგორც ოსიმენს დაემშვიდობოს. და თუ ეს მოხდება, კარს მომდგარი ზაფხული „მარადონაზე” რევოლუციური იქნება.
ემანუელე ტრემაჩერე, calciomercato
