ჯგუფის ლიდერი თავსხმა წვიმაში…

Home კატეგორიის გარეშე ჯგუფის ლიდერი თავსხმა წვიმაში…
ჯგუფის ლიდერი თავსხმა წვიმაში…

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.„შავი ლომი“ ზედიზედ მესამე ევროპულ სუპერთასს უახლოვდება. პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ჯგუფური ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა, რაც მას პლეი-ოფში საკუთარი მოედნის უპირატესობას ანიჭებს და ეს მომენტი არცთუ უმნიშვნელოა.

ვინაიდან და რადგანაც ისრაელში ომია და ყველა სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები გაურკვეველი დროით გადაიდო, „თელ ავივ ჰითს“ ჯგუფური ტურნირის დასკვნითი მატჩის გამართვა სხვაგან მოუხდა. ამისთვის შეირჩა მშვიდობიანი კვირპროსის ქალაქ ლიმასოლის „ცირიო“. პირობითად მასპინძლების მოთხოვნით მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა, თუმც ადგილობრივი ქართველობა თავსხმა წვიმაში ჩვენებს გარედან მაინც მხურვალედ ქომაგობდა.

ტაიმი „შავმა ლომმა“ გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო – 23:6. ბორჯღალოსანმა ლუკა ივანიშვილმა, ნორჩმა შალვა აფციაურმა და სუპერმელელოვე აკა ტაბუცაძემ 3 ლელო დაუდეს ისრაელურ ფრენჩაიზს, რომელიც თითქმის მთლიანად სამხრეთაფრიკელებისგან შედგება. ლუკა მატკავამ ამ სამი ლელოდან მხოლოდ პირველი გარდასახა, თუმცა თავის რეაბილიტაცია ზუსტი საჯარიმო დარტყმით მოახერხა. ყოველივეს ნომინალურმა მასპინძლებმა ორი ზუსტი ჯარიმით უპასუხეს და 6:23 სწორედ ამ ყველაფრისგან შედგა.

მხარეთა საუბედუროდ, ლიმასოლში ისე წვიმდა, რომ მოედნის იდეალური საფარი თანდათან დახნულ ყანას ემსგავდებოდა. ზოგან დრენაჟმა უხვი ნალექი ვერ გაატარა, შესვენებისას კი ისე დასცხო იყო, მატჩის კომისარმა თამაშის შეწყვეტაზეც კი დაიწყო ფიქრი.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.საბედნიეროდ, 10 წუთში წვიმის ინტენსივობამ იკლო და მეორე ტაიმიც დაიწყო. დაიწყო, მაგრამ ვაი ამ დაწყებას. სამხრეთაფრიკელებმა ძალიან მაგრად შეუტიეს, რაგბისთვის შეუფერებელი ჟესტიკულაცია და რეფერისთან წუწუნიც არ დაიშურეს, ქართველების პროვოკაციაზე წამოგებას ყოველ ხელსაყრელ ეპიზოდში ცდილობდნენ და რამდენიმე შემთხვევაში მიზანს მიაღწიეს კიდეც. „შავი ლომის“ უზარმაზარმა უპიარტესობამ თანდათან დნობა დაიწყო და მართალია, თელავიველებმა დაწინაურება ვერა და ვერ შეძლეს, მაგრამ ქართველები მაგრად კი ანერვიულეს.

ლუკა მატკავამ ორი ჯარიმა კიდევ გაიტანა, „თელ ავივ ჰითმა“ კი, თავის მხრივ, სამი ლელო-გარდასახვა მიითვალა, რამაც საბოლოო ანგარიშად 27:29 მოიტანა. კიდევ კარგი, რომ ისრაელის გუნდმა ბოლო შეტევის აწყობა ვერ მოახერხა, თორემ დღეს პირველ ადგილზე არა „ლომი“ არამედ „ჰითი“ იქნებოდა.

ასეა თუ ისე, „შავმა ლომმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში, 2 ან 3 დეკემბერს მეორე ჯგუფის გამარჯვებულ „რომანიან ვულვზს“ უმასპინძლებს. მეორე ნახევარფინალში კი ერმანეთს „თელ ავივ ჰითი“ და ესპანურ-პორტუგალიურ ფრენჩაიზებს შორის უძლიერესი შეხვდებიან.

თელ ავივ ჰითი – შავი ლომი 27:29

„შავი ლომის“ სასტარტო შემადგენლობა: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე, 10. ლუკა მატკავა, 11. შალვა აფციაური, 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი),13. თორნიკე კახოიძე,14. აკაკი ტაბუცაძე, 15. ლუკა ცირეკიძე,.

შეცვლაზე შევიდნენ: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო თოდუა, 23. გიორგი კვესელაძე.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.