ეს იყო გიორგი მამარდაშვილის ყველაზე ცუდი თამაში, მას მერე რაც ესპანეთში გადავიდა. აქამდე ქართველი მეკარისთვის ყველაზე უიღბლო დღე გახლდათ 2021 წლის 22 სექტემბერი, როდესაც ის ჯერ ძალიან გამოუცდელი იყო. მაშინ „სევილია” „ვალენსიას” შინ, 22-ე წუთზე უკვე 3:0-ს უგებდა. ის შეხვედრა 3:1 დასრულდა. წუხელ კი „რეალმა” ღამურებს „სანტიაგო ბერნაბეუზე” ჯოჯოხეთი მოუწყო და გიორგიმ თავისი გუნდი ამ ჯოჯოხეთისგან ვერ იხსნა — 5:1. ხუთი გოლიდან მამარდაშვილს ოთხის მოგერიება შეეძლო. ყოველ შემთხვევაში, მან თავად დაგვაჩვია, რომ ასეთ დარტყმებს თავს ართმევს ხოლმე. ასე ვთქვათ, თამასა ძალიან მაღლა აქვს აწეული. რასაკვირველია, იმას არ ვამბობთ, რომ ეს გოლები (მეოთხეს გარდა) მხოლოდ მისი ბრალი იყო, თავისი წილი შეცდომა დაცვამაც დაუშვა, მაგრამ ვფიქრობთ ის მამარდა, რომელსაც ესპანეთსა და საქართველოში ასე შეეჩვიენ, ამ შეხვედრაში ხუთ გოლს არ გაუშვებდა.
ზოგადად ასეთ დროს ამბობენ ყველაფერი ხდებაო და მართალიც არის. ცხოვრება გრძელდება, გიორგიმ „რეალთან” შეხვედრა უნდა დაივიწყოს, მაგრამ გუშინდელის ახსნისა და მამარდაშვილის გამართლების ძებნაში გვახსენდება ორი კადრი, ერთი წინა და ერთიც ამ თამაშიდან: ის ორივე შემთხვევაში მინდორზე ზის და მარცხენა ფეხის კუნთს იტკიებს. ჩვენც ვვარაუდობთ, რომ ქართველს ფეხი სტკიოდა, „ვალენსიას” კი მეტ-ნაკლებად მისი დონის სათადარიგო მეკარე არ ჰყავს, რომ გაჭირვების ჟამს შეცვალოს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელსაც მომავალში კლუბი ან თავად გიორგი დაადასტურებს ან უარყოფს.
აქვე უნდა დავძენოთ, რომ პირველ ტაიმში ვალენსიელებს სამჯერ ჰქონდათ გოლის გატანის შესანიშნავი შესაძლებლობა, მაგრამ ორჯერ უგო დურომ და ერთხელ პეპელუმ „რეალის” კარში ბურთის შეგდება ვერ მოახერხეს. არადა, ანგარიში იმთავითვე რომ გათანაბრებულიყო, ვინ იცის თამაშს სხვა გეზი მისცემოდა.
„დღეს რაღაც უჩვეულო მოხდა. „რეალთან” შეიძლება წააგო, მაგრამ ასე არა. დღეს საკუთარ თავს არ ვგავდით”, — თქვა მატჩის შემდეგ „ვალენსიას” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
