ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი სახელი ფეხბურთის ისტორიის წიგნში უკვე ჩაწერა. ის და ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის” მიერ მარადონას გარეშე მოპოვებული ერთადერთი სკუდეტოს გმირები არიან. მოედანზე კვარაცხელია ნებისმიერ მეტოქეს შიშის გარეშე უპირისპირდება, მოედანს მიღმა კი მოკრძალებული ბიჭია. სანამ „აძურისთან” კონტრაქტს გააფორმებდა, ხვიჩას სურდა რომ მის პარტნიორს ნიცა თევზაძეს სამედიცინო განათლების მიღება არ შეეწყვიტა. კომპლიმენტების მოსმენისას ის წითლდება, მაგრამ მის ლაპარაკში, რომელსაც ქართულიდან ქართველი ჟურნალისტი სალომე ხარატიშვილი გვითარგმნის, თანდათანობით მებრძოლი კაცის თვისებები იკვეთება. კვარადონამ AS-ს კორესპონდენტებს „ნაპოლის” საწვრთნელ ცენტრში უმასპინძლა. ეს მოხდა თბილისში გატარებული ბავშვობის საყვარელ გუნდთან „რეალთან” შეხვედრის წინ. იმ დღეს ის ამ გუნდის დამარცხების სურვილით იყო შეპყრობილი.
— თქვენი სახე ნეაპოლის ყველა ქუჩაზეა გამოკრული. რასაკვირველია, ეს ამბავი თქვენთვის უცხო არ არის.
— რასაკვირველია… (იცინის). ყოველთვის, როდესაც სახლიდან ფეხს ვდგამ, ამ ადამიანების სიყვარულს ვგრძნობ, რისთვისაც მადლიერი ვარ. ისინი რომ არა, ასე შორს ვერ წავიდოდი. ასეთი მზრუნველობის შეგრძნება სხვა ენერგიას გაძლევს. სასიამოვნოა, რომ რომელ ქალაქშიც არ უნა ჩახვიდე, ნეაპოლელი ყველგან იღიმის და სიყვარულს გჩუქნის. ეს ხალხი ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს.
— გასული სეზონი 14 გოლით და 14 საგოლე პასით დაასრულეთ.
— ეს იმიტომ შევძელი, რომ ვიპოვე ადამიანთა საოცარი ჯგუფი, მწვრთნელები, კლუბის თანამშრომლები. მათ გარეშე ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდი. ყველაფერი იდეალურად მუშაობდა.
— თქვენ სამუდამოდ დარჩებით ერთ-ერთ გმირად, რომელმაც „ნაპოლის” მარადონას გარეშე მოაგებინა სკუდეტო.
— ხალხი თვეების განმავლობაში ზეიმობდა, მე კი ჩვენი წარმატების მნიშვნელობას აპრილში, „იუვეს” დამარცხების შემდეგ მივხვდი. ტურინიდან ნეაპოლში რომ დავბრუნდით ხალხს საავტომობილო ტრასა გადაკეტილი ჰქონდა. თვალებს ვერ ვუჯერებდი. ავტობუსის სახურავზე ავძვერით და მათთან ერთად ვზეიმობდით. მე სკუდეტოს სიმბოლიკიანი ქუდი მეხურა. იმ ქუდს დღესაც ვინახავ.
— თქვენი სკუდეტო პლანეტის ყველა კუთხეში იზეიმეს. კლუბის ახალი დევიზია: ნეაპოლიდან მსოფლიოსკენ!
— საერთაშორისო პოპულარობის ზრდა აშკარაა. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავედით და ვიგრძენით, რომ ევროპაში კიდევ უფრო წინ წასვლის ღონე შეგვწევს. მეტის მიღწევა გასულ სეზონშიც შეგვეძლო.
— კრუიფი აბობდა, რომ ფეხბურთი ქუჩებში ისწავლება. თქვენ ეს თამაში სწორედ ასე ისწავლეთ და ქუჩის სული ხელუხლებლად შეინახეთ.
— ჩვენ, ქართველი ფეხბურთელები ქუჩებში ვიზრდებით. ისევე როგორც ბრაზილიელებს ჩვენც გვაქვს ჩვენი სტილი და ის შენობებს შორის ყალიბდება. მე ქუჩაში მას მერეც ვთამაშობდი, რაც გუნდებში დავიწყე ვარჯიში. შინ რომ ვბრუნდებოდი, ქუჩაში ვრჩებოდი და მეგობრებთან ვთამაშობდი. ბურთაობა სწორედ იქ მომწონდა ყველაზე მეტად.
— ამრიგად, თქვენ ქუჩიდან დაიწყეთ, შემდეგ კი იტალიის ჩემპიონი და „ოქროს ბურთის” ერთ-ერთი კანდიდატი გახდით.
— ისეთი პატარა ქვეყნის შვილისთვის, როგორიც საქართველოა ამის წარმოდგენა ძნელი იყო. ამისათვის საქმეში მთელი გულის ჩადება, მსხვერპლის გაღება დამჭირდა. ისევე როგორც ყველა, მეც ვოცნებობ, რომ ერთ დღეს „ოქროს ბურთს” მოვიგებ.
— როგორ ფიქრობთ, ვინ გახდება „ოქროს ბურთის” ამჟამინდელი ლაურეატი?
— ალბათ, მესი.
— თქვენი საყვარელი გოლი.
— ძალიან კარგი იყო გოლი, რომელიც „ატალანტას” გავუტანე. ბოლოს, „უდინეზეს” კარში გატანილი გოლიც კარგი გამოვიდა.
— ამ გოლით მარტში დაწყებული გვალვა დაასრულეთ.
— ნებისმიერ ფეხბურთელმა იცის, რომ იმას, რასაც მისგან ითხოვენ მუდმივად ვერ გააკეთებს. მთავარია, ასეთმა პერიოდებმა სწორად იმოქმედოს და ოსტატობის ასამაღლებლად მუშაობისკენ გიბიძგოს. გულწრფელად გეტყვით, კრიტიკა ჩემზე არ მოქმედებს: ერთადერთი, რაც მაინტერესებს გუნდის დახმარებაა. არ აქვს მნიშვნელობა გოლს გავიტან თუ საგოლე პასს ჩავაწოდებ. თუმცა, რასაკვირველია, გოლის გატანის განცდა მენატრებოდა.
— რაკი სიტყვა გოლებზე ჩამოვარდა. თქვენ ესპანეთის ნაკრებს გაუტანეთ გოლი, რომელმაც შესაძლოა კარიერა შეგიცვალათ.
— მაშინ 19 წლის ვიყავი. თბილისში, ეროვნულ სტადიონზე ეპანეთისთვის გოლის გატანა შესანიშნავი განცდა იყო. გამარჯვებაც შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. იმ გოლმა კი საკუთარი თავის რწმენა გამიძლიერა. მართალია, კარიერას ერთი ეპიზოდი ვერ შეგიცვლის, მაგრამ ყველა ერთად შენს გზაზე გადადგმული მორიგი ნაბიჯი გამოდის.
— სულ ცოტა ხნის წინ კი „ლა როხასგან” ძალიან მძიმე მარცხი, 1:7 იწვნიეთ.
— ის ჩვენი საღამო არ იყო. ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება. საქართველოს ნაკრები ის გუნდია, რომელიც ტოლს არავის დაუდებს და ამის დამტკიცებას ვაპირებთ. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებთან თამაში არც ერთი გუნდისთვის არ არის სასიამოვნო.
— „ვალენსიას” კარის ერთპიროვნულ დარაჯთან, გიორგი მამარდაშვილთან თუ მეგობრობთ?
— რასაკვირველია. ის ჩემი ახლო მეგობარია. ის უნიჭიერესი მეკარე და დიდი პროფესიონალია. მე ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად მიმაჩნია.
— დღეს კი დიდი საღამოა: „მარადონაზე” „რეალი” თამაშობს.
— მე ტელევიზორში „რეალის” ყურებით გავიზარდე და ახლა ეს გუნდი ჩემი მეტოქეა, თან ჩვენს სტადიონზე. შეუძლებელია, ასეთ დღეს თავს ბედნიერად არ ვგრძნობდე.
— ნათქვამი გაქვთ, რომ გუტის და კრიშტიანუ რონალდუს ეთაყვანებოდით.
— მე მათ ვუყურებდი და მიბაძვას ვცდილობდი. ვცდილობდი გამემეორებინა მათი ფინტები, დარტყმები. ისინი მე შთამაგონებდნენ.
— გუტიმ თქვენ მაისური გამოგიგზავნათ.
— მომწონდა მისი ბურთის ფლობის მანერა. ბავშვობაში მას შევყურებდი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის დამიკავშირდებოდა. ჩვენ მესიჯებიც გავცვალეთ, რამაც ძალიან გამახარა. ეს იყო პატარა ხვიჩას ოცნების ახდენა.
— საქართველოში „რეალის” გულშემატკივარი ბევრია?
— დიახ, მაგრამ ვფიქრობ ახლა „ნაპოლის” გულშემატკივრები უფრო მეტნი იქნებიან (იცინია).
— თქვენს მეტოქეებს შორის კიდევ ერთი დიდი მარცხენა გარემარბი, ვინისიუსიც იქნება.
— ის დიდი, უზომო ტალანტია: თავის ამპლუაში საუკეთესო. მის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება. ასევე დიდი გამოცდილება იქნება „რეალის” სხვა ვარსკვლავების, მოდრიჩის, ბილინგემის თუ კროოსის წინააღმდეგ თამაში. მთელი გუნდის ჩამოთვლა შემიძლია. ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ. ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან.
— რანაირ „ნაპოლისთან” მოუწევს „რელას” საქმის დაჭერა?
— გუნდთან, რომელიც ყველას პატივს სცემს, მაგრამ არავისი ეშინია. ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ და ყველაფერს ვიზამთ, რათა ამ შეხვედრაში გავიმარჯვოთ.
— თქვენ თქვით, რომ ჩემპიონთა ლიგაში რაც შეიძლება შორს გინდათ წასვლა. „ნაპოლი” მეოთხედფინალში პირველად იყო.
— ეს იყო დიდი ამოცანა. ახლა მისი გაუმჯობესება გვინდა. გაჩერებას არ ვაპირებთ. დრო გვაჩვენებს, რამდენად შორს შევძლებთ ევროთასზე გასვლას.
— მწვრთნელის ცვლილებას როგორ შეეგუეთ?
— უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო ლუჩანო სპალეტის. მას ჩემი სწამდა და პოტენციალის გამომჟღავნების შესაძლებლობა მომცა. ჩვენ დროგამოშვებით ველაპარაკებით ერთმანეთს. ის ჩვენს გულშემატკივრობას განაგრძობს. რაც შეეხება რუდის, იგი დიდი მწვრთნელია. ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ მის ტაქტიკას და ხედვას. მჯერა, რომ მალე მისი ფეხბურთის საუკეთესო ვარიანტს ვითამაშებთ. ჩვენ ვართ ფეხბურთელები, რომელთაც შეგვიძლია და გვინდა მწვრთნელის იდეებს მივსდიოთ.
— თქვენ და ოსიმენს ერთმანეთის საუცხოოდ გესმით.
— ვიქტორი განსაკუთრებული ბიჭია და ეს თამაშის დროს კარგად ჩანს. მოედანზე თუ მის გარეთ ის ყოველთვის მზად არის დახმარების ხელი გამოგიწოდოს.
— დახმარებისთვის მისი მადლობელი ხართ?
— რა თქმა უნდა. მუდამ.
— რაზე ოცნებობთ?
— ორი ოცნება მაქვს: ჩემპიონთა ლიგის მოგება და საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში მინდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები18/11/2026 | 10:17ბოლო დღეს ჩრდილოეთ ირლანდიამ პირველი გოლი გაუშვა
მთავარი ამბავი18/11/2026 | 08:26უკრაინული საიტი: მაჟორულ ნოტაზე!
აქეთურ-იქითური17/11/2026 | 09:15რად უნდა პსჟ-ს ბარსელონელი?
სიახლეები17/11/2026 | 07:57იურგენ კლოპის გამანადგურებელი გუნდი
