მამარდა და დომინო

Home აქეთურ-იქითური მამარდა და დომინო
მამარდა და დომინო

superdeporte წერს, რომ სატრანსფერო ბაზარზე დომინოს პრინციპი ჩვეულებრივი რამ არის — ისევე როგორც გასულ ზაფხულს, ბევრი ფეხბურთელის ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლა სხვა ფეხბურთელის ტრანსფერზეა დამოკიდებული. ასეთ ჯაჭვში მოხვედრისგან კი არც „ვალენსია” და მისი ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი არიან დაზღვეულები.

ესპანური პორტალი წერს, რომ უახლოეს პერიოდში გოლკიპერთა „ცეკვაა” მოსალოდნელი. კერძოდ, „მანჩესტერ იუნაიტედს” ძალიან სურს „ინტერის” კამერუნელი მეკარის, 27 წლის ანდრე ონანას (სრული გვარი გახლავთ ონანა ონანა) გადაბირება. მანჩესტერელებმა ამ ზაფხულს ერთხელ უკვე სცადეს „ნერაძურის” მეკარის ყიდვა, მაგრამ მილანურმა კლუბმა ისინი უარით გაისტუმრა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ახლა ინგლისელები ხელმეორედ მიმართავენ იტალიელებს და სავარაუდოდ შეეცდებიან პირველად შეთავაზებულ 40 მილიონ ევროზე მეტით მოხიბლონ ისინი.

თუ მხარეები შეთანხმებდებიან, მაშინ „ინტერი” ონანას შემცვლელის ძიებას დაიწყებს და მისი ერთ-ერთი სამიზნე საქართველოს ნაკრების კარის მცველი იქნება.

superdeporte წერს, რომ გიორგი „ვალენსიას” ფეხბურთელთაგან წესით ყველაზე კარგად უნდა გაიყიდოს. „ღამურების” სინგაპურელი პატრონები ქართველის გაყიდვას მოუთმენლად ელიან — მისი გასხვისებით ნაშოვნი ფული მათ ვალების გასასტუმრებლად სჭირდებათ.

ფაბრიციო რომანომ ორიოდ დღის წინ გაავრცელა ცნობა, რომ მამარდაშვილი შესაძლოა „ბაიენში” გადავიდეს, თუმცა ისიც დასძინა, რომ გერმანიის „რეკორდმაისტერს” ჯერ სხვა ამოცანები აქვს.

რამდენიმე კვირის წინ „გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა, რომ ონანას გაყიდვის შემთხვევაში „ინტერს” მამარდაშვილის შეძენა მოუნდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.