„რომა” ევროლიგის ფინალშია. ჟოზე მოურინიუს გუნდმა პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, შინ, ედოარდო ბოვეს გოლით 1:0 მოუგო „ლევერკუზენს”, საპასუხოში კი 0:0 ითამაშა და ახლა, 31 მაისს, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე” „სევილიას” შეხვდება. „ჯალოროსისთვის” ეს გახლდათ რთული მატჩი. რომაელებს მისი მსვლელობისას ლეონარდო სპინაცოლა და ზექი ჩელიქი დაუშავდათ, მაგრამ გაისმა თუ არა მსაჯის სამმაგი სასტვენის ხმა, „განსაკუთრებულმა” სიხარულისგან თავი დაკარგა. ის ფეხბურთელებთან ერთად დახტოდა 2 ათასი სტუმარი გულშემატკივრის ტრიბუნის წინ.
„დღეს ჩვენი ფიქრები ემილია-რომანიაში წყალდიდობით დაზარალებულ ხალხთან არის. დიახ, „რომა” ფინალში გავიდა და ეს ზეიმის საბაბს იძლევა, მაგრამ ემილიაში გაუბედურებული ადამიანებიც არ უნდა დავივიწყოთ, — თქვა მატჩის შემდეგ მოუმ, როდესაც გრძნობები მოთოკა, — დღეს წარმატება მცირე დეტალებმა მოგვიტანა. ასე მაგალითად, კრის სმოლინგი სათადარიგოთა სკამზე რომ არ გვყოლოდა, შესაძლოა ხელმოცარულები დავრჩენილიყავით. ამაზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ ფეხბურთში წვრილმანების მნიშვნელობა ამეხსნა. ეს შედეგი მოგვიტანა მუხლჩაუხრელმა შრომამ, ტაქტიკურმა სიბრძნემ, გამოცდილებამ და იმისმა ცოდნამ, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო შანსი ბოლომდე და შენი სუსტი მხარეები დამალო. ჩვენ წარმოუდგენლად კარგი გუნდი გვყავს. „რომას” ფანები მეტს ვერაფერს მოგვთხოვდნენ. ჩემი მიზანი ამ კლუბის ისტორიაში შესვლა კი არა, ბიჭების გაზრდა და გულშემატკივრების გახარებაა. ამ ხალხმა პირველივე დღიდან ძალიან ბევრი მომცა და მეც მინდა, რომ მათ სიამოვნება მივანიჭო.
„სევილია” ფინალში? ჯერ იმას გეტყვით, რომ არსებობს სამი ევროპული თასი და სამივეს ფინალში იტალიური გუნდი გავიდა. ეს ფანტასტიკური შედეგია. ჩვენთვის სულერთი იყო „იუვენტუსი” შეგვხვდებოდა თუ „სევილია”, ორივე შემთხვევაში ძლიერ მეტოქესთან გვექნებოდა საქმე. ჩემი ამოცანა ყოველთვის ფინალში გასვლა გახლდათ. იქ კი, რასაკვირველია ძნელი მატჩი გველის, რადგან „სევილია” ძალიან გამოცდილი გუნდია, მაგრამ მოდი ამის შესახებ მოგვიანებით ვილაპარაკოთ”.
რომალეთა ნახევარმცველი ბრაიან კრისტანტე: „ორ წელიწადში ორ ფინალში გავედით. ჩვენი გუნდისთვის ეს ძალიან დიდი შედეგია. თამაშის ეს კონკრეტული გეგმა რომ არ აგვერჩია, წარმატებას ვერ მივაღწევდით. სამ კაციან დაცვას როგორ მოვერგე? როდესაც მცველი ხარ, ყველა ვარიანტში ასპროცენტიანი ყურადღება უნდა მოიკრიბო. მთავარია, რომ ფინალში გავედით, დანარჩენს კი მნიშვნელობა არ აქვს. რაკი ჩემი დაცვაში თამაში გახდა საჭირო, მცველის ფუნქცია შევასრულე”.
„სევილიამ” კი ნახევარფინალში „იუვენტუსი” დაამარცხა. როგორც პირველი შეხვედრა ტურინში, ასევე საპასუხო „სანჩეს პისხუანზე” 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი ხოსე ლუის მენდილიბარის გუნდმა არგენტინელი ერიკ ლამელას გოლით ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
