ორი კლუბი წავიდა

Home დავთარი ორი კლუბი წავიდა
ორი კლუბი წავიდა

Turkey earthquake comes at a critical time for the country's futureთურქეთში მომხდარმა საშინელმა მიწისძვრამ – ყველაზე ძლიერმა 1939 წლის შემდეგ, ამ ქვეყანაში და მეზობელ სირიაში 33 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა… ტრაგედია თურქულ ფეხბურთსაც შეეხო. ადგილობრივი სუპერლიგის ორმა კლუბმა  – „ჰათაისფორმა“ და „გაზიანთეფმა“ უკვე გამოაცხადეს ჩემპიონატის დატოვების შესახებ. ამრიგად, სეზონის განმავლობაში უმაღლესი დივიზიონი 19 გუნდიდან 17-მდე შემცირდება. ტურნირი 17 თებერვალს შეკვეცილი შემადგენლობით გაგრძელდება.

„ამ მძიმე პირობებში ჩვენი კლუბისთვის სპორტული აქტივობების გაგრძელება შეუძლებელია. დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბმა „გაზიანთეფმა“ 2022/23 წლების სეზონში სუპერლიგისა და თურქეთის თასის გათამაშებიდან  გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. გვჯერა, რომ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ჭრილობებს უმოკლეს ვადაში განიკურნებს. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ახლა ჩვენთანაა“, – წერია „გაზიანთეფის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

„გაზიანთეფი“ სუპერლიგაში მეათე ადგილზე იყო. უფრო გადარჩენისთვის იბრძოდა, ვიდრე ევროთასებისთვის. სამი ქულა აშორებდა გასავარდნ ზონას. თურქეთის თასზე კი გუნდი უკვე მეოთხედფინალში გასულიყო, სადაც 28 თებერვალსა და 4 მარტს „სივასფორთან“ უნდა ეთამაშა.

„ჰათაისფორმა“ ჩემპიონატიდან გასვლის შესახებ ადგილობრივი ფედერაციის ხელმძღვანელობას ხუთშაბათს, 9 თებერვალს აცნობა. მიწისძვრის შედეგად ამ კლუბის რამდენიმე წარმომადგენელი დაშავდა. ნანგრევებიდან ფეხბურთელები ბურაკ ოქსიუზი, ბერთუგ ილდირიმი და ქერიმ ალიჩი ამოიყვანეს.

გარდა ამისა, გადაარჩინეს სამწვრთნელო შტაბის ორი წევრი, ეკრემ ექშიოღლუ და ოსმან ათეში.

Saba Lobjanidze: "Korkunçtu, yer hareket ediyordu" - Duhuliyeოქსიუზი გუნდის ძირითადი მცველია, თუმცა ტრავმის გამო ახალი წლის შემდეგ არ უთამაშია. 20 წლის თავდამსხმელმა, ილდირიმმა ცოტა ხნის წინათ სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. ის თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოიძახეს.

„ჰათაისფორი“, „გაზიანთეფის,“ მსგავსად, გადარჩენისთვის იბრძოდა. მე-14 ადგილზე იდგა და გასავარდნ  ზონას სულ რაღაც ერთი ქულა აშორებდა.

ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში ორივე კლუბს 0:3 დამარცხება ჩაეთვლება. მიუხედავად ამისა, მომდევნო სეზონის სუპერლიგაში ორივე ადგილს შეინარჩუნებს. ისინი ფინანსურ დახმარებასაც მიიღებენ, კერძოდ, „ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტი, ალი კოჩი, მათ დაჰპირდა, რომ გასაჭირში არ მიატოვებს და სოლიდურ თანხას გადაურიცხავს.

შეგახსენებთ, რომ „ჰათაისფორში“ საქართველოს ნაკრების შემტევი საბა ლობჟანიძე თამაშობს, რომელიც ამჟამად თბილისშია და ახალ კლუბს ეძებს.