ჯალაღონიას მესამე ლელო

Home დავთარი ჯალაღონიას მესამე ლელო
ჯალაღონიას მესამე ლელო

გასული ევროუქმეები ქართველი მორაგბეებისთვის ნაკლებად პროდუქტიული გამოდგა. აქ ჩემპიონთა თასის გათამაშებასა და ჩელენჯ კაპს ვგულისხმობთ. აი, საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში კი, აბა როგორ იქნებოდა, თუნდაც ერთი ქართული ლელო არ დაფიქსირებულიყო?! თუმცა, ყველაფერზე – რიგრიგობით.

No description available.ჩემპიონთა თასი

მიუხედავად ელიტურ ლიგებში ქართველთა სოლიდური წარმომადგენლობისა, ჩემპიონთა თასის მატჩებში არცთუ მრავლად საქმდებიან ჩვენებურები. მორიგ ტურში მხოლოდ სამმა მოქმედმა თუ ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ითამაშა. მათგან გამარჯვებას მხოლოდ გურამ გოგიჩაშვილის „რასინგ-92“-მა მიაღწია, რომელმაც ინგლისურ „ჰარლიქუინზს“ ბოლო წამებზე გატანილი ჯარიმით 30:29 მოუგო. გურამი პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, 47-ე წუთამდე ითამაშა და 73-ეზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად კვლავ ჩაერთო მატჩში.

დუდუ ქუბრიაშვილის „კლერმონი“ შინ ინგლისურ „ლესტერთან“ 29:44 დამარცხდა. ვეტერანი ბორჯღალოსანი ამ შეხვედრაში 54-ე წუთიდან ჩაერთო.

დაბოლოს, „სარასენსმა“ ლონდონში 48:28 აჯობა „ლიონს“, რომლის შემადგენლობაში 51-ე წუთზე გამოჩნდა ტრავმამოშუშებული ბექა საღინაძე, ხოლო დავით ნინიაშვილი ჯერაც მკურნალობს.

ჩელენჯ კაპი

რანგით მეორე ევროთასზე ქართველების შედარებით ხალხმრავლობა იყო. 8 ჩვენებურის გუნდებიდან კი მხოლოდ ორმა მიაღწია წარმატებას.

No description available.„სტად ფრანსემ“ სამხრეთაფრიკულ „ლაიონსს“ უმასპინძლა და 17:7 დაამარცხა. ვასილ კაკოვინი პარიზელთა რიგებს  53-ე წუთზე შეუერთდა.

„ტულონმა“ კი წარმატებას ინგლისში მიაღწია – რომაული აბანოებით განთქმულ ქალაქ ბათის გუნდს 35:23 სძლია. ბექა გიგაშვილი ფრანგთა სასტარტოში იყო და 52-ე წუთამდეც ირაგბა.

„ბაიონმა“ იტალიურ „ბენეტონთან“ ტრევიზოშიც წააგო. ბასკთა სასტარტოში კოტე მიქაუტაძე იყო, რომელიც 57-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ნორჩი ბადრი ციხისთავი შეცვლაზე 64-ეზე შევიდა.

„ბრივი“ ირლანდიაში „კონახტმა“ 63:5 გაანადგურა. ვანო კარკაძე და ვასილ ლობჟანიძე სტუმართა სასტარტოში იყვნენ, პირველმა 1 საათი ითამაშა, მეორემ – 46 წუთი.

„პერპინიანმა“ შოტლანდიური „გლაზგო უორიორზისგან“ მარცხი კატალონიაშივე იწვნია – 26:40. მასპინძლეთა შორის 48-ე წუთიდან ორივე ბურჯი ქართველი იყო – გიორგი თეთრაშვილი და ტრავმამოშუშებული ვახტანგ ჯინჭარაძე.

პრო დ2

პრო დ2-ში კი თორნიკე ჯალაღონიამ ქართველთა რენომე დაიცვა. „კოლომიესთან“ მატჩის მე-18 წუთზე „ბიარიცის“ 8 ნომერმა ხელდახელ შეტევის დაგვირგვინება ხაზის სუფთად გაჭრითა და ბურთის დაუბრკოლებლად დამიწებით მოახერხა, თუმცა ბასკებმა საბოლოოდ მაინც წააგეს – 17:23. ეს იყო თორნიკეს მესამე ლელო მიმდინარე პრო დ2-ში გამართულ მე-15 მატჩში.

ისიც უნდა ითქვას, რომ მე-17 ტურში 17-მა ქართველმა ითამაშა, ხოლო მე-18, თედო აბჟანდაძე „მონტობანის“ მარქაფაში დაუსაქმებელი დარჩა.

 

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.