ფიფამ გამოძიება წამოიწყო. მიზეზი: სერბეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ბრაზილიასთან შეხვედრის დღეს თავიანთ გასახდელში კოსოვოს შეურაცხმყოფელი „დროშა” გამოფინეს. ფოტომ სოციალური ქსელები მოიარა. კერძოდ, სერბებმა ორ კარადაზე გადაჭიმეს ის რასაც უფრო პლაკატი შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მასზე გამოსახული იყო სერბეთის დროშის ფერებით შევსებული კოსოვოს დროშის კონტურები.
სერბეთსა და კოსოვოს შორის ბოლო დროს ხელახლა დაიძაბა ურთიერთობა. ასეთ ვითარებაში ყატარის გასახდელიდან გავრცელებულმა ფოტომ ცეცხლზე ნავთი დაასხა.
სერბებმა „დროშა” „ვერდერის” 27 წლის მცველის მილოშ ველიკოვიჩისა და პაოკის 26 წლის გარემარბის ანდრია ჟივკოვიჩის კარადებზე გადაჭიმეს. მის თავზე ეწერა სიტყვები: არ დავნებდებით!
ამდაგვარი დროშა სერბმა გულშემატკივრებმა ბრაზილიასთან შეხვედრის დროს ტრიბუნებზეც გამოფინეს.
კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ საპროტესტო წერილი გამოაქვეყნა.
მოკლედ შეგახსენებთ კონტექსტს: 2008 წელს კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სერბეთმა, კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა.
კოსოვოს მხარს უჭერს დასავლეთი და ნატო, სერბეთს — რუსეთი.
ბოლო პერიოდის გამწვავება საავტომობილო ნომრებთან იყო დაკავშირებული. კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობენ სერბები, რომლებიც სერბეთის მიერ გაცემული სარეგისტრაციო ნომრებით დადიან. კოსოვოს მთავრობამ მათ ნომრების გამოცვლა მოსთხოვა, რამაც ბელგრადი აღაშფოთა. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შემდეგ აშშ-ის ჩარევით კონფლიქტი თითქოს შენელდა, მაგრამ ეს აშკარად დროებითია.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ თუ მხარეები საერთო ენას ვერ გამონახავენ, შესაძლოა კვლავ ატყდეს ის სისხლისმღვრელი ომი, რომელიც 23 წლის წინ მძვინვარებდა.
სერბეთის ნაკრები მეორე ტურში კამერუნს ხვდება, თამაში ხვალ, საქართველოს დროით ხვალ, 14 საათზე გაიმართება.
სერბებს ბოლო თამაში შვეიცარიასთან 2 დეკემბერს, 23 საათზე უწევთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
