სამშაბათს, „ემპოლისთან” გამარჯვების (2:0) შემდეგ „ნაპოლის” მსოფლიოს უადგილო ჩემპიონატით განპირობებულ შესვენებამდე „უდინეზესთან” დარჩა სათამაშო. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობა გამორიცხული არ არის, მაგრამ როგორც იტალიური პრესა წერს, კლუბის ექიმები ქართველს ჯერ მაინც აკვირდებიან. შემდეგ კი დაიწყება 50 დღიანი წყვეტა, რომელიც საყოველთაო აზრით ისეთივე სეზონისწინა პერიოდია, ჩვეულებრივ ზაფხულში რომ არის ხოლმე. ასეთია უცნაური სეზონის თავისებურებანი.
დაგეგმილია, რომ „ნაპოლი” 28 ნოემბრიდან თურქეთში გაემგზავრება და ანთალიაში, „რეგნუმ ჩარია ოტელში” დაბინავდება. თურქეთის ეს ნაწილი ზომიერი კლიმატით არის ცნობილი. „კორიერე დელო სპორტი” გვატყობინებს, რომ ანთალიაში „პარტენოპეი” ორ კვირას გაატარებს, სადაც სამ სხვადასხვა გუნდთან სამ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
თურქულ შეკრებაზე „აძურის” არ ეყოლება ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებული ექვსი ფეხბურთელი. ესენი არიან: პორტუგალიელი მარიო რუი, კამერუნელი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, მექსიკელი ირვინგ ლოსანო, სამხრეთ კორეელი მინ-ჯაე კიმი და პოლონელი პიოტრ ჟელინსკი.
